საქმე ბს-423-416 (გ-15) 15 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ს. დ-ის სარჩელთან დაკავშირებული დავის, მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მესამე პირის - ი. მ-ის მიმართ, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს. დ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სიის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 29.08.2014წ. ბრძანების ქ. თბილისის №... საჯარო სკოლის დირექტორის სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენის ნაწილში ბათილად ცნობა, სსიპ ქ. თბილისის №... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ს. დ-თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 09.09.2014წ. №1/კ-736 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება სსიპ ქ. თბილისის №... საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს წინაშე ს. დ-ის წარდგენის თაობაზე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი 1985 წლიდან 2014 წლამდე აქტიურად არის ჩართული ზოგადი განათლების სისტემაში, ფლობს დირექტორის უფლების მოპოვების დამადასტურებელ სერტიფიკატს და მათემატიკის მასწავლებლის სერტიფიკატს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი წარმატებით ახორციელებდა ქ. თბილისის №... საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილის უფლება-მოვალეობებს. მოსარჩელე ასევე დანიშნული იყო ა. რ-ის სახელობის საავტორო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე. მოსარჩელის აქტიური მოღვაწეობა ზოგადი განათლების სფეროში წარმატებით გაგრძელდა ...-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ თანამდებობაზე მოღვაწეობისას მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხსენებული საჯარო სკოლების განვითარებაში. 2006-2012 წლებში მნიშვნელოვნად აიმაღლა კვალიფიკაცია ზოგადი განათლების სფეროში და დაეუფლა ზოგადი განათლების სფეროს თანამედროვე მიდგომებს, რის შედეგადაც იგი არაერთხელ იქნა მიწვეული წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ საერთაშორისო დონის ტრენინგებში ტრენერად და მომხსენებლად. 2007 წ. მოსარჩელე ს. დ-მა კარიერის გასაგრძელებლად საკუთარი ინციატივით აირჩია ქ. თბილისის №... საჯარო სკოლა, სადაც მისი ხელმძღვანელობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სკოლის რეპუტაცია, გადაიჭრა სკოლაში არსებული პრობლემები.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2014 წლის აგვისტოს თვეში გაიარა გასაუბრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სათანადო ბრძანების საფუძველზე შექმნილ კომისიაში. გასაუბრებისას, მან კომისიას წარუდგინა მისი სტრატეგიული ხედვა და გეგმა №... საჯარო სკოლასთან დაკავშირებით, კომისიამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარყო მისი კანდიდატურა, რის შედეგადაც მოსარჩელე არ იქნა წარდგენილი სსიპ ქ. თბილისის №... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წინაშე. გარდა ამისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 09.09.2014წ. №1/კ-736 სადავო ბრძანების საფუძველზე შეწყდა შრომითი ურთიერთობა და იგი განთავისუფლდა №... საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კომისიამ არ მოახდინა მის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტის ფაქტობრივი წერილობითი დასაბუთება, არ გამოიკვლია არსებული გარემოებები, სათანადოდ არ შეაფასა გასაუბრებისას მოსარჩელის მიერ წარდგენილი სტრატეგიული გეგმა და ხედვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.11.2014წ. საოქმო განჩინებით დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და თავდაპირველ მოთხოვნებთან ერთად მოსარჩელემ დამატებით მოითხოვა სსიპ ქ. თბილისის №... საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ი. მ-ის დანიშვნის თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 09.09.2014წ. №1/კ-698 ბრძანების ბათილად ცნობა. ამავე საოქმო განჩინებით საქმეში ასკ-ის მე-16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება სსიპ ქ. თბილისის №... საჯარო სკოლის დირექტორი ი. მ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 10.12.14წ. შუამდგომლობით მიმართა საქართველოს განათლების და მეცნიერების საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა ს.დ-ის მიერ აღძრული სარჩელის განსჯადობით საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის გადაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.12.2014წ. განჩინებით ს. დ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-111 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 29-ე - 32-ე მუხლების მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელიც ეწევა კულტურულ, საგანმანათლებლო ან რელიგიურ საქმიანობას, და ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის დანიშვნის წესისა. ამდენად, კოლეგიამ მიიჩნია, რომ დირექტორთა შესარჩევი კონკურსი არ ჩატარებულა ადმინისტრაციული კანონმდებლობის - „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად. კონკურსის ჩატარების სამართლებრივი საფუძველია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 24.02.2011წ. №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი“. მითითებული კანონის 42-ე მუხლის მე-21 პუნქტის თანახმად, დირექტორის კონკურსთან დაკავშირებული სადავო აქტები საჩივრდება სასამართლოში და გასაჩივრება არ იწვევს მათი მოქმდების შეჩერებას. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორსა და სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დირექტორებს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა ასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-2 და 26-ე მუხლებზე, სსკ-ის მე-11, 284-ე, 285-ე მუხლებზე და ს. დ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.06.2015წ. განჩინებით ს. დ-ის სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული დავა. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 12.3 მუხლის დანაწესი საჯარო სკოლის დირექტორსა და სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დირექტორებს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავების, როგორც სამოქალაქო დავების, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სასამართლოს მიერ განხილვის თაობაზე, შეიძლება გავრცელდეს უკვე დირექტორის სტატუსის მქონე სუბიექტსა და სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით ურთიერთობაზე. სამოქალაქო კოლეგია თვლის, რომ სადავო ურთიერთობა ეხება დირექტორის სტატუსის მოპოვებამდე არსებულ ეტაპს - შესარჩევ კონკურსს (რა დროსაც მოსარჩელე არის არა სკოლის დირექტორი, არამედ - დირექტორობის კანდიდატი), რომლის შედეგებსაც ადასტურებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამდენად, სამოქალაქო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ვინაიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, ვინაიდან გამოცემული არიან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის, კერძოდ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია ასკვნის, რომ მოცემული დავა სწორედ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა, რამდენადაც ერთ-ერთ განმსაზღვრელ ელემენტს დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობა წარმოადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მესამე ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ ს. დ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში დავა ეხება საგნობრივ განსჯადობას. შესაბამისად, შეფასებას საჭიროებს ს. დ-სა და სსიპ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათი.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა არის საჯარო ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს (დაწყებით, საბაზო და საშუალო) მაინც. მოცემულ შემთხვევაში სადავოა საკონკურსო პროცედურა არა კერძო სკოლის, არამედ საჯარო სკოლის ანუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სკოლის დირექტორის თანამდებობის დაკავება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო სკოლის დირექტორის შერჩევის პროცესი თავის თავში მოიცავს რთულ პროცედურულ მექანიზმს, რომელიც შედგება რამდენიმე სტადიისაგან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 24.02.11წ. =25/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის“ თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი მოიცავს რამოდენიმე ეტაპს: სერთიფიცირებასა და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენას, საბჭოს მიერ კონკურსგავლილი დირექტორობის კანდიდატთაგან დირექტორის არჩევა, დირექტორის რეგისტრაციაში გატარება სსიპ განათლების მართვის სანფორმაციო სისტემაში, სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეულ დირექტორთან ხელშეკრულების დადება. ხსენებული წესის მიხედვით, სერტიფიცირების ეტაპის დასრულების შემდეგ მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დირექტორობის უფლების მქონე პირთა სიას (მე-17 მუხ.), გასაუბრების შედეგების მიხედვით კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატების და შესაბამისი სკოლის სია მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და კანდიდატი ასარჩევად წარედგინება საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს (201, 21-ე მუხ.). წესის თანახმად, საგამოცდო კომისიის შექმნა ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (მე-6, მე-16, მე-20 მუხ.),ტესტირების ჩატარების თარიღს, ადგილს, ხანგრძლივობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს მინისტრი (მე-7 მუხ.), დირექტორობის მსურველის ტესტირებიდან მოხსნა, გაფრთხილების, სერტიფიკატის მიცემა ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის საფუძველზე (მე-13, მე-18, მე-20 მუხ.). ამდენად, საკონკურსო კომისიის წარდგინების საფუძველზე მინისტრის მიერ გამოცემული აქტი სრულად პასუხობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნიშნებს, სახეზეა ადმინისტრაციული აქტის დეფინიციის ნიშნების კუმულატიური ერთობლიობა. მოცემულ საქმეში მოსარჩელე ითხოვს ,,იმ კანდიდატთა და შესაბამისი სკოლების სიის დამტკიცების შესახებ, რომლებიც ასარჩევად წარედგინებიან ქალაქ თბილისის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 29.08.14წ. =977 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობას, კერძოდ სსიპ ქალაქ თბილისის =... საჯარო სკოლის დირექტორის სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენის ნაწილში. დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიის კუთვნილებას ადასტურებს აგრეთვე მოსარჩელის მოთხოვნები, რომლებიც ეხება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული დავა საგნობრივი (გვარეობითი) განსჯადობის მიხედვით სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია. კოლეგიის მოსაზრება ეფუძნება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 111.1 მუხლს და ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 12.3 მუხლს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთერთობის საჯარო-სამართლებრივი ხასიათი არ გამოირიცხება იმით, რომ სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი არ ჩატარებულა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-111.1, 29-32-ე მუხლების საფუძველზე. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 111 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 29-32-ე მუხლების მოქმედება (აღნიშნული მუხლები ეხება კონკურსის წესით დანიშვნის საკითხებს) ვრცელდება აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, რომელიც ეწევა კულტურულ, საგანმანათლებლო ან რელიგიურ საქმიანობას და ეროვნულ მარეგისტრირებელ ორგანოსთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის დანიშვნის წესისა. აღნიშნული ზოგადი დანაწესი არ გამორიცხავს მითითებული სფეროების სპეციალურ საჯარო-სამართლებრივ მოწესრიგებას, მათ შორის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 24.02.11წ. =25/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესით“. ხსენებული აქტები ადმინისტრაციული კანონმდებლობის სფეროთია მოცული, მათი რეგულიაციის სივრცეში წარმოშობილი სამართალურთიერთობა საჯარო-სამართლებრივია. გარდა ამისა, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 111 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლებისათვის კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც იქმნება ამ კანონის 362 და 363 მუხლებით გათვალისწინებული წესით. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლებისათის კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება ამ კანონის 29.2 მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით, კერძოდ კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 29.2 მუხლის საფუძველზე მიღებული საქართველოს მთავრობის 18.06.14წ. =412 დადგენილება ,, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი“ ვრცელდება დადგენილების ამოქმედების შემდეგ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცხადებულ საჯარო კონკურსზე. ის გარემოება, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 29-32-ე მუხლები, რომლებიც აწესრიგებენ კონკურსის ჩატარების წესებს, არ ვრცელდება ყველა საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, არ გამორიცხავს მოცემული სადავო სამართალურთიერთობას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სივრციდან, არ ცვლის დავის საგნობრივ განსჯადობას. არსანიშნავია, რომ ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 26.1 მუხლის შესაბამისად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე: ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს, საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ასარჩევად წარუდგენს საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატს/კანდიდატებს (,,ო“ ქვეპუნქტი); ადგენს საჯარო სკოლის დირექტორისა და მასწავლებლის შესარჩევი კონკურსების გამართვის წესს, უფლებამოსილია დაადგინოს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი (,,შ“ ქვეპუნქტი). ამავე კანონის 42.1 მუხლის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის კანდიდატურას შეარჩევს სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. ეს წესი დგინდება „საქართველოს განათლების შესახებ“ კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 24.02.11წ. №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესით“. ამდენად, სადავო ურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რაც სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით არის დავის ადმინისტრაციული საქმეების კატეგორიისადმი კუთვნილების ნიშანი. ამდენად, საგნობრივი განსჯადობა მოცემულ შემთხვევაში არ განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 29-31 მუხლებით.
სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოცემული დავის განხილვის აუცილებლობას არ ადასტურებს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 12.3 მუხლი, რომელიც საგამონაკლისო წესით განსაზღვრავს სასამართლოს საგნობრივად განსჯად სასამართლოს. ხსენებული ნორმის მიხედვით საჯარო სკოლის დირექტორსა და სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დირექტორს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო. ნორმის სუბიექტია საჯარო სკოლის დირექტორი. სადავო შემთხვევაში მოსარჩელეს არ გააჩნია დირექტორის სტატუსი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 24.02.2011წ. №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლით ერთმანეთისაგან გამიჯნულია: დირექტორობის უფლების მქონე პირი, დირექტორობის კანდიდატი, დირექტორობის მსურველი (მოცემულ შემთხვევაში საკონკურსო პროცედურის მიზანი სწორედ ისაა, რომ კანდიდატმა დაიკავოს საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობა), ამდენად, სახეზე არ არის 12.3 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითება ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 12.3 მუხლზე არ ადასტურებს დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას.
,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 42.5 მუხლის მიხედვით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ რეგისტრირებულ არჩეულ დირექტორთან სამეურვეო საბჭო დებს შრომით ხელშეკრულებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მართალია, საჯარო სკოლის დირექტორის შესაჩევი კონკურსი საბოლოოდ შრომითი ხელშეკრულების დადებით მთავრდება, მაგრამ თავად საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ხასიათი, კონკურსის ჩატარების მომწესრიგებელი კანონმდებლობა ადასტურებს, რომ საკონკურსო პროცედურა ადმინისტრაციული კანონმდებლობით არის მოწესრიგებული, შესაბამისად, სადავო ურთიერთობა საჯარო-სამართლებრივი კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. გარდა ამისა ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 42.6 მუხლის შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სადავო 09.09.14წ., =1/5-698 ბრძანებით სსიპ - ქალაქ თბილისის =150 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე 2014 წლის 09 სექტემბრიდან ექვსი წლის ვადით - 2020 წლის 09 სექტემბრის ჩათვლით დანიშნა ი.მ-ი. მინისტრის აღნიშნული სადავოდ გამხდარი ბრძანება ასევე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის მართლზომიერება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა დადგინდეს.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოცემულ საქმეში დავის საგანი ეხება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, კერძოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 25.08.14წ. =977 ბრძანების ქ.თბილისის =... საშუალო სკოლის დირექტორის სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენის ნაწილში ბათილად ცნობას, სსიპ ქ.თბილისის =... საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს წინაშე ს.დ-ის წარდგენის თაობაზე მინისტრისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალებას. დავის აღნიშნული ასპექტები ადასტურებს, რომ სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, სასარჩელო მოთხოვნა ეხება კერძო სამართლის სუბიექტსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის არსებულ დავას, რის გამოც მოცემული საქმე ადმინისტრაციულ საქმეთა რიგს განეკუთვნება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას გააჩნია საჯარო-სამართლებივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი - დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან (სასკ-ის მე-2 მუხ. მე-3 ნაწ.), სარჩელზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა, მოთხოვნა ეხება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას (სასკ-ის 22-ე მუხ.), მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის აქტის გამოცემის დავალებას (სასკ-ის 23-ე მუხ.), შესაბამისად, ს. დ-ის სარჩელი განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. დ-ის სარჩელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე