Facebook Twitter

საქმე №ბს-332-328(გ-15) 10 ნოემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ შპს ,,...“ (ს/კ ...)

მოპასუხეები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

დავის საგანი – სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს ,,...-მა“ 2015 წლის 27 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხეებისთვის 260 061 (ორას სამოცი ათას სამოცდაერთი) ლარის მის სასარგებლოდ გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 მაისის განჩინებით შპს ,,...-ის“ სარჩელი განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ორივე მოპასუხის, კერძოდ, ქ. ბათუმის მერიის (მისამართი: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (მისამართი: ქ. ბათუმი, მამია კომახიძის ქ. №119) ადგილსამყოფელს წარმოადგენს ქალაქი ბათუმი, გარდა ამისა, თავად მოსარჩელის მისამართიც (ქ. ბათუმი, ... ქ.№98) ბათუმშია. ამასთან, მართლმსაჯულების სწრაფად, ეფექტურად და ეკონომიურად განხორციელების მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა უნდა განეხილა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მაისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოსა (ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია) და ბათუმის საქალაქო სასამართლოს (ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია) შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე №3-268, შპს „...-ის“ სარჩელისა გამო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიის მიმართ, ზიანის ანაზღაურების სახით 260 061 ლარის დაკისრების შესახებ, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი განსაზღვრავს საერთო განსჯადობის წესებს, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. არასასარჩელო წარმოების დროს განსჯადობა განისაზღვრება იმ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია განცხადება (საჩივარი).

სასამართლოს განმარტებით შპს `...-ის~ სასარჩელო განცხადებაში მითითებულია სამივე მოპასუხე სუბიექტის ადგილსამყოფელი (მისამართი), რომელთაგან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადგილსამყოფელი ქალაქ თბილისში მდებარეობს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიის - ქ. ბათუმში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული განსჯადობის წესის თანახმად, სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ - ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.

განსახილველი დავა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ორგანოების უკანონოდ მიჩნეული მოქმედების შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ფულადი გამოსახულებით კომპენსაციას (ანაზღაურებას) შეეხება და მისი ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილითა და მე-20 მუხლის საფუძველზე უნდა გადაწყდეს, რა დროსაც არ უნდა იქნეს გამოყენებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის სხვა დანარჩენი ნაწილებითა და მე-3 თავის სხვა დანარჩენი ნორმებით განსაზღვრული რეგულაცია. თვით მოსარჩელე მხარე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებს, რომ სარჩელით ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მხოლოდ სახელმწიფოსგან, რომ არსებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მხოლოდ სახელმწიფოსგან, მაშინ სასამართლომ მოსარჩელესთან უნდა გაარკვიოს, კონკრეტულად რომელ ადმინისტრაციულ ორგანოს ასახელებს მოპასუხედ. მოსარჩელემ მოპასუხედ დაასახელა ყველა ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა უკანონო ქმედებებში. ამასთან, მოსარჩელე ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე მთავარი მოპასუხეა სახელმწიფო, რომელსაც სადავო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მიაჩნია, რომ ამის შესაბამისად სარჩელი განსჯადობის წესების დაცვით არის წარდგენილი, თბილისის საქალაქო სასამართლოში, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. მოსარჩელე მხარემ ერთმნიშვნელოვნად აცნობა სასამართლოს იმის თაობაზე, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ განსახილველი დავა რამდენიმე სასამართლოს განსჯადად ჩაითვლებოდა, ის სარგებლობდა არჩევის უფლებით და განსჯად სასამართლოდ მიაჩნია თბილისის საქალაქო სასამართლო (ადმინისტრციულ საქმეთა კოლეგია). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 მაისის განჩინებაში, რომლითაც შპს `...-ის~ სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, აღნიშნულია, რომ სარჩელში მითითებული ორივე მოპასუხის ადგილსამყოფელს ქ. ბათუმი წარმოადგენს, თუმცა სასამართლომ გვერდი აუარა იმ გარემოებას, რომ სარჩელში მითითებულია არა ორი, არამედ სამი მოპასუხე, რომელთაგან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადგილსამყოფელი ქალაქ თბილისში მდებარეობს, ხოლო ამასთან ერთად, თვითონ მოსარჩელე აცნობებს სასამართლოს, მისთვის დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე მინიჭებული უფლებით სარგებლობის შესახებ, რომ დავის რამდენიმე სასამართლოს განსჯადად შეფასების შემთხვევაში, სარგებლობდა არჩევის უფლებით და განსჯად სასამართლოდ სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლო მიაჩნია, სადაც წარადგინა სარჩელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული დავა შპს `...-ის~ სარჩელისა გამო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიის მიმართ, ზიანის ანაზღაურების სახით 260 061 ლარის დაკისრების შესახებ, წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად დავას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ შპს ,,...-ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც, იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

განსახილველ შემთხვევაში უდავოა ადმინისტრაციული სასამართლოს საგნობრივი განსჯადობა და გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს მხოლოდ ტერიტორიულად განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე განეკუთვნება იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. აღნიშნული ეხება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე სარჩელებს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს სასამართლოს მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შპს ,,...-ის“ სარჩელი აღძრულია სამი მოპასუხის მიმართ, რომელთაგან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადგილსამყოფელი ქალაქ თბილისში მდებარეობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული განსჯადობის წესის თანახმად კი სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი შინაარსობრივად ექსკლუზიური, გამომრიცხავი ხასიათის მატარებელია. მე-16 მუხლი გულისხმობს განსჯადობის ისეთ შემთხვევას, როცა უპირატესობა ამ მუხლით დადგენილ წესს ენიჭება, მიუხედავად სხვა პირობების არსებობისა. ამავე კოდექსის მე-20 მუხლი კი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს. შესაბამისად, თუ სარჩელში დასახელებულია სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მოპასუხე, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია, როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით. სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება, ჩაერიოს მოსარჩელის მიერ აღნიშნული უფლების რეალიზებაში. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის (განსჯადობა მოსარჩელის არჩევით) ნორმა უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას _ იმავე კოდექსის მე-16 მუხლით რეგლამენტირებული განსაკუთრებული განსჯადობისას სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოში წარადგინოს ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელში მითითებული სამი მოპასუხის _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის აირჩია ერთ-ერთი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადგილსამყოფლის (ქ. თბილისი, ჭანტურიას ქ. №12) მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარადგინა სარჩელი. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს არ გააჩნდა მოცემული საქმის სხვა სასამართლოში, კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნის საპროცესო უფლებამოსილება იმ მოტივით, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მოპასუხეებს წარმოადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა მოსაზრება დავის განსჯადობის თაობაზე, რომლითაც მოსარჩელემ კიდე ერთხელ დააზუსტა თავის მოსაზრება მისი სარჩელის განსჯადობის თაობაზე და მოითხოვა დავის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ განხილვა, რითაც მხარემ მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. შესაბამისად, შპს „...-ის“ სარჩელზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე შპს „...-ის“ სარჩელის გამო მოპასუხეების _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,...-ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე