Nბს-530-523 (კ-15) 3 ნოემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ „…“ (მოსარჩელე)
მესამე პირები - მ. მ-ი, პ. კ-ე, მ. ა-ა, ო. ა-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 მაისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 23 აპრილის საოქმო განჩინებები
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - საჯარო ინფორმაციის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა(ა)იპ „...“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა.
სასარჩელო მოთხოვნა:
1. დაევალოს სსიპ ,,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს” გასცეს საჯარო ინფორმაცია, კერძოდ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის კონკურსანტის ანკეტა პერსონალური მონაცემების - მისამართის, ტელეფონის, ელ. ფოსტის გარდა; სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული ასოცირებული და ასისტენტ - პროფესორის კონკურსანტის სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, მეცნიერების შესაბამისი დარგის სწავლებისა და კვლევის ხედვა, ან სამოტივაციო წერილი, ასევე 2013 წლის იანვარში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული აკადემიური პერსონალის კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემთა შესაბამისობა შეფასების კრიტერიუმებთან დადგენილი საკონკურსო კომისიების მიერ, საკონკურსო კომისიების კენჭისყრის შედეგები, რომლის შესაბამისადაც განხორციელდა სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის თანამდებობებზე დანიშვნა.
2. დაეკისროს სსიპ ,,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს” მორალური ზიანის 3 333 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ; სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაევალა მოსარჩელე ა(ა)იპ „...“ მიაწოდოს შემდეგი საჯარო ინფორმაცია: სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტის ანკეტა, გარდა კონკურსანტის მამის სახელის, დაბადების თარიღის, მოქალაქეობისა და ბოლო სამსახურებრივი პოზიციის შესახებ ანკეტური მონაცემებისა; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული ასოცირებული და ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტის სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, მეცნიერების შესაბამისი დარგის
სწავლებისა და კვლევის ხედვა, ან სამოტივაციო წერილი; 2013 წლის იანვარში სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსის საკონკურსო კომისიების კენჭისყრის შედეგები, რომლის შესაბამისადაც უნივერსიტეტში განხორციელდა აკადემიური პერსონალის თანამდებობებზე დანიშვნა. ა(ა)იპ ,,...” სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 მაისის განჩინებით სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია. სასამართლომ ზედაპირულად შეისწავლა საქმის გარემოებები.
კასატორი ასევე ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის საოქმო განჩინებებს მტკიცებულებების დართვაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში კასატორს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი უნდა დაუბრუნდეს
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 მაისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 23 აპრილის საოქმო განჩინებები; კასატორს დაუბრუნდეს 15/07/2015 წლის N06552 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე