ბს-270-266(კ-15) 19 ნოემბერი, 2015 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.10.2014წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ტ-ემ 29.04.2014 წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და მესამე პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 01.04.2013 წ. N21-01/21268 და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს 27.03.2014წ. N81400589268 წერილების ბათილად ცნობა. ასევე მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება წელთა ნამსახურობის გაანგარიშების შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.06.2014 წ. გადაწყვეტილებით გ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს გ. ტ-ისათვის წელთა ნამსახურების გაანგარიშება 1984 წლის 08 მაისიდან 2002 წლის 05 აგვისტომდე. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა გ. ტ-ისათვის წელთა ნამსახურების გაანგარიშება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.11.2014წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.06.2014 წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა წელთა ნამსახურების გაანგარიშება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა გ. ტ-ის სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის წელთა ნამსახურების გაანგარიშების დავალებას სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.06.2014 წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დაევალა გ. ტ-ისათვის წელთა ნამსახურების გაანგარიშება 08.05.1984 წლიდან 05.08.2002 წლამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. ტ-ის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რადგან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის 8.3. მუხლის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში (2009 წლის დეკემბრამდე) ნამსახურები წლები პირს ეთვლება სტაჟში იმ შემთხვევაში თუ ის მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. გ. ტ-ე მსახურობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში, მას არ უმსახურია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის 8.3. მუხლით გათვალისწინებული პირობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ტ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.10.2014 წ. გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე