Facebook Twitter

Nბს-495-488 (კ-15) 3 ნოემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „…“, შპს „ბ…“, ლ. კ-ე (მოპასუხეები)

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი -ცრუმაგიერ პირებად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ შემოსავლების სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ლ. კ-ის, შპს „...“ და შპს „ბ...“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი შპს ,,...“, ლ. კ-ისა და შპს ,,ბ...“ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურმა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

2015 წლის 15 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სარჩელის გამოხმობის თაობაზე შუამდგომლობით მომართა.

მოწინააღმდეგე მხარეები შუამდგომლობას დაეთანხმნენ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით.

განსახილველ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი სარჩელის გამოხმობის თაობაზე შუამდგომლობს.

შპს „...“, ლ. კ-ისა და შპს „ბ...“ წარმომადგენლები შუამდგომლობას ეთანხმებიან. საქმეში წარმოდგენილი მინდობილობებით დასტურდება, რომ შპს „...“ და ლ. კ-ის წარმომადგენლებს გადაცემული აქვთ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური უფლებამოსილებები, ხოლო შპს „ბ...“ სახელით თანხმობა მისმა დირექტორმა ა. ჭ-ამ განაცხადა, რომლის უფლებამოსილება დასტურდება სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით.

ყოველვე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე სსიპ შემოსავლების სამსახური სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლო ხარჯები არ გაუწევია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების/განაწილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი შპს „...“, ლ. კ-ისა და შპს „ბ...“ წინააღმდეგ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ დარჩეს განუხილველად; მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე