Nბს-560-553 (2კ-კს-15) 15 დეკემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - თ. ხ-ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ი. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა (მოპასუხე)
მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივლისის, 2015 წლის 4 ივნისის და 2015 წლის 16 ივლისის განჩინებები
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - იძულებით განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ხ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა.
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 ოქტომბრის №2/42 ბრძანება თ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში;
2. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას თ. ხ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობებზე აღდგენა განუსაზღვრელი ვადით;
3. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას თ. ხ-ისთვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა, მისი თანამდებობაზე არ ყოფნის მთელი პერიოდისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
4. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას თ. ხ-ისთვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით თ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 ოქტომბრის №2/42 ბრძანება თ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაევალა თ. ხ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაევალა თ. ხ-ისთვის არაუმეტეს 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაევალა თ. ხ-ისთვის მის მიერ გაწეული ხარჯების, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენისთვის 12 ლარის; ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 600 ლარის; მგზავრობის ხარჯის - 10 ლარის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით თ. ხ-ისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
· თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგებლის 2009 წლის 9 ნოემბრის №01-3/101 განკარგულებით თ. ხ-ი დაინიშნა ქალაქ თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის ქვედა ჩუღურეთის ... უბნის სამსახურის (განყოფილების) უფროსის მოადგილის თანამდებობაზე სამი თვის გამოსაცდელი ვადით;
· ,,ქ.თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ” ქ.თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1-4 გადაწყვეტილებით ქ. თბილისის ტერიტორია დაიყო 10 რაიონად (გლდანი, დიდუბე, ვაკე, ისანი, კრწანისი, მთაწმინდა, ნაძალადევი, საბურთალო, სამგორი, ჩუღურეთი) და შეიქმნა შესაბამისი ახალი 10 გამგეობა;
· ქალაქ თბილისის ძველი თბილისის გამგეობის ქვედა ჩუღურეთი, ... უბნის სამსახურის (განყოფილების) უფროსის მოადგილე თ. ხ-ი ქალაქ თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2013 წლის 1 მარტის №2/51 განკარგულებით, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის საფუძველზე, გადაყვანილ იქნა ქალაქ თბილისის ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიული ერთეულის - ქვემო ჩუღურეთის უბნის სამსახურის (განყოფილების) ... - გამგებლის ... თანამდებობაზე;
· ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის 2014 წლის 2 ოქტომბრის №10-6/14275265 წერილის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურს დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნის ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის მომზადება. დასკვნის თანახმად, დაფიქსირდა მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის დროს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ, ვინაიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურში მიიღება თანამდებობაზე დანიშვნით ან არჩევით, ხოლო 43-ე მუხლით დაცულია მოხელის უფლება, რომ მისი თანხმობის გარეშე დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის მიერ არ მოხდეს მისი გადაყვანა სხვა თანამდებობაზე და განსაზღვრულია დამსაქმებლის უფლება, გადაიყვანოს პირი ერთი პოზიციიდან მეორეზე მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში, შესაბამისად, აუცილებელია მოხელის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის აქტში მითითებული იყოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე, 24-ე და 30-ე მუხლებით განსაზღვრული სამსახურში მიღების ვადა, რადგანაც კანონის ამ მუხლებითაა განსაზღვრული მოხელისათვის თანამდებობაზე დანიშვნით შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭება. დასკვნის თანახმად, განსახილველ შემთხვევში ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მხოლოდ 43-ე მუხლით მოხდა მოხელისათვის ახალ თანამდებობზე განუსაზღვრელი ვადით შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭება, რითაც დაირღვა იმავე კანონის 21-ე და 29-ე მუხლების მოთხოვნები. 29-ე მუხლის თანახმად, 2012 წლის 13 აგვისტოდან პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 30-ე მუხლი კი ამ შემთხვევისთვის გამონაკლისს არ უშვებს;
· ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 ოქტომბრის №2/42 ბრძანებით თ. ხ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის, არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით დადგენილია, რომ თ. ხ-ი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2014 წლის 15 ოქტომბრის №2/42 ბრძანებით. გათავისუფლების ბრძანების საფუძვლად მითითებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 104-ე მუხლის პირველი პუნქტი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 7 ოქტომბრის დასკვნა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ,,ქალაქ თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ’’ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1-4 გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის ტერიტორია დაიყო 10 რაიონად (გლდანი, დიდუბე, ვაკე, ისანი, კრწანისი, მთაწმინდა, ნაძალადევი, საბურთალო, სამგორი, ჩუღურეთი) და შეიქმნა 10 რაიონის გამგეობა. ქალაქ თბილისის მერიას დაევალა გამგეობების რეორგანიზაცია და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება. რაიონის გამგეობების რეორგანიზაციის, ქალაქ თბილისის მერიის სისტემის გამართული და შეუფერხებელი საქმიანობის მიზნით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის, ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ქალაქ თბილისის რაიონების საღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1-4 გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის სისტემაში შემავალი რაიონის გამგეობების რეორგანიზაცია, შტატების შემცირების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც საბურთალოს რაიონის გამგეობაში რეორგანიზაცია განხორციელდა შტატების შემცირების გარეშე, საბურთალოს რაიონის გამგებლის დროებითი მოვალეობის შემსრულებელს ჰქონდა უფლება, ძველი თბილისის რაიონის გამგეობიდან მოხელე გადაეყვანა ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში. ამასთან, რეორგანიზაციის შემდეგ, მოსარჩელე ადრე დაკავებული თანამდებობის ანალოგიურ თანამდებობებზე გადაიყვანეს. მოსარჩელე ეორგანიზაციამდე ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობაში განუსაზღვრელი ვადით დანიშნული მოხელე იყო. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლედეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან ძველი თბილისის რაიონის გამგეობის რეორგანიზაციას შტატების შემცირება არ მოჰყოლია, რეორგანიზაცია მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდებოდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის ანალიზით ირკვევა, რომ კონკურსი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ცხადდება და თანამდებობაზე, რომელსაც განუსაზღვრელი ვადით დანიშნული მოხელე იკავებს, კონკურსის გამოცხადება დაუშვებელია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობები არ შეიძლება გამხდარიყო ვაკანტური, შესაბამისად კონკურსი უნდა გამოცხადებულიყო უკვე შევსებულ თანამდებობებზე და მასში მონაწილეობა მიეღოთ განუსაზღვრელი ვადით ამავე თანამდებობებზე დანიშნულ მოხელეებს, რაც აშკარად უკანონო იქნებოდა; ამდენად, გაურკვეველია, კანონის რომელი მოთხოვნები დაირღვა რეორგანიზაციის შემდეგ მოსარჩელეების ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში გადაყვანით, ან როგორ უნდა ემოქმედა ასეთ ვითარებაში გამგებელს.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ 2012 წლის 29 ივნისის №6611-რს კანონს, რომლითაც განისაზღვრა თანამდებობაზე დანიშვნისას კონკურსის ჩატარების სავალდებულობა, დადგენილი არ არის, უკუძალა არ მიენიჭებია, შესაბამისად, განუსაზღვრელი ვადით დანიშნულ მოხელეს აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვერ შეეხებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამოდის, რომ იმ სამსახურებში, სადაც რეორგანიზაცია არ ჩატარდა, ყველა განუსაზღვრელი ვადით დანიშნული მოხელე ჩვეულებრივ განაგრძობს მუშაობას, ხოლო იმ სამსახურებში, სადაც, გარკვეული გარემოებების გამო, საჭირო გახდა რეორგანიზაციის ჩატარება (შტატების შემცირების გარეშე), თანამდებობები უნდა გამოცხადებულიყო ვაკანტურად და მათ შესავსებად გამოცხადებულიყო კონკურსი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონის ამგვარი განმარტება მიუღებელია, ვინაიდან აშკარად უსამართლო და დისკრიმინაციულია.
რაც შეეხება თ. ხ-ის მოთხოვნას განაცდურის სრულად ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არაუმეტეს 3 თვის
თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაევალოს თ. ხ-ისთვის 3 თვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტ თ. ხ-ის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მას უარი ეთქვა ადვოკატის მომსახურების ხარჯის სრულად ანაზღაურებაზე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა და დადგენილად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და საპროცესო ხარჯების ანაზღაურება, ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სახეზე იყო არაქონებრივი დავიდან წარმოშობილი ქონებრივი დავა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების საკითხზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების მოთხოვნაც.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია. განსახილველ შემთხვევაში, საქმის სირთულისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მოპასუხეს სწორად დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 600 ლარის ოდენობით.
განჩინება საკასაციო საჩივრით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
თ. ხ-ი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით იძულებით განაცდურის ანაზღაურების გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრებას. კასატორი თ. ხ-ი ასევე ასაჩივრებს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების განჩინებას (რომლითაც არ დადგინდა საქმის განხილვა დაჩქარებული წესით) და სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადების შესახებ განჩინებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაბუთებულია კასატორის მოთხოვნა იძულებით განაცდურის სრულად ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება, რომელიც ადგენდა, რომ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს უნდა მიეცეს არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოხელე თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, საჯარო მოხელის გათავისუფლების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, როდესაც არსებობს გათავისუფლების აქტის ბათილობის საფუძველი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები“. კოდექსი განმარტავს იმ პროცედურულ დარღვევებსაც, რომლებიც შეიძლება აქტის ბათილად ცნობას დაედოს საფუძვლად; ამდენად, კანონმდებლობა პირის თანამდებობიდან გათავისუფლების აქტის ბათილობის ორი სახის საფუძველს გამოყოფს: 1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის მატერიალური საფუძვლები - აქტი არ ემყარება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლებს; 2. ფორმალური საფუძვლები - აქტი გამოცემულია კანონით დადგენილი პროცედურული ნორმების არსებითი დარღვევით. საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში ჩამოთვლილ სუბიექტთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შედეგს. შესაბამისად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრება პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოხელე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას.
ზემოაღნიშნული განმარტების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ადმინისტრაციული აქტი თ. ხ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბათილადაა ცნობილი და ეს უკანასკნელი სასამართლომ დაკავებულ თანამდებობაზე აღადგინა. სასამართლო გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისად, დადასტურებულია თ. ხ-ის გათავისუფლების უკანონობა და ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის საფუძველი, რაც მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოშობს.
საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლება, მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, გათვალისწინებულია რიგი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც. მათ შორის - სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის C 158 კონვენციის (Termination of Employment Convention) მე-10 მუხლი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ანიჭებს უფლებას სასამართლოს მიერ მისთვის სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე, ხოლო 1963 წლის რეკომენდაციის R 118 (Termination Of Employment Recommendation) მე-6 პარაგრაფი ითვალისწინებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებას მიუღებელ ხელფასზე.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
მოცემულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ საჭიროებს მტკიცებულებათა დამატებით შეფასებას ან ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, ამდენად, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საჭიროება არ არსებობს და საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ხ-ს სრულად უნდა აუნაზღაურდეს იძულებით განაცდური თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
კასატორი ასევე ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს წინმსწრებ განჩინებებს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებას, რომელითაც საქმის დაჩქარებული წესით განხილვა არ დადგინდა და სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადების თაობაზე ამავე სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის განჩინებას.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს (მოსამართლეს) შეუძლია მხარის მოთხოვნით მიიღოს გადაწყვეტილება საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რა საპროცესო ვადების შემცირების ხარჯზე შეიძლება მოხდეს საქმის დაჩქარებულად განხილვა.
აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის დაჩქარებული წესით განხილვა დასაშვებია მხოლოდ მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ამასთან, საბოლოო გადაწყვეტილებას ამ წესით საქმის განხილვის თაობაზე იღებს სასამართლო. სასამართლოს შესაფასებელია, მხარის ინტერესების გათვალისწინებით, რამდენად არსებობს დაჩქარებული სამართალწარმოების განხორციელების საფუძველი. უარი ამ წესით საქმის განხილვაზე უნდა იყოს დასაბუთებული. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია აპელანტის შუამდგომლობაზე და არ შეუფასებია ამ ნორმის გამოყენების საჭიროება, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვა დასრულებულია, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების განჩინების გაუქმების ინტერესი არ არსებობს.
რაც შეეხება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვის შემდეგ ცხადდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მოსამართლე უფლებამოსილია, სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოაცხადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. თუ საქმე არსებითად რთული გადასაწყვეტია, გამონაკლის შემთხვევაში, მოსამართლე უფლებამოსილია, გადადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა.
ამ ნორმის საფუძველზე, კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ გამოაცხადოს საქმის ზეპირი მოსმენის დასრულებისთანავე, არამედ გადადოს გონივრული ვადით, თუ საქმე რთული გადასაწყვეტია. ამ გარემოების შეფასება მინდობილია საქმის განმხილველ მოსამართლეზე/კოლეგიურ შემადგენლობაზე. სწორედ მათ უნდა შეაფასონ, რამდენად რთულ ფაქტობრივ ან სამართლებრივ პრობლემასთანაა დაკავშირებული კონკრეტული საქმე და რა დრო შეიძლება დასჭირდეს სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ამ ნორმით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედა და საპროცესო კანონმდებლობა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადებით არ დაურღვევია, შესაბამისად, ამ ნაწილში კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.
კასატორი შუამდგომლობს პროცესოს ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის საფუძველზე, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი, სათაურის მიუხედავად, ითვალისწინებს პროცესის ხარჯების განაწილების წესს, რადგანაც ადვოკატის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების პრინციპი ამავე მუხლის პირველი ნაწილითაა განსაზღვრული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლო გადაწყვეტილებით, რომლითაც საქმე წყდება არსებითად. ეს დასკვნა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის შინაარსიდან, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი შეიძლება დადგეს ასევე იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქმის წარმოება მთავრდება გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). ასეთ დროს სასამართლო შესაბამისი განჩინებით გადაწყვეტს პროცესის ხარჯების განაწილების საკითხს.
მოცემულ შემთხვევაში, თ. ხ-ი ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს საკასაციო ინსტანციაში გაწეული იურიდიული მომსახურების საფასურის - 2400 ლარის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ საკასაციო საჩივარს არ ერთვის ადვოკატის დახმარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ამ ხარჯის გაწევა არ დასტურდება და მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
კასატორი ასევე ითხოვს სასამართლოს გარეშე სხვა ხარჯების - საკასაციო საჩივრის და სხვა წერილობით მოთხოვნების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლების საფასურის, საკასაციო საჩივრის, თანდართული დოკუმენტების ასლების გადაღების ღირებულების და ა.შ მოპასუხისათვის დაკისრებას, მაგრამ საკასაციო საჩივარს ამგვარი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება არ ერთვის, შესაბამისად, კასატორის შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივლისის განჩინება მოპასუხისათვის თ. ხ-ის სასარგებლოდ არაუმეტეს 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:
3. თ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას თ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებით განაცდურის - თანამდებობიდან გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის კუთვნილი შრომის ანაზღაურების გადახდა;
5. დანარჩენ ნაწილში თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე