ბ-1132-2 (ბ-15) 12 ნოემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.2015წ. განჩინებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ გ. ბ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.2015წ. განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.14წ. განჩინებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
გ. ბ-მა 15.10.15წ. განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საკასაციო სასამართლოს 12.03.2015წ. განჩინების ბათილად ცნობა სსკ-ის 31.1 და 422.1 მუხლების საფუძველზე. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინების მიმღებ მოსამართლეთა შორის ერთ-ერთი მათგანი (ლ. მ-ე) მონაწილეობას იღებდა განმცხადებლის მიერ 2009-2012 წლებში ნაწარმოებ საქმეეთა განხილვაში. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მოსამართლეს სავარაუდოდ გააჩნია სუბიექტური დამოკიდებულება განმცხადებლის საქმეების მიმართ, რომლის საფუძველი შეიძლება იყოს საჩივარი, რომელიც განმცხადებლის მიერ შეტანილია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის განცხადება განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი და დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სსკ-ის 426-ე მუხლის შესაბამისად განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძეალება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ბ-ის მიერ დარღვეულია სსკ-ის 426-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 1 თვიანი ვადა, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.03.2015წ. განჩინება გ. ბ-ს ჩაბარდა 2015 წლის 21 აპრილს, პირადად. ხოლო განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ მის მიერ შემოტანილია 2015 წლის 15 ოქტომბერს. აღნიშნულის გამო გ. ბ-ის განცხადება განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, სსკ-ის 429-ე და 63-ე მუხლების შესაბამისად, უნდა დარჩეს განუხილველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გ. ბ-ის განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 425-ე, 426-ე 429-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ბ-ის განცხადება საკასაციო სასამართლოს 12.03.2015წ. განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი