Nბს-547-540 (კ-15) 3 ნოემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ჯ. ლ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხეები)
მესამე პირები - მ. ა-ი, ა. ლ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ქმედებების უკანონოდ ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. ლ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა აღსრულების პროცესში გამოცემული აქტების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. უკანონოდ იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მ. ზ-ას მიმართვა ინდივიდუალურ აუდიტორ ბ. დ-ეს (... 06.11.2009წ); უკანონოდ იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მ. ზ-ას განკარგულება აუქციონის დანიშვნის შესახებ მოვალე ჯ. ლ-ის საკუთრებაში რიცხულ შპს ,,...” 7,5%-იან წილზე (...14.12.2009წ.); უკანონოდ იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მ. ზ-ას მიმართვა გაზეთ ,,ს...” (... 14.12.2009წ.); უკანონოდ იქნა ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ხ. გ-ის მიერ შედგენილი 2009 წლის 24 დეკემბრის ოქმი პირველი იძულებითი აუქციონის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ხ. გ-ის 2009 წლის 25 დეკემბრის განკარგულება №... შპს ,,...” ჯ. ლ-ის კუთვნილი 7,5%-იანი წილის ა. ლ-ის მიერ შეძენის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 11 აპრილის №326 ბრძანება. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა და მესამე პირებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
მოსარჩელე ჯ. ლ-ემ შეგებებული სააპელაციო საჩივარი აღძრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით მ. ა-ის, ა. ლ-ის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; ჯ. ლ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ჯ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია. სასამართლომ არასწორად შეაფასა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც „წინადადებაზე“ ხელმოწერის ჯ. ლ-ის მიერ შესრულებას ვერ ადასტურებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ჯ. ლ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ჯ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში კასატორს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება; ჯ. ლ-ეს დაუბრუნდეს 14/09/15 წლის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150 საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე