Nბს-564-557(კს-15 ) 10 ნოემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს ,,…"
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „…“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის 28 აპრილის №02-550/ო ბრძანების ბათილად ცნობის და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება შპს ,,…“ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ივლისის განჩინებით შპს „…“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გადაწყვეტილება მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2015 წლის 23 ივნისს, ჩაბარების დასტური ხელმოწერილია ორგანიზაციის წარმომადგენელის თ ჭ-ის მიერ. სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 24 ივნისიდან. მოსარჩელეს სააპელაციო საჩივრის წარდგენა სასამართლოში შეეძლო 2015 წლის 7 ივლისის ჩათვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი, რომელიც დათარიღებულია 2015 წლის 8 ივლისით, სასამართლოში წარდგენილია იმავე დღეს - 2015 წლის 8 ივლისს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „...“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მხარის მითითებით, შპს „...“ იურიდიულ მისამართზე ასევე მდებარეობს აფთიაქი „ფ...“ სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა „ფ...“ და არა შპს „...“ თანამშრომელს, რომელმაც გზავნილი შპს „ე...“ სათაო ოფისში გადააგზავნა. თ ჭ-ე „...“ თანამშრომელი არ არის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ შპს „...“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით იყო შეტანილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „...“ გაეგზავნა იურიდიულ მისამართზე და 2015 წლის 23 ივნისს ჩაბარდა თ ჭ-ეს. საფოსტო დასტურში მითითებულია, რომ ეს უკანასკნელი არის ორგანიზაციის წარმომადგენელი (მენეჯერი).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი კორესპონდენცია უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ანალოგიური უფლებამოსილების მქონე სტრუქტურულ ერთეულს ან პირს და მხოლოდ მათი არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც გზავნილს ადრესატს გადასცემს, ამასთან, გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება, უნდა არსებობდეს შესაბამისი ჩანაწერი. მხოლოდ ამ შემთხვევაშია სასამართლო უფლებამოსილი, გზავნილი ჩაბარებულად მიიჩნიოს. გარდა ამისა, კანცელარიის ან მსგავსი უფლებამოსილების მქონე პირის არყოფნისას გზავნილის მიმღებად ზემოაღნიშნული მუხლი ასახელებს „ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს“, შესაბამისად, ცალსახაა, რომ გზავნილის მიმღები ადრესატი ორგანიზაციის თანამშრომელი უნდა იყოს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია შპს „...“ დირექტორის ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც შპს მის იურიდიულ მისამართზე - თბილისი, ... 29/81, ფაქტობრივად, საქმიანობას არ ახორციელებს, ამასთან, თ ჭ-ე ამ ორგანიზაციის თანამშრომელი არ არის. კერძო საჩივარს ასევე ერთვის შპს „ე...“ ცნობა, რომლის თანახმადაც, თ ჭ-ე 2007 წლიდან ამ ორგანიზაციის თანამშრომელია და საქმიანობას ახორციელებს ... 81-ში მდებარე აფთიაქში. კერძო საჩივრის ავტორმა ასევე წარმოადგინა თ ჭ-ის ახსნა-განმარტება, რომელიც ადასტურებს, რომ შპს „ე...“ თანამშრომელია და არა შპს „...“ 2015 წლის 23 ივნისს მან მიიღო შპს „...“ გზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოდან.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემები შპს „...“ და შპს „ე...“ შორის რაიმე სამართლებრივი კავშირის არსებობას არ ადასტურებს.
აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გზავნილი შპს „...“ წარმომადგენელს ან სხვა უფლებამოსილ თანამშრომელს არ ჩაბარებია, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 2015 წლის 23 ივნისიდან ვერ აითვლება.
ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით შეტანა, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს, ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდეგ უნდა იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა წინაპირობებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „...“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ივლისის განჩინება და საქმე შპს „...“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე