Facebook Twitter

ბს-173-170 (კ-15) 12 ნოემბერი, 2015 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.2015წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. კ-მა 16.06.2014წ. სარჩელით მიმართა გორის რაიონული სასამართლოს მოპასუხე მ. ხ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა N97835 ადმინისტრაციული გადაწყვეტილების, 09.07.2012 წ. რეგისტრაციის და 20.05.2013 წ. მ. ხ-სა და ჯ. ტ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ნ. კ-მა 17.07.2014 წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა გორის რაიონული სასამართლოს მოპასუხეების საჯარო რეესტრის გორის სარეგისტრაციო სამსახურის და მ. ხ-ის, მესამე პირის - ჯ.ტ-ის მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 09.07.2012 წ. N882012274012-05 გადაწყვეტილების, 11.03.2014 წ. N882014110832-03 გადაწყვეტილების, 06.06.2014 წ. N882014110832-06 გადაწყვეტილების, 07.07.2014 წ. N882014110832-07 გადაწყვეტილებისა და მ. ხ-სა და ჯ. ტ-ს შორის დადებული 09.07.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ნ.კ-მა 21.07.2014წ. განცხადებით გაიხმო სასარჩელო მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში.

გორის რაიონული სასამართლოს 30.09.2014 წ. საოქმო განჩინებით, საქმეში მოპასუხედ მითითებული მ. ხ-ი ჩართულ იქნა მესამე პირად ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე.

გორის რაიონული სასამართლოს 16.10.2014წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გორში, ... გზ. N 9ა-ში მდებარე 18 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მ. ხ-ის საკუთრებაში N ... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 09.07.2012 წ. N882012274012-05 გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 11.03.2014 წ. N882014110832-03 გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 06.06.2014 წ. N882014110832-06 გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 07.07.2014 წ. N882014110832-07 გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა მხარეთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების (საჩივრის) საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას შეისწავლოს მითითებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელესა და მესამე პირების (საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების არსებობა და ფარგლები, სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა, მიწის ნაკვეთის სხვა მახასიათებლები, უძრავი ქონების კონფიგურაცია, ნაკვეთის საზღვრების პარამეტრები, და ამ გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით იქნეს მიღებული გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციისა თუ მასზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.2015წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურ მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.04.2015წ. №10598 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.2015წ. განჩინება;

3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.04.2015წ. N10598 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე