საქმე №ბს-430-423(კ-15) 24 ნოემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება სარჩელის გამოხმობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 26 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, შპს „ნ...“ და ნ. შ-ის უძრავ-მოძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო შპს „ნ... “ (ს/კ...) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. მცხეთა, სოფ. ... (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №... ფართობი 44 578 კვ.მ); შპს „ნ... “ წილებს შემდეგ საწარმოებში: შპს „ნი... “ (ს/კ...) – 50 %; შპს „ლ... “ (ს/კ...) – 100%; შპს „გ... “ (ს/ნ...) – 100 %; ასევე ყადაღა დაედო საბანკო დაწესებულებებში (სს „ბ... “, სს „ლ... “, სს „ბა... “, სს „პ... “, სს „კ... “, სს „თ... “, სს „ს...“) გახსნილ შპს „ნ...“ საბანკო ანგარიშებს; შპს „ნ... “ მოძრავ ქონებას; ასევე ყადაღა დაედო ნ. შ-ის მოძრავ ქონებას: (საბანკო ანგარიშების გარდა), მათ შორის წილებს შემდეგ საწარმოებში: შპს „ნ... “ (ს/კ...) – 30%; შპს „ბ... “ (ს/კ...) – 20%; შპს „ბ... “ (ს/კ...) -11.25%; შპს „ა... “ (ს/კ...) – 33%; შპს „ბა... “ (ს/კ...) – 51%; უძრავ ქონებას - მდებარე ქ. თბილისი, ... გამზირი №74ბ (ფართი 232.10 კვ.მ. და 18 კვ.მ.); (საკადასტრო კოდები ... და ...); ყადაღა დაედო ნ. შ-ის სახელზე რეგისტრირებულ გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღს „IZH 27-EM-M-1C“ (ნომერი...) და ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას.
2013 წლის 8 იანვარს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - შპს „ნ... “ და ნ. შ-ის მიმართ.
მოსარჩელემ შპს „ნ... “ და ნ. შ-ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მოპასუხეების - შპს „ნ... “ და ნ. შ-ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „ნ... “ და ნ. შ-ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
2015 წლის 15 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის გამოხმობის შესახებ იშუამდგომლა.
მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „ნ...“ და ნ. შ-ი დაეთანხმნენ კასატორის შუამდგომლობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებთა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო ინსტანციაში სარჩელის გამოხმობისათვის აუცილებელია გარკვეული წინაპირობების არსებობა, კერძოდ, მოსარჩელის შუამდგომლობა და მოპასუხის თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია მოსარჩელის - სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე, რომელსაც მოპასუხეების წარმომადგენლები წერილობით დაეთანხმნენ.
ამდენად, არ არსებობს შუამდგომლობის ავტორისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებები და სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებები;
3. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მოპასუხეების - შპს „ნ... “ და ნ. შ-ის მიმართ, მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე