#ბს-292-288(კს-15) 12 ნოემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ მ. ქ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია; ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 8 ივლისს მ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქ. ბათუმის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სამართალდარღვევის ჩადენის გამო მ. ქ-ის დაჯარიმებისა და უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 10 მარტის №114 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 23 ივნისის №316 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, აპელანტმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 თებერვლის განჩინებით მ. ქ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა გადახდისუუნარობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო, სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და მ. ქ-ეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან ხუთი დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინებით მ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ქ-ემ, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განჩინებით, რის შემდეგაც მან სასამართლოს მიმართა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე, მაგრამ შუამდგომლობა სასამართლოს წარუდგინა ვადის დარღვევით, რაც კანონმდებლობის არცოდნით იყო განპირობებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით მ. ქ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ქ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ-ემ, რომელმაც წარდგენილი სააპელაციო საჩივრით იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 თებერვლის განჩინებით მ. ქ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟისაგან განთავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ აპელანტმა ვერ დაასაბუთა სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობა და სასამართლოსათვის არ წარუდგენია გადახდისუუნარობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. შესაბამისად, აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და მ. ქ-ეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან ხუთი დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა მ. ქ-ეს, რომელიც ჩაბარდა მ. ქ-ის შვილიშვილს მ. კ-ეს (პ/ნ. ...) 2015 წლის 26 თებერვალს, რაც დადასტურებულია ამ უკანასკნელის ხელმოწერით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია.
კერძო საჩივრის ავტორმა სახელმწიფო ბაჟის გადავადებასთან დაკავშირებით შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოსათვის მიმართვის ვადის გაშვების საფუძვლად მიუთითა კანონმდებლობის არ ცოდნაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო აქტების ჩაბარების წესის მარეგულირებელი ნორმები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავში, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ასევე გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი (განცხადება) რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. კერძო საჩივრის ავტორმა ვერ მიუთითა ისეთ ობიექტურ გარემოებაზე, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა ხარვეზის შევსებას ან სახელმწიფო ბაჟის გადავადების შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვას, კანონმდებლობით მისთვის დადგენილ ვადაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, შესაბამისად, მ. ქ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე