Nბს-644-637 (კს-15 ) 10 ნოემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მოწინააღმდეგე მხარე - სს „...“
მესამე პირი - შპს „...“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის დადგენილება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „...“ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიისა და შპს „...“ წინააღმდეგ საჩივარი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა სემეკის 2015 წლის 29 იანვრის N5/14 გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის დადგენილებით სს „...“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სემეკის 2015 წლის 29 იანვრის N5/14 გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის სემეკს დაუბრუნდა.
აღნიშნული დადგენილება სემეკმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის დადგენილებით სემეკის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და განმარტა, რომ სამართალდამრღვევის საჩივარზე ზემდგომი ორგანოს დადგენილება სასამართლოში საჩივრდება ერთჯერადად, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა. ამ გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სემეკის სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო.
სააპელაციო სასამართლოს დადგენილება სემეკმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მხარის მითითებით, სემეკს სამართლიანი სასამართლოს უფლება შეეზღუდა, რადგან დაუსაბუთებლად ეთქვა უარი სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ სემეკის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების გასაჩივრების წესს აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 234 1 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა; გადაწყვეტილება სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რის შემდეგაც საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა; დადგენილება ძირითადი და რომელიმე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის ერთდროულად დადების შესახებ მომჩივნის სურვილით შეიძლება გასაჩივრდეს ძირითადი ან დამატებითი სახდელის გასაჩივრებისათვის განსაზღვრული წესით.
განსახილველ შემთხვევაში სს „...“ შპს „...“ მიმართ შეადგინა Nა003386 და Nა003387 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. სს „...“ 2014 წლის 12 დეკემბრის N958 დადგენილებით შპს „...“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და სახდელად განესაზღვრა გაფრთხილება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლიდან გამოდმინარე, სს „...“ ოქმები და დადგენილება საჩივრდება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, შემდგომ კი, პირველი ინსტანციის სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა.
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად კი, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო არის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს ამ კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
„ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ“ სემეკის დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.
სადავო არ არის, რომ სს „...“ დადგენილება შპს „...“ სემეკში გაასაჩივრა. სემეკის სემეკის 2015 წლის 29 იანვრის N5/14 გადაწყვეტილებით N958 დადგენილება გაუქმდა და შპს „...“ მიმართ საქმის წარმოება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სს „...“ სასამართლო წესით გაასაჩივრა; ამდენად, მხარეებმა ისარგებლეს კანონმდებლობით მინიჭებული გასაჩივრების შესაძლებლობით ჯერ ზემდგომ ორგანოში, ხოლო შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოცემული ადმიონისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ექვემდებარებოდა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვას, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სემეკის სააპელაციო საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები), ხოლო ამავე კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, იხელმძღვანელოს პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით, თუ კასაციის თავი სპეციალურ დებულებებს არ შეიცავს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივრის შემოტანა არ დაიშვებოდა, ამდენად, სემეკის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 187-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე