კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-787-779(კს-15) 20 ნოემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა კ. ა. ა-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 31 აგვისტოს კ. ა. ა-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა მისი საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2015 წლის 17 აგვისტოს №1804701 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით კ. ა. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ა. ა-იმ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინებით კ. ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრა კ. ა. ა-იმ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ა. ა-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესს არეგულირებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII10 თავი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლით დადგენილ შემთხვევებში, განსაზღვრავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კომპეტენციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2143-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2144-ე მუხლი ადგენს უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს, რომლის თანახმად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში უცხოელის სარჩელი, საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, განიხილება და სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება ამ კოდექსის 2140 და 2143 მუხლებით დადგენილი წესების შესაბამისად და დადგენილ ვადებში.
ამდენად, მითითებული ნორმების თანახმად, უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას ექვემდებარება პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ტიპის დავებზე საბოლოოა და არ ექვემდებარება საკასაციო წესით გასაჩივრებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. ა. ა-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, რამდენადაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ დავებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერების საკითხის გადასინჯვა, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინებით განუხილველად დარჩა რა კ. ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების 5-დღიანი ვადის დარღვევის გამო, სწორად განიმარტა, რომ მითითებული განჩინება იყო საბოლოო და არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2143-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ რეგულაციას არ ცვლის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის ზოგადი დანაწესი, რომლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვების შემთხვევაში საქმის წარმოება მთავრდება სასამართლო განჩინებით, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინება არ ექვემდებარება კერძო საჩივრით საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებას, რამდენადაც მოცემულ დავებზე სააპელაციო სასამართლო წარმოადგენს ბოლო ინსტანციის სასამართლოს, შესაბამისად, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ ექვემდებარება გადასინჯვას. ამ ტიპის დავებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოს იურისდიქცია არ ვრცელდება მიუხედავად იმისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულია საქმის არსებითად განხილვის შედეგად შემაჯამებელი გადაწყვეტილება, თუ დავის სხვა სახით დასრულების შესახებ განჩინება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. ა. ა-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი, რამდენადაც არ არსებობს მისი განსახილველად დაშვების პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2143-ე, 2144-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ. ა. ა-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე