Nბს-560-553 (2კ-კს-15) 10 ნოემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - თ. ხ-ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ი. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა (მოპასუხე)
მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ხ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა.
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 ოქტომბრის №2/42 ბრძანება თ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში;
2. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას თ. ხ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობებზე აღდგენა განუსაზღვრელი ვადით;
3. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას თ. ხ-ისთვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა, მისი თანამდებობაზე არ ყოფნის მთელი პერიოდისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
4. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას თ. ხ-ისთვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით თ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 ოქტომბრის №2/42 ბრძანება თ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში; დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას თ. ხ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაევალა თ. ხ-ისთვის არაუმეტეს 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაევალა თ. ხ-ისთვის მის მიერ გაწეული ხარჯების, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენისთვის 12 ლარის; ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 600 ლარის; მგზავრობის ხარჯის - 10 ლარის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით თ. ხ-ისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.
2015 წლის 29 ივლისს აპელანტ თ. ხ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა შუამდგომლობით მომართა სააპელაციო სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცავს უსწორობებს, კერძოდ, არასწორად არის განმარტებული სააპელაციო პალატის 23.07.2015 წლის განჩინების გასაჩივრების წესი და მოითხოვა დაშვებული უსწორობის გასწორება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ივლისის განჩინებით თ. ხ-ის წარმომადგენელ ი. პ-ის განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თ. ხ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მტკიცებით, სააპელაციო საჩივრით დავის საგნად იყო ქცეული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 მარტის შემაჯამებელი გადაწყვეტილება და ასევე ამ გადაწყვეტილების მიღებამდე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული სხვა წინმსწრები საპროცესო აქტები - დასაბუთებული და სხვა საოქმო განჩინებები. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო პრეტენზიის გარდა, სააპელაციო საჩივრის დანარჩენი სხვა მოთხოვნები გამომდინარეობდა პირველი ინსტანციის სასამართლოში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე მიღებული ნაწილი დასაბუთებული და ნაწილი - საოქმო განჩინებების კანონიერების შემოწმების მოთხოვნებიდან, რომლებიც ცალკე, დამოუკიდებლად, მისი მიღების პერიოდში კერძო საჩივრით არ საჩივრდებოდა, მათზე არ დაიშვებოდა მიღებისთანავე კერძო საჩივარი და მათი მიღების დროს კანონიერების შემოწმება ვერ მოხდებოდა ზემდგომ სასამართლოში. ამასთან, ისინი არ წარმოადგენდნენ სასარჩელო მოთხოვნებს. დასახელებული დასაბუთებული და სხვა საოქმო განჩინებებზე პრეტენზიების წარმოდგენა სააპელაციო საჩივართან ერთად, სააპელაციო საჩივრის ფორმატში, განპირობებული იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის ძალით მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების წინმსწრები იმ სასამართლო აქტების - დასაბუთებული და სხვა საოქმო განჩინებების გასაჩივრება სააპელაციო პრეტენზიასთან ერთად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის სამართლებრივი საფუძვლით, მოაზრებული უნდა იქნეს, როგორც კერძო საჩივართან დაკავშირებული წარმოება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს მკაცრად უნდა გაიმიჯნოს პრეტენზიები არსებით მოთხოვნებზე - შემაჯამებელი, საბოლოო გადაწყვეტილებაზე და პრეტენზიები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის სამართლებრივი საფუძვლით წარდგენილ შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდე წინმსწრებ სასამართლო აქტებზე, პროცედურულ საკითხებზე. რადიკალურად განსხვავდება სააპელაციო განხილვა სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული წარმოებისას და სააპელაციო საქმის წარმოება კერძო საჩივართან დაკავშირებით, რაც გამომდინარეობს ამ ნორმების დასაბუთებული შედარებიდან.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საკითხის იმგვარად დაყვანა, რომ წინმსწრებ განჩინებებზე პრეტენზიების შევსება ხორციელდება სააპელაციო საჩივრის ფორმაში, განჩინებებზე სააპელაციო წარმოება მიჩნეულ იქნეს სააპელაციო წარმოებად დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლოში ამგვარი სააპელაციო საჩივრის განხილვა-გადაწყვეტისას სამართლებრივი შედეგი განსხვავებული უნდა იყოს ზემდგომ სასამართლოში - საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების კუთხით. საზოგადოდ, იმ სამართლებრივი აქტებით, რომლებიც საქმეს არსებითად არ წყვეტენ, არ დგინდება სასარჩელო მოთხოვნების შედეგი და არ გვევლინებიან მატერიალური ნორმებით დაცული უფლებების გადამწყვეტ სასამართლო აქტებად, კანონიერების თვალსაზრისით შემოწმდებიან მარტოოდენ ზედა ინსტანციის სასამართლოში და მასზე მიღებული ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. სააპელაციო საჩივარზე, რომელიც მოიცავს პრეტენზიას, როგორც საბოლოო გადაწყვეტილებაზე, ასევე მის წინმსწრებ განჩინებებზე, რომლებიც ცალკე არ საჩივრდება, დაუშვებელია, რომ სააპელაციო პალატის შემაჯამებელი გადაწყვეტილებით ერთიანად, ყველა პრეტენზიის შესახებ განიმარტოს, რომ ასეთ პრეტენზიებზე მიღებული სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საჩივრდება საკასაციო წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ თ. ხ-ის წარმომადგენელ ი. პ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
მოცემულ შემთხვევაში, სადავოა, რა წესით უნდა განიხილოს ზემდგომმა სასამართლომ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად წინმსწრებ განჩინებაზე შეტანილი საჩივარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ამ ნორმით კანონმდებელმა სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგნად დაადგინა აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა, რითაც შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მოაქცია დასახელებული განჩინებების კანონიერების შემოწმება. ვინაიდან სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემაჯამებელ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად იხილავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებსაც, ამიტომ აღნიშნული განჩინებები ამ შემთხვევაში შეიძლება მსჯელობის საგანიც გახდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებშიც საკასაციო სასამართლოშიც.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ წინსმწრები განჩინების გასაჩივრების არსი არის იმის დადგენა, განხილულია თუ არა საქმე მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც გავლენას ახდენს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენის ფარგლებში უნდა იმსჯელოს, საქმის განხილვის პროცესში ხომ არ ყოფილა რაიმე ისეთი დარღვევა, რაც შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესს, გადაწყვეტილების კანონიერებას ან დავის გადაწყვეტის შედეგს აყენებს ეჭქვეშ. სწორედ ამ მიზეზით, გასაჩივრების შემთხვევაში, ამგვარი განჩინებები საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანიც უნდა გახდეს, რაც გამორიცხავს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ წინმსწრები განჩინებები კერძო საჩივრის განხილვისათვის დადგენილი წესით უნდა შეფასდეს, რაც გულისხმობს მათ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების საბოლოობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LI თავით დადგენილია საკითხის განხილვის სპეციალური წესი, რომელიც უშუალოდ კერძო საჩივარს შეეხება და, ამ შემთხვევაში, ანალოგიით გამოყენებული ვერ იქნება. კანონმდებლობით ამომწურავადაა დადგენილი, რა შემთხვევაში დაიშვება კერძო საჩივრის შეტანა. წინმსწრები განჩინების გასაჩივრებისას კანონმდებელი საქმის განხილვის რაიმე განსხვავებულ წესს არ ადგენს. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლიდან გამომდინარე, შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლება გასაჩივრდეს ის განჩინებაც, რომლის მიმართაც კერძო საჩივრის შეტანა დაიშვებოდა, მაგრამ ეს გარემოება არ გულისხმობს საქმის განხილვის წესის შეცვლას.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია, ჰიპოთეტურად მაინც, მხარის რა ინტერესი შეიძლება დაირღვეს, წინსმწრები განჩინების შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო საჩივრის ფარგლებში განხილვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ 2015 წლის 23 ივლისის განჩინების გასაჩივრების წესი სწორად იყო განმარტებული და უსწორობის შესწორების საფუძველი არ არსებობდა, ამდენად, საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ხ-ის წარმომადგენელ ი. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ივლისის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე