Facebook Twitter

#ბს-345-341(კ-15) 05 ნოემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის გ.თ-ის განცხადება სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარჩელო განცხადების გამოხმობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

27.12.12წ. სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 192-ე, 198-ე მუხლების საფუძველზე ყადაღის დადება შპს ,,…“ კუთვნილ მოძრავ ქონებაზე (მათ შორის: 302 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე, საბანკო ანგარიშებზე და წილებზე საწარმოებში: შპს ,,ლ...“, შპს ,,გ…“, შპს ,,ნ…“), შპს ,,…“ კუთვნილ ქ.მცხეთაში, სოფ. … მდებარე უძრავ ქონებაზე, შპს ,,ლ…“ საკუთრებაში რიცხულ მოძრავ ქონებასა (საბანკო ანგარიშების გარდა) და უძრავ ქონებაზე: დაფარვის ზონა - …, ობიექტის ტიპი: მილსადენი, ობიექტის სიგრძე: 9210,01 მ..

თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.01.2013 წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო მოთხოვნილ ქონებას, რაც გასაჩივრდა შპს ,,…“ და შპს ,,ლ…“ მიერ.

14.01.13წ. სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: შპს ,,…“ და შპს ,,ლ…“-ის მიმართ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.02.2013წ. განჩინებით შპს ,,…“ და შპს ,,ლ…“ საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ზემდგომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2013წ. განჩინებით შპს ,,…“ და შპს ,,ლ…“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.01.2013წ. და 05.02.2013წ. განჩინებები.

04.02.2013წ. სსიპ შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა შპს ,,ლ…“ მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.04.2013წ. განჩნებით სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება არ დალმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.05.2013 წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.04.2013წ. განჩინება და მიღებულ იქნა ახალი განჩნება სსიპ შემოსავლების სამსახურის 04.02.2013წ. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.01.2013წ. განჩინების მე-3 პუნქტით შპს ,,ლ…“ მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა შპს ,,ლ…“ მოძრავ ქონებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.11.2013წ. განჩინებით ასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.02.2014წ. გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქმეზე 03.01.2013წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2015წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

15.10.2015წ. სსიპ შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე სარჩელის გამოხმობის მოთხოვნით. საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა აგრეთვე შპს ,,…“ წარმომადგენლის - თ.ს-ის 15.10.2015წ. განცხადება და შპს ,,ლ...“ წარმომადგენლების - ო. კ-ისა და დ.მ-ის 16.10.2015წ. განცხადება, რომლითაც მათ თანხმობა განაცხადეს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სარჩელის გახმობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადების განხილვის შედეგად თვლის, რომ განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე განუხილველად დარჩეს სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარჩელო განცხადება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 28.12.07წ. N5669 კანონით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რითაც დასაშვები გახდა სარჩელის გამოხმობა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მოსარჩელეს უფლება მიეცა სარჩელი გაიხმოს საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელის განცხადებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურმა წარმოდგენილი განცხადებით მოითხოვა სარჩელის გამოხმობა და აღნიშნულ მოთხოვნას მოპასუხეების: შპს ,,...“ და შპს ,,ლ...“ წარმომადგენლები, რომელთა უფლებამოსილება საქმეში დაცული სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობებით დასტურდება (ტ.1 ს.ფ.296; ტ.4, ს.ფ.16), წერილობით დაეთანხმნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სარჩელის გამოხმობის თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა აკმაყოფილებს სსკ-ის 831 მუხლის მოთხოვნებს. ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2015წ. განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.02.2014წ. გადაწყვეტილება;

3. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მოპასუხე შპს ,,...“ და შპს ,,ლ...“ მიმართ ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველი;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე : ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე