ბს-185-182 (2კ-15) 19 ნოემბერი, 2015 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.12.2014წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.გ-მა 20.12.2012წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს №QN172903, №QN184543 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.08.2012წ. №882012383452-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მ.გ-მა 21.01.2013წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 23.08.2012წ. №QN172903 და 11.10.2012წ. №QN184543 გადაწყვეტილებების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.08.2012წ. №882012383452-03 და 11.03.2011წ. № 882011091536-03 გადაწყვეტილებების, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს №06-8/1888 მიმართვისა და თანდართული სიის, აგრეთვე საჯარო რეესტრის ამონაწერის (ს/კ ...) ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მ.გ-მა დავის თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვისას დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 04.03.2011წ. №06-8/1888 მიმართვის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 11.03.2011წ. № 882011091536-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.02.2013წ. საოქმო განჩინებით საქმეში ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაერთო ქ.თბილისის მერია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.04.2014წ. გადაწყვეტილებით მ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 04.03.2011წ. №06-8/1888 მიმართვა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 19.06.2012წ. № 882012271634-03 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეებს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, არსებითი მნიშვნელობის მქონე საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ.თბილისის მერიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.12.2014წ. განჩინებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ.თბილისის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.04.2015წ. №00841 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.12.2014წ. განჩინება;
3. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.04.2015წ. №00841 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე