ბს-109-107 (2კ-15) 05 ნოემბერი, 2015 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და შპს „...“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2014წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც.ბ-მა, რ.ო-ემ, ი.მ-ემ და სხვებმა 28.11.13წ. სარჩელით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 25.04.2013წ. N90 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელეებმა 25.12.2013წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 25.04.2013წ. N90 ბრძანების, 09.12.2013წ. N234 და N235 ბრძანებების, ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიერ მიღებული N28 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით. მესამე პირად მიეთითა შპს „...“.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 06.03.2014წ. გადაწყვეტილებით ც.ბ-ის, რ.ო-ის, ი.მ-ის და სხვების სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეების მიერ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებმა იშუამდგომლეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამონაცვლედ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობის შესახებ, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.10.2014წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2014წ. გადაწყვეტილებით ც.ბ-ის, რ.ო-ის, ი.მ-ის და სხვების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 06.03.2014წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.ზესტაფონში, ... ქუჩაზე №...-ში შპს „...“ გაზით გასამართი სადგურის განთავსებისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 25.04.2013წ. №90 ბრძანება, შპს „...“ მიერ წარდგენილი ავტოგასამართი საკომპრესორო სადგურის და მისი მკვებავი საშუალო წნევის გაზსადენის პროექტის შეთანხმების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 09.12.2013წ. №234 ბრძანება, შპს „...“ ავტოგასამართი საკომპრესორო სადგურის და მისი მკვებავი საშუალო წნევის გაზსადენის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 09.12.2013წ. №235 ბრძანება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის 09.12.2013წ. გაცემული №28 მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობას დაევალათ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით გათვალისწინებულ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა შპს „...“ გაზით გასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიებთან დაკავშირებით, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილებისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...“ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და შპს „...“ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და შპს „...“ საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, ლ. დ-ს (პ.ნ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს შპს „...“ საკასაციო საჩივარზე 16.01.2015წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და შპს „...“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2014წ. გადაწყვეტილება.
3. ლ. დ-ს (პ.ნ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს შპს „...“ საკასაციო საჩივარზე 16.01.2015წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე