#ბს-434-427(კს-15) 12 ნოემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ თ. ნ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 18 ივნისს თ. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 24 მარტის №000457 დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 8 მაისის №1022 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ნ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 მარტის განჩინებით, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა დაევალა. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 მაისის განჩინებით, თ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე და 63-ე მუხლებით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს - თ. ნ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 მარტის განჩინება პირადად ჩაბარდა 2015 წლის 6 აპრილს. შესაბამისად, ხარვეზის შევსების 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 7 აპრილს და დასრულდა 2015 წლის 13 აპრილის. აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტს სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შევსების მიზნით არ მიუმართავს საქმის განმხილველი სასამართლოსათვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ნ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ვინაიდან აღნიშნული დავა ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას განეკუთვნებოდა, კანონმდებლობა იძლეოდა სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდის გარეშე საქმის განხილვის შესაძლებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით თ. ნ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ნ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 მარტის განჩინებით, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი, მის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად განესაზღვრა 7-დღიანი საპროცესო ვადა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო აქტების ჩაბარების წესის მარეგულირებელი ნორმები მოცემულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავში, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ასევე გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი (განცხადება) რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 მარტის განჩინება 2015 წლის 6 აპრილს პირადად ჩაბარდა აპელანტს - თ. ნ-ეს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილზე მისი ხელმოწერით. ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადა 2015 წლის 14 აპრილს 24 საათზე (13 აპრილი იყო უქმე, აღდგომის მეორე დღე) იწურებოდა. აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, რის გამოც, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 მაისის განჩინებით თ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია.
ხარვეზის შეუვსებლობის მიზეზად კერძო საჩივრის ავტორი უთითებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული დავა მიეკუთვნება ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას, შესაბამისად კანონმდებლობა უშვებდა სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდის გარეშეც მისი განხილვის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ 2007 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ფიზიკური პირი იყო ინდივიდუალური მეწარმე, არ აბრკოლებდა საქმის განხილვასა და გადაწყვეტას. „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის №5670 კანონით მითითებული ნორმა ამოღებულ იქნა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 435-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს.
ამდენად, სამართალწარმოება ხორციელდება იმ საპროცესო ნორმების საფუძველზე, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების დროს სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც არ ითვალისწინებს შეღავათს ფიზიკური პირების მიერ სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადაუხდელობის გამო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდის გარეშე თ. ნ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვის პროცესუალური წინაპირობა. ამასთან, თ. ნ-ეს ხარვეზის შევსების ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების (სსსკ-ის 48-ე მუხლი) ან გათავისუფლების (სსსკ-ის 47-ე მუხლი) შესახებ შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს და ამგვარი საფუძვლის არსებობაზე არც კერძო საჩივარში მიუთითებია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ისეთ ობიექტურ გარემოებაზე, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა ხარვეზის შევსებას ან შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვას.
შესაბამისად, თ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 მაისის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე