Facebook Twitter

საქმე ბს-181-178(კ-15) 10 ნოემბერი , 2015 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება სარჩელის გამოხმობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2012 წლის 27 დეკემბერს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა ყადაღის დადება შპს „...“, ლ. კ-ის, ნ. ტ-ისა და შპს „ს...“ უძრავ-მოძრავ ქონებაზე და საბანკო ანგარიშებზე.

თბილისი საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა.

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2013 წლის 8 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - შპს „...“, ლ. კ-ის, ნ. ტ-ისა და შპს ,,ს...“ მიმართ და მოითხოვა შპს „...“, ლ. კ-ის, ნ. ტ-ისა და შპს ,,ს...“ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზუნველყოფის ღონისძიება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივ რა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

2015 წლის 29 სექტემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის გამოხმობის შესახებ იშუამდგომლა.

მოწინააღმდეგე მხარეების - შპს „...“, შპს „ს...“, ლ. კ-ისა და ნ. ტ-ის წარმომადგენლები დაეთანხმნენ კასატორის შუამდგომლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებთა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო ინსტანციაში სარჩელის გამოხმობისათვის აუცილებელია გარკვეული წინაპირობების არსებობა, კერძოდ, მოსარჩელის შუამდგომლობა და მოპასუხის თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია მოსარჩელის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებები და სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 დეკემბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება; სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მოპასუხეების - შპს „...“, შპს „ს...“, ლ. კ-ისა და ნ. ტ-ის მიმართ, მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე