Facebook Twitter

Nბს-516-509 (კს-15) 3 ნოემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სს „…“

მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

06.08.03 წელს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტმა სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სს ,,ს…“, მესამე პირების - საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ მოპასუხის მიერ სახელმწიფო ქონების პრივატიზების ნაწილობრივ, - მოსარჩელის 800 კვ.მ. ფართის პრივატიზების ნაწილში, ბათილ (არარა) გარიგებად გამოცხადების მოთხოვნით.

28.01.04წ. განცხადებით სახელმწიფო ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნა, რომ ითხოვს ,,მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის“ (დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. #327 ბრძანებულებით) ნაწილობრივ ბათილ (არარა) გარიგებად ცნობას, სახელმწიფო დეპარტამენტის საოფისე - 800 კვ.მ. ფართის პრივატიზების ნაწილში.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 11.06.04წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 11.06.04წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტმა. მისი სააპელაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 08.11.04წ. განჩინებით დატოვებულ იქნა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 11.06.2004წ. გადაწყვეტილება განსახილველი დავის მხარეებს გაეგზავნათ 2011 წელს, რის შემდგომაც მესამე პირმა საქართველოს ფინანსთა სამინსიტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სს ,,ს…“ უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა სს ,,…“, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაერთო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.12წ. განჩნებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 11.06.04წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.12წ. განჩნება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს ,,…“ მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით სს ,,…“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.2012წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და მითითებულ სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ისეთ მესამე პირს, რომელიც წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სს „…“ პოზიცია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უფლებამოსილი პირი, რადგან არ იკვეთება დავაში მისი დამოუკიდებელი ინტერესი, რის გამოც იგი ვერ იქნება მიჩნეული სავალდებულო მოწვევის მესამე პირად.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ფინანსთა სამინისტროს განსახილველ დავაში არ გააჩნია დამოუკიდებელი, არსებითი სამართლებრივი ინტერესი, რაც შესაძლოა გამხადარიყო დავაში მისი სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმის საფუძველი. ფინანსთა სამინისტრომ ასეთი ინტერესის არსებობა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა. დავის საგანი ეხება სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას, სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია კომპლექსური პროცესია და შედგება სახელმწიფო ორგანოს საჯარო მოქმედებებისაგან, გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისაგან, დადებული ხელშეკრულებისაგან. სააპელაციო პალატამ გამოითხოვა და საქმეში დაცულია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ამსახველი დოკუმენტაცია, აღნიშნულის მიუხედავად, ფინანსთა სამინისტრო ვერ ასახელებს პრივატიზაციის დოკუმენტს, რომელიც მას ზიანს აყენებს. აპელანტი ვერ უთითებს სახელმწიფოს მიერ ჩატარებული პრივატიზაციის, პრივატიზაციის ჩამტარებელი სახელმწიფო ორგანოს - იმჟამად სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად ფინანსთა სამინისტროს კონკრეტული ინტერესის შელახვაზე. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი სამინისტროს ფინანსურ ინტერესზე მიუთითებს (ტ 3, ს.ფ. 23) და აღნიშნავს, რომ სამინისტროს მოუწია დამატებითი ხარჯების გაწევა ტურიზმის დეპარტამენტის სხვა ფართში განსათავსებლად, თუმცა დეპარტამენტის სხვა ფართში განსათავსებლად პირდაპირი დამატებითი ხარჯების გაწევა საქმის მასალებით არ დასტურდება; ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ასეთი ხარჯების გაწევა თავისთავად არ ადასტურებს სადავო სამართალურთიერთობაში ფინანსთა სამინისტროს უშუალო მონაწილეობას.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ აპელანტმა გაუშვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს ჩაბარდა 2011 წლის 27 ივლისს (ტ.1, ს.ფ. 193). ფინანსთა სამინისტროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა ეწურებოდა 2011 წლის 10 აგვისტოს. სააპელაციო საჩივარზე დასმულ სასამართლო შტამპზე მითითებულია სასამართლოში სააპელაციო საჩივრის ჩაბარების თარიღი: 12.08.11წ. (ტ.1, ს.ფ. 209). ამასთან, კონვერტზე დასმულ საფოსტო სამსახურის შტამპზე, რომლითაც სასამართლოში მოხდა სააპელაციო საჩივრის შეტანა, მითითებულია 2011 წლის 11 აგვისტო. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, სააპელაციო საჩივარი მან ფოსტას ჩააბარა ვადაში - 10.08.2011წ., რაც თითქოს დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი წერილობითი კორესპონდენციების შესახებ 10.08.2011წ. რეესტრით (ტ.2, ს.ფ. 3). საქმეში დაცული №358 გზავნილების რეესტრი 10.08.11წ. არის დათარიღებული, თუმცა მის ბოლო გვერდზე (ტ.2, ს.ფ.4) დასმულია მრგვალი საკურიერო სამსახურის ბეჭედი, სადაც ჩაბარების თარიღად 11.08.2011 წ. არის მითითებული. აქედან გამომდინარე, საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ ფინანსთა სამინისტრომ საფოსტო განყოფილებას სააპელაციო საჩივარი ჩააბარა 2011 წლის 11 აგვისტოს, რითაც მან დაარღვია სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს ფინანასთა სამინისტრომ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ჯეროვნად არ იმსჯელა და სათანადოდ არ გამოიკვლია ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა ფინანსთა სამინისტროს პროცესუალურ სტატუსს.

კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 27 ივლისს ჩაბარდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 2011 წლის 10 აგვისტოს იწურებოდა. საჩივარი ფოსტას 10 აგვისტოს გადაეცა, რაც დასტურდება წერილობითი კორესპონდენციების შესახებ რეესტრით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა.

საქმის მასალებით არ დგინდება ფინანსთა სამინისტროს ზუსტი საპროცესო სტატუსი, იგი დავაში მონაწილეობს მესამე პირად, თუმცა არ არის განსაზღვრული სამინისტრო სავალდებულო თუ ჩვეულებრივი მოწვევის მესამე პირად არის ჩაბმული საქმეში, თუმცა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია, გააჩნია, თუ არა ფინანსთა სამინისტროს დამოუკიდებელი იურიდიული ინტერესი და ახდენს თუ არა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებზე პირდაპირ, უშუალო გავლენას.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა სავალდებულო ჩაბმის ფორმა სახეზეა, თუ მესამე პირი იმ სამართალურთიერთობის მონაწილეა, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესები, ხოლო რაც შეეხება აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობებიც შეიძლება განისაზღვროს.

სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩაბმული მესამე პირი არ არის უფლებამოსილი გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ სახის მესამე პირის იურიდიულ ინტერესებს სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს პოტენციურად, სავარაუდოდ. ამდენად, კანონმდებელი პროცესის ამ მონაწილეს, განსხვავებით მე-16 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირისა, არ აღჭურავს უფლებამოსილებით სადავო გახადოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მესამე პირთა ასეთ დიფერენციაციას განაპირობებს ის გარემოება, რომ სავალდებულო მოწვევის მესამე პირის (16.2 მუხლი) საქმეში ჩაბმა იმპერატიულად არის რეგლამენტირებული, ანუ პირი იმ სამართალურთიერთობის სუბიექტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანის არეალში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ფინანსთა სამინისტროს მოცემული დავის მიმართ დამოუკიდებელი იურიდიული ინტერესი არ გააჩნია. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ადგენს უშუალოდ მის უფლებას ან ვალდებულებას. სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ფინანსთა სამინისტრო ვერ უთითებს სახელმწიფოს მიერ ჩატარებული პრივატიზაციის, პრივატიზაციის ჩამტარებელი სახელმწიფო ორგანოს - იმჟამად სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად ფინანსთა სამინისტროს კონკრეტული ინტერესის შელახვაზე. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი სამინისტროს ფინანსურ ინტერესზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ სამინისტროს მოუწია დამატებითი ხარჯების გაწევა ტურიზმის დეპარტამენტის სხვა ფართში განსათავსებლად, თუმცა დეპარტამენტის სხვა ფართში განსათავსებლად პირდაპირი დამატებითი ხარჯების გაწევა საქმის მასალებით არ დასტურდება, ამასთან, ასეთი ხარჯების გაწევა თავისთავად არ ადასტურებს სადავო სამართალურთიერთობაში ფინანსთა სამინისტროს უშუალო მონაწილეობას, მისი მონაწილეობის გარეშე დავის გადაწყვეტის შეუძლებლობას.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაუშვა სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ვადა, რაც სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის დამატებითი საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 11.06.2004 წლის გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს ჩაბარდა 27.07.2011წელს; ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექისს მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, საპროცესო ვადის ათვლა იმავე წლის 28 ივლისიდან დაიწყო და 10.08.2011 წელს ამოიწურა. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას 10.08.11 წელს გადაეცა, რაც დასტურდება წერილობითი კორესპონდენციების შესახებ რეესტრით. საქმეში დაცული №358 გზავნილების რეესტრი 10.08.11წ. არის დათარიღებული, თუმცა მის ბოლო გვერდზე (ტ.2, ს.ფ.4) დასმულია მრგვალი საკურიერო სამსახურის ბეჭედი, სადაც ჩაბარების თარიღად 11.08.2011 წელი არის მითითებული, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის ფოსტისათვის გადაცემის თარიღია 11.08.2011 წელი, ამდენად, სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევითაა შეტანილი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყვიტა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. იმავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები კანონმდებლობით ამომწურავადაა განსაზღვრული. მოცემულ საქმეზე დადგინდა, რომ სააპელაციო საჩივარი არაუფლებამოსილმა პირმა შეიტანა, ამასთან დარღვეულია სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა. აღნიშნული გარემოებები საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს არ ქმნის, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოება კი არ უნდა შეეწყვიტა, არამედ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დაეტოვებინა, თუმცა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე იმგვარი საპროცესო დარღვევითაა განხილული, რასაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა საქმის განხილვის შედეგზე. იმის გათვალისწინებით, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს განსხვავება უფრო ფორმალურია და მხარეების უფლებებსა და ინტერესებზე არავითარ გავლენას არ ახდენს, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მხოლოდ ამ საფუძვლით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე