N ბს-632-625 (კს-15 ) 10 ნოემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ა. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი კომპენსაციის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. კ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ფულადი კომპენსაციის - 50 000 ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ა. კ-ის სასარგებლოდ ერთიანი ფულადი კომპენსაციის - 310 ლარის გაცემა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ა. კ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განჩინებით ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ა. კ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების ასლი ორჯერ გაეგზავნა -2014 წლის 29 ოქტომბერს და 2015 წლის 16 იანვარს სარჩელში მის მიერ მითითებულ მისამართზე, თბილისი, ... 6 და არ ჩაბარდა. ჩაბარების დასტურებზე კურიერს აქვს მინაწერი ,, მოც. მისამართზე მეზობელ ზ-ის თქმით ადრესატი მოსკოვშია, სახლი დაკეტილია, არავინ ცხოვრობს;“ ,,მოც. მისამართზე სახლში არავინ იყო, სამეზობლოს თქმით ადრესატი საზღვარგარეთ იმყოფება. საქმეში წარმოდგენილი რწმუნებით ა. კ-ის წარმომადგენლად თ. ჭ-ეს მოსარჩელის სასამართლოში წარმოდგენის უფლებამოსილება ამოეწურა 2014 წლის 3 დეკემბერს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მარტის განჩინების საჯაროდ გავრცელებით მოსარჩელე ა. კ-ეს ეცნობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №3/4791-13), რაც განთავსდა თბილისის საქალაქო სასამრთლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე და ვებგვერდზე.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ჩაბარებულად 2015 წლის 13 მარტიდან მიიჩნია და აღნიშნა, რომ ა. კ-ეს სააპელაციო საჩივრის წარდგენა შეეძლო 2015 წლის 27 მარტის ჩათვლით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. კ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მხარის მითითებით, მის მიერ გაცემულ მინდობილობას 2014 წლის 3 დეკემბრამდე ჰქონდა ვადა და სასამართლოს შეეძლო, მისი წარმომადგენლებისათვის გაეგზავნა გადაწყვეტილების ასლი. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 თვის განმავლობაში სასამართლოს არ გაუგზავნია ასლი ა. კ-ისათვის. საქმეში ასევე არის ა. კ-ის რუსეთის მისამართი, სადაც სასამართლოს შეეძლო გადაწყვეტილების გაგზავნა. მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლოს არც ერთ სხდომაზე დაბარებული არ ყოფილა. სასამართლომ თვითონ დაარღვია საქმის განხილვის ვადები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ ა. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი მისი წარმომადგენლებისათვის უნდა გაეგზავნა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით , სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
აღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილებას უგზავნის ან მხარეს ან მის წარმომადგენელს, ამასთან, თავად ირჩევს, რომელ მათგანს გაუგზავნოს, რომელი საშუალების გამოყენებით და სასამართლოსათვის ცნობილ რომელ მისამართზე გააგზავნოს გზავნილი.
განსახილველ შემთხვევაში, ა. კ-ეს გადაწყვეტილების ასლი ორჯერ გაეგზავნა მის მიერ სარჩელში მითითებულ ერთადერთ მისამართზე და ვერ ჩაბარდა, ვინაიდან ადრესატი საქართველოში არ იმყოფებოდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მიხედვით, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. აღნიშნული ნორმის მიზნებისათვის, „მისამართის შეცვლა“ გულისხმობს როგორც საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას, ისე ფაქტობრივი ადგილსამყოფელის დროებით შეცვლას, მაგალითად, ქვეყნიდან დროებით გამგზავრებას.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ა. კ-ემ სასამართლოს მისამართის შეცვლის თაობაზე აცნობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მიხედვით, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მარტის განჩინებით ა. კ-ეს საჯარო შეტყობინების გავრცელების გზით ეცნობა ამავე სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების შესახებ. განჩინება თვალსაჩინოდ გამოქვეყნდა და ვებგვერდზე განთავსდა 2015 წლის 6 მარტს, შესაბამისად, გადაწყვეტილება მხარისათვის ჩაბარებულად 2015 წლის 13 მარტიდან უნდა იქნეს მიჩნეული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61 მუხლების საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა 14 მარტიდან დაიწყო და 27 მარტს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი, 22 ივნისსაა შეტანილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე