Facebook Twitter

საქმე #ბს-161-158 (k-15) 10 დეკემბერი, 2015 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

სხდომის მდივანი: ნ. გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე): თ. ბ-ი, წარმომადგენელი ბ. რ-ი (05.08.2014წ. №140818344 მინდობილობა).

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხები): საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა, წარმომადგენელი მ. ს-ი (19.11.2015წ. №02/2328 მინდობილობა).

გასაჩივრებული განჩინება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.2014წ. განჩინება.

დავის საგანი: სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თ. ბ-მა სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრ სასამართლოს მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 02.06.2014წ. № 02 217 ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენის და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების (02.06.2014 წლიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის განმავლობაში თვეში 560 ლარის ოდენობით) დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 27.10.2010წ. - 29.03.2013წ. მუშაობდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე. 29.03.2013წ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის N502 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების მოტივით. თ.ბ-მა აღნიშნული ბრძანება გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრ სასამართლოში, რომლის 01.07.2013წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ.ბ-ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2013წ. გადაწყვეტილებით თ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 29.03.2013წ. N502 ბრძანება და თ.ბ-ი აღდგენილ იქნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე,ხოლო მისი მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თ.ბ-ს აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, თ.ბ-ი აღდგენილ იქნა თანამდებობაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 01.05.2014წ. N 02 67 ბრძანებით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 04.04.2014წ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა გადავიდა საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაზე. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებისათვის ფინანსთა სამინისტროს სსიპ „საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის“ წარმომადგენლის მიერ 01.04.2014წ. და 02.04.2014წ. ჩატარდა ტრენინგები. თ.ბ-ს აღნიშნულ ტრენინგებში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ამ პერიოდში თ.ბ-ი არ მუშაობდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქმისწარმოების ავტომატიზირებულ სისტემის დაუფლების მიზნით მას სათანადო დახმარებას უწევდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების უფროსი – ი. მ-ი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 02.06.2014წ. N02 217 ბრძანებით თ.ბ-ი გათავისუფლდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობიდან. ბრძანებას საფუძვლად დაედო სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და რეზერვის სამსახურის უფროსის კ.ც-ის და ამავე სამსახურის აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების უფროსის

ი.ღ-ის მოხსენებით ბარათები. აღნიშნული ბარათების მიხედვით თ.ბ-ი განყოფილების სახელით გასული დოკუმენტაციის წარმოებაში უშვებდა კორექტულ და შინაარსობრივ შეცდომებს,რის გამოც სამსახური იღებდა შენიშვნებს ცენტრალური გამწვევი კომისიიდან, ასევე თ.ბ-ი არ ფლობდა კომპიუტერთან მუშაობის საჭირო უნარ-ჩვევებს, არ იცოდა საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის პროგრამით სარგებლობა,რის გამოც ვერ ახდენდა მასზე დაწერილი დავალებების შესრულებას. თ.ბ-ი სამსახურებრივი დავალებების შესრულებისას სარგებლობდა გარეშე პირის-შვილის დახმარებით, რომელიც რამდენიმეჯერ იმყოფებოდა სამსახურში დახმარების გასაწევად, ასევე თ.ბ-ი სათანადო პროფესიული უნარ-ჩვევების არქონის გამო სამსახურებრივ დოკუმენტაციას აწარმოებდა თანამშრომელთა დახმარებით.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი გათავისუფლების ბრძანება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან სამსახურში დაინიშნა მას შემდეგ, რაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დოკუმენტბრუნვის ელექტრონული პროგრამა დაინერგა. შესაბამისად მას არ გაუვლია ტრენინგები,რის გამოც პირველივე დღეებიდან არ შეეძლო დამოუკიდებლად მუშაობა და დასახმარებლად რამდენჯერმე მიმართა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების უფროსს ი. მ-ს. გარკვეული დროის შემდგომ დაიწყო დამოუკიდებელი მუშაობა და აღარ მიმართავდა კონსულტაციის მისაღებად ი. მ-ს, რომლისთვისაც კონსულტაციის მისაღებად მიმართვის საშუალებას არ აძლევდნენ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ტრეინინგი ადმინისტრაციის ბრალით, მისი სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის გამო არ გაიარა, ტრეინინგის გავლის უზრუნველყოფა კი არა, კონსულტაციის მისაღებად მიმართვის უფლებას არ აძლევდნენ, მას არ ეძლეოდა საშუალება მიეღო შესაბამისი სწავლება ელექტრონულ პროგრამასთან სამუშაოდ, რადგან კ.ც-ი აღდგენისთანავე მოითხოვდა დამოუკიდებლად მუშაობას. ასეთი ვითარების მიუხედავად ადგილი არ ჰქონია სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას და არ არსებობდა სადავო ბრძანების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 29.09.2014წ. გადაწყვეტილებით, თ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 02.06.2014წ. N02 217 ბრძანება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმეზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაგისტრატმა სასამართლომ მიუთითა, რომ თ.ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და რეზერვის სამსახურის უფროსის კ.ც-ის და ამავე სამსახურის აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების უფროსის ს.ღ-ის მოხსენებითი ბარათები, რაც სასამართლოს მოსაზრებით ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებად სამსახურებრივი მოვალეობათა უხეში დარღვევის გამო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებისათვის. სასამართლომ მიუთითა, რომ მოხსენებითი ბარათები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას იმ საკითხის გადასაჭრელად უხეშად დაარღვია თუ არა მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მოვალეობები. მოხსენებითი ბარათებიდან არ ირკვევა თუ რაში ვლინდება თ.ბ-ის მიერ სამსახურის სახელით მომზადებულ დოკუმენტაციაში დაშვებული შეცდომები ან/და რა სახის შენიშვნები იქნა მიღებული ზემდგომი დაწესებულებებიდან, გაურკვეველია ასევე ამ დაწესებულებათა დასახელება. არ დგინდება თუ რაში გამოიხატა კონკრეტულად საქმისწარმოების ერთიანი სისტემის კომპიუტერული პროგრამის სათანადოდ არცოდნის გამო თ.ბ-ის მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობების დარღვევა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას არ გამოუკვლევია სრულყოფილად ის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები,რაც შეიძლება არსებობდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და რეზერვის სამსახურის უფროსის კ.ც-ის, ამავე სამსახურის აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების უფროსის ს.ღ-ის და თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მოხსენებით ბარათებს შორის. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას არ გამოუკვლევია თუ კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა თ.ბ-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობათა უხეში დარღვევა და წარმოადგენდა თუ არა ეს დარღვევა უხეშ დარღვევას, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საკმარისი საფუძველი. არ მომხდარა აგრეთვე საგარეჯოს მუნიციპალიეტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სხვა თანამშრომელთა გამოკითხვა იმის დასადგენად,საჭიროებდა თუ არა მოსარჩელე მათ დახმარებას, არ გამოკვლეულა თუ რა სახის შეცდომებს უშვებდა თ.ბ-ი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმის გარემოებების სრულყოფილი შესწავლის და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 29.09.2014წ.გადაწყვეტილება გასაჩივრდა თ.ბ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.14წ. განჩინებით თ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 29.09.2014წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა, რომ სზაკ-ის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ არ გამოკვლეულა იყო თუ არა შესაძლებელი საქმისწარმოების ერთიანი სისტემის კომპიუტერული პროგრამის დაუფლება სპეციალური მომზადების კურსის გავლის გარეშე, პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების პარალელურად. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე სხვა ზომა, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც თუ იგი უხეშად არღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს არამხოლოდ იმაზე, თუ რაში გამოიხატა კონკრეტულად თ.ბ-ის მხრიდან სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა თუ არაჯეროვანი შესრულება, არამედ იმაზეც, შეიცავდა თუ არა მისი ქმედება ისეთი სახის უხეშ დარღვევებს,რაც მისი დისციპლინური პასუხიმგებლობის მოქმედების გარეშე სამსახურიდან პირდაპირ განთავისუფლების საფუძველს ქმნიდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ.ბ-ის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ საქმეში დაცული მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია იმის დასადგენად, რომ აქტი იყო უკანონო და სზაკ-ის 601 მუხლის მიხედვით ექვემდებარებოდა ბათილად გამოცხადებას. აღნიშნული ადასტურებს სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების დაუშვებლობას. იმ შემთხვევაში თუ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება არ იქნება იმთავითვე ცნობილი უკანონოდ და დაუბრუნდება ადმინისტრაციულ ორგანოს, ასეთი პრაქტიკა წაახალისებს ორგანოს ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე გამოსცეს დაუსაბუთებელი აქტები, ორგანო დასაბუთებას მოიყვანს სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე საქმის დაბრუნების შემდეგ, რაც ეწინააღმდეგება სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ გადაწყვეტილების გამოცემის და ადექვატურობის პრინციპებს. მოპასუხე ვერც ერთ კონკრეტულ დარღვევაზე ვერ უთითებს. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სააპელაციო პალატამ გამოიყენა სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი. მაშინ როდესაც შესაძლებელი იყო სასამართლოს მიერ სადავო ბრძანების მატერიალური კანონიერების შეფასება. საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისი საფუძველი იყო იმის დასადგენად, რომ გათავისუფლების საფუძველი იყო უკანონო და დაუსაბუთებელი. აღნიშნული მუხლის გამოყენება ხდება მაშინ, როცა არსებობს აქტის დაუყოვნებლივ ბათილად ცნობის ინტერესი. საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებისას გათავისუფლებულის ინტერესი ვერ იქნება გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა აქტის კანონიერების შეუმოწმებლად, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში გამოირიცხება სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობა. ამ მუხლის გამოყენება არამართებულია,რადგან მოსარჩელე ერთხელ უკვე იყო უკანონოდ განთავისუფლებული თანამდებობიდან. აღდგენიდან ზუსტად ერთ თვეში მეორედ განთავისუფლება მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს გულგრილ დამოკიდებულებაზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულების მიმართ. სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება არ ნიშნავს თანამშრომლის აღდგენას 1 თვის ვადით. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღება დაავალა ორგანოს, რომელმაც აღდგენის შესახებ კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების შემდეგაც მეორედ გაათავისუფლა კასატორი, სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება მიანდო იმ მხარეს, რომელსაც ასეთი ნება არ აქვს. კასატორი აღნიშნავს,რომ სასამართლომ სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით მოსარჩელეს საკითხის გადაწყვეტაზე უთხრა უარი, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას. სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა გამოყენებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 112-ე და 127-ე მუხლები და საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლი, რომლებიც უშუალოდ საჯარო სამსახურის ანუ მუნიციპალიტეტის სამოქმედო კანონებია. ასევე კასატორი უთითებს, რომ დავის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ. N 2/3/630 გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება, რაც უშუალო შემხებლობაშია მოცემულ საკითხთან.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, სადავო აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, იძულებითი განაცდურის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის - გამგეობის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლის შესწავლის და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ თ.ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა, მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება,როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტი). საქმის მასალებით არ დასტურდება თ. ბ-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების სისტემატური დარღვევები, ვინაიდან სამსახურიდან დათხოვნის შესახებ სადავო აქტის გამოცემამდე თ. ბ-ის მიმართ არ იყო გამოყენებული დისციპლინური ზემოქმედების ზომა. „თ. ბ-ის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის სადავო 02.06.2014წ. №02 217 ბრძანებით თ. ბ-ი სამსახურიდან გათავისუფლდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას კანონი არ განმარტავს, მაგრამ სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული ისეთი შემთხვევები, როდესაც დაწესებულებას მნიშვნელოვანი მატერიალური თუ სხვა სახის ზიანი ადგება ან/და ამით მნიშვნელოვნად ეშლება ხელი ადმინისტრაციულ ორგანოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში, მნიშვნელოვნად ილახება მოქალაქეთა უფლებები, სამსახურის პრესტიჟი, დარღვევა გამოიხატება მოხელის მხრიდან მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შეგნებულ უგულებელყოფაში ან უხეშ დაუდევრობაში და სხვ. სასკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი. მუშაკის პროფესიული ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან ობიექტური მონაცმებით უნდა დასაბუთდეს, დავის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრია შეუსაბამობის მტკიცების ტვირთი. მოპასუხე მხარემ – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ ვერ დაადასტურა თუ კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების საფუძველზე სამსახურში აღდგენილი მუშაკის მიერ სამსახურში აღდგენიდან ერთ თვეში სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევა, რომელიც ქმნიდა კასატორის სამსახურიდან უპირობო გათავისუფლების საფუძველს, არ დასტურდება ასევე თ.ბ-ის ქმედების შედეგად ადმინისტრაციული ორგანოსათვის ან სხვა პირისათვის რაიმე სახის ზიანის მიყენება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოხელე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას უნდა მოქმედებდეს კომპეტენტურად, აღნიშნული არის მოხელის არა უფლება, არამედ ვალდებულება. ამასთანავე, არასაკმარისი პროფესიული ჩვევები არ იწვევს უცილობლად მუშაკის სამსახურიდან დათხოვნას, გათავისუფლების გარდა შესაძლებელია განისაზღვროს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა, დაქვეითება, ალტერნატიული სამსახურის შეთავაზება. სამსახურიდან დათხოვნა გამართლებულია იმ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელს არ აქვს ობიექტურად სხვა ალტერნატიული სამსახურის შეთავაზების ან სხვა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენების შესაძლებლობა, ამასთანავე, მუშაკი უარს ამბობს კვალიფიკაციის ამაღლებაზე, გადამზადებაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საქმის მასალების მიხედვით თ.ბ-ის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი გახდა მხოლოდ მოხსენებითი ბარათების შინაარსი, მანამდე მის მიმართ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო დისციპლინური ზომების გატარებას ადგილი არ ჰქონია. ამასთანავე, მოხსენებითი ბარათებით არ დასტურდება თ. ბ-ის არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევები, დაკავებულ თანამდებობასთან მოსარჩელის შეუსაბამობა. კ. ც-ის 14.05.14წ. მოხსენებით ბარათში მითითება იმაზე, რომ მოსარჩელე საჭიროებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლის ი. მ-ის დახმარებას, არ ადასტურებს დარღვევას, ვინაიდან სწორედ რომ მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის 24.06.14წ. №02/237 ცნობის თანახმად ტრეინინგგაუვლელი პირებს ავტომატიზირებულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით აქტიურ კონსულტაციებს ი. მ-ი გაუწევდა. კ. ც-ის მოხსენებითი ბარათიდან არ დგინდება თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა საქმის წარმოების ერთიანი სისტემის კომპიუტერული პროგრამის სათანადოდ არცოდნის გამო თ. ბ-ის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევა. ასეთი არც სამსახურის უფროსის 28.05.14წ. მოხსენებითი ბარათიდან იკვეთება. რაც შეეხება ი. ღ-ის 13.05.14წ. მოხსენებით ბარათს, მისი ტექსტიდან დასტურდება, რომ ი. ღ-ი ითხოვს ზომების მიღებას დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის გასაუმჯობესებლად და არა თ. ბ-ის მიმართ დისციპლინური ზომის მიღებას. მოხსენებითი ბარათი არ შეიცავს მითითებას იმაზე, თუ რაში ვლინდება მომზადებული დოკუმენტაციის უხარისხობა, კონკრეტულად რომელი დოკუმენტი მომზადდა უხარისხოდ. მოხსენებითი ბარათებიდან არ იკვეთება კონკრეტულად რა შეცდომები დაუშვა მოსარჩელემ, რა ხარისხის იყო დარღვევები, მოხსენებით ბარათებს არ ერთვის მათში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, ასეთი არც საქმის მასალებში არის დაცული. მოპასუხეს არ დაუკონკრეტებია თუ რაში ვლინდებოდა „სერიოზული კორექტული და შინაარსობრივი შეცდომები“, რის გამოც გამგეობასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი ინსტანციებიდან განყოფილება ღებულობდა შენიშვნებს. მოპასუხე ვერ უთითებს რაიმე კონკრეტულ არსებით დარღვევაზე, ასეთად ვერ იქნება მიჩნეული რედაქციული, ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, თ. ბ-ის მიერ სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 26.11.2010წ. №25 დადგენილებით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულებით“ გათვალისწინებული სამსახურის თანამშრომლების ვალდებულებების, მთავარი სპეციალისტის თ. ბ-ისათვის გადანაწილებული ფუნქცია-მოვალეობების (ტ.1, ს.ფ.159) შეუსრულებლობაზე. შესაბამისად არ დასტურდება უხეში დარღვევა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127-ე მუხლის თანახმად ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წამოადგენს, შესაბამისად ის უნდა პასუხობდეს ადმინისტრაციული აქტისადმი წაყენებულ კანონისმიერ მოთხოვნებს. სზაკ-ის 53-ე მუხლის თანახმად აქტი დასაბუთებული უნდა იყოს. დარღვევისა და გამოყენებული ზომის ადექვატურობის თვალსაზრისით ბრძანების დასაბუთების მნიშვნელობა იზრდება პირის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სამსახურიდან დათხოვნისას, რასაც ადგილი აქვს მოცემულ შემთხვევაში. სადავო აქტში არ არის მოყვანილი სამსახურიდან თ.ბ-ის გათავისუფლების მოტივაცია მაშინ, როდესაც სზაკ-ის 53.2 მუხლის თანახმად, წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, რომელიც წინ უნდა უძღოდეს აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან, ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისობაში უნდა იყოს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი უთითებს მხოლოდ კანონმდებლობის ნორმებს, რომლებიც საფუძვლად დაედო აქტის გამოცემას, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს რაიმე არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აქვთ ამ ნორმებს კავშირი კონკრეტულ შემთხვევასთან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის გენერალური, საკანონმდებლო რეგულაციის ინდივიდუალურ რეგულაციაში გადაყვანის საშუალება, შესაბამისად მასში უნდა დასაბუთდეს გენერალური რეგულაციის (საკანონმდებლო ნორმების) ინდივიდუალურ შემთხვევასთან კავშირი. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი ასეთ დასაბუთებას არ შეიცავს. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო აქტით გამოყენებული იქნა უკიდურესი ზომა – სამსახურიდან დათხოვნა, დათხოვნას საფუძვლად დაედო საჭირო უნარ-ჩვევების არ არსებობა, დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა, რაც უკავშირდება შეფასების, დისკრეციის სფეროს, ხოლო სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოითხოვს წერილობით დასაბუთებაში ყველა იმ ფაქტობრივი გარემოების მითითებას, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო აქტი საჭიროებდა დასაბუთებას, მასში ყველა იმ ფაქტობრივი გარემოების აღნიშვნას, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის. ბრძანება არ შეიცავს საქმესთან კავშირში მქონე დოკუმენტაციების ანალიზს, გადაცდომის სიმძიმის შეფასებას. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 02.06.2014წ. №02 217 სადავო ბრძანებით თ. ბ-ი 2014 წლის 3 ივნისიდან გათავისუფლდა თანამდებობიდან. საქმის მასალების თანახმად მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის პროგრამით სარგებლობის წესების არცოდნის და კომპიუტერთან მუშაობის საჭირო უნარ-ჩვევების არქონის გამო და არა საერთოდ არაპროფესიონალიზმით გამო. საქმის მასალებით, კერძოდ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის 24.06.2014წ. №02/237 ცნობის თანახმად, საქმის ავტომატიზირებული სისტემა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2014 წლის აპრილიდან დაინერგა. ავტომატიზირებული სისტემით სარგებლობის უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის გამგეობის თანამშრომლებისათვის ტრეინინგი ფინანსთა სამინისტროს სსიპ „საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენლის მიერ ჩატარდა 2014 წლის 01 და 02 აპრილს. თ. ბ-ს ტრეინინგი არ გაუვლია. კანონიერ ძალაში მყოფი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.09.13წ. გადაწყვეტილებით დადგენილად არის ცნობილი, რომ თ. ბ-ი 2010 წლის 27 ოქტომბრიდან 2013 წლის 23 მარტამდე მუშაობდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 29.03.13წ.№502 ბრძანებით თ. ბ-ი გათავისუფლდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობიდან დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების მოტივით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.09.2013წ. გადაწყვეტილებით (ტ.1, ს.ფ. 14-19) ბათილად იქნა ცნობილი გამგებლის 29.03.13წ. №502 ბრძანება და თ. ბ-ი აღდგენილ იქნა სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თანამშრომელთა რიცხოვნობა არ შემცირებულა, ადგილი არ ჰქონია შტატების შემცირებას. თ. ბ-ი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 01.05.2014წ. №02 67 ბრძანებით (ტ.1, ს.ფ. 21) აღდგენილი იქნა სამსახურში. ამდენად, ტრეინინგის გაუვლელობა არ მომხდარა თ. ბ-ის ბრალით, ტრეინინგის ჩატარების პერიოდში თ. ბ-ი, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის შემდეგ, ჯერ არ იყო აღდგენილი სამსახურში. საქმეში დაცული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 24.06.14წ. №02/237 ცნობის მიხედვით, იმ თანამშრომლებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს ტრეინინგის გავლა, კონსულტაციებს უწევდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების უფროსი ი. მ-ი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. ბ-მა არაერთხელ მიმართა დასახმარებლად საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების უფროსს ი. მ-ს, რომლისგანაც რამოდენიმეჯერ კონსულტაციის მიღების შემდეგ დამოუკიდებლად აგრძელებდა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, რაც დასტურდება საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების უფროსის 29.05.14წ. მოხსენებითი ბარათით. გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების უფროსის 29.05.14წ. მოხსენებითი ბარათის თანახმად, ტრეინინგის გაუვლელობის გამო თ. ბ-ს პირველივე დღიდან არ შეეძლო ელექტრონული პროგრამის დამოუკიდებლად გამოყენება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ. ბ-ი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დასაქმებულია 2010 წლის 27 ოქტომბრიდან, თ. ბ-ი თავის ფუნქციებს ასრულებდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, მისი პროფესიული ჩვევები შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას, საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ მისი ფუნქციები არ შეცვლილა, კომპიუტერთან მუშაობის უნარებს თანამშრომლების დახმარებით დაეუფლა. საქმის მასალებით არ დასტურდება გაზრდილი მოთხოვნების გამო ადმინისტრაციის მხრიდან მუშაკის კვალიფიკაციის ამაღლების, საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობა, ახალ პირობებთან ადაპტაციისთვის, გაზრდილი საკვალიფიკაციო სტანდარტის ამაღლებისათვის ადმინისტრაციის მიერ ხელშემწყობი შრომის რეჟიმის შექმნა. „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონის 7.1 მუხლის თანახმად, პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნის, უნარების და ღირებულებების შესაძენად, პირს უფლება აქვს მიიღოს პროფესიული განათლება. საკასაციო სასამართლო დაუშვებლად თვლის შტატიანი თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნას სათანადო უნარ-ჩვევების არქონის გამო მანამ, სანამ არ იქნება ამოწურული მუშაკის შრომის ახალ პირობებზე გადასვლასთან დაკავშირებული მუშაკის გადამზადების შესაძლებლობები. ამდენად, არ დასტურდება სამსახურში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სამსახურში აღდგენილი მუშაკის აღდგენიდან ერთ თვეში სამსახურიდან დათხოვნის კანონისმიერი საფუძველი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისციპლინური გადაცდომა, სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული დარღვევა განსხვავდება არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო თანამდებობრივი შეუსაბამობისაგან. თუ პირველ შემთხვევაში მოხელე ბრალეულად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, მეორე შემთხვევაში მოხელეს არ ძალუძს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება არასათანადო ცოდნის, არასაკმარისი ჩვევების გამო. სამსახურის უფროსის 14.05.14წ. №419-02 მოხსენებითი ბარათის თანახმად თ. ბ-ი არ ფლობს კომპიუტერთან მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს, არ იცის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის პროგრამა, რის შედეგადაც ვერ ახდენს დავალებების შესრულებას. არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო გათავისუფლების საფუძველი („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 98-ე მუხ.) განსხვავდება დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან (კანონის 99-ე მუხ.). მოცემულ შემთხვევაში თ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლება ფაქტობრივად მოხდა არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო, მიუხედავად ამისა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 99-ე მუხლი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. სზაკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. მოცემულ საქმეზე დავის გადაწყვეტისათვის დადგენილია საკმარისი ფაქტობრივი გარემოებები, სახეზე არ არის სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობა. სააპელაციო პალატამ სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლების დანაწესების მიუხედავად, არ მიუთითა სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების დადგენის შესაძლებლობის გამომრიცხავ გარემოებაზე. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ დავის გადასაწყვეტად საჭირო კონკრეტულად დასადგენი საქმის ფაქტობრივი გარემოებების მითითების გარეშე დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხზე ახალი აქტის გამოცემა. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი შეიცავს სასამართლოს მოსაზრებებს საქმის სამართლებრივ ასპექტებთან დაკავშირებით, რაც თავისთავად არ ქმნის დავის გადაუწყვეტლად სადავოდ გამხდარი აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახალი გამოკვლევისათვის დავალების საფუძველს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის 32.4 მუხლი არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსათვის სამართლებრივი საკითხის გასარკვევად დავალების გაცემის პირობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარის საფუძველს იძლევა სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლის არსებობის საკითხის გასარკვევად. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო პალატის მიერ არ არის დადგენილი თ. ბ-ის მხრიდან რაიმე გადაცდომის ჩადენა, ხოლო სააპელაციო პალატის მიერ სადავო აქტის ბათილად ცნობა შედეგად იწვევს მის სამსახურში აღდგენას, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის გასჩივრებული განჩინებით ადმინისტრაციული ორგანოსათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. ის გარემოება, რომ თ. ბ-ის მომზადებულ დოკუმენტაციაში შეცდომების დაშვება, ზემდგომი დაწესებულებებიდან შენიშვნების მიღება, საქმისწარმოების ერთიანი სისტემის კომპიუტერული პროგრამის სათანადოდ არცოდნის გამო სამსახურეობრივი მოვალეობების დარღვევა არ საბუთდება, არის არა სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, არამედ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტის ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის საფუძველი. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ თ. ბ-ის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება უკვე დადასტურდა კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილებით, სამსახურში აღდგენიდან ერთ თვეში სამსახურში დათხოვნის რაიმე სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება, ასეთ პირობებში სადავო აქტის 32.4 მუხლის საფუძველზე გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება არ გამორიცხავს ადმინისტრაციის მიერ სადავო აქტის მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას. საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისი იყო იმის დასადგენად, რომ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად არ არსებობს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. შესაბამისად, სახეზეა სზაკ-ის მე-60I მუხლით გათვალისწინებული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 20.03.13წ. №53 ბრძანებით დამტკიცდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხა, ხსენებული ბრძანებით ძალადაკარგულად ჩაითვალა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 20.07.13წ. №105 ბრძანება, რომლითაც დამტკიცებული იყო მანამდე არსებული საშტატო ნუსხა. გამგებლის სადავო 02.06.14წ. №02 217 ბრძანების გამოცემის შემდეგ საკრებულოს 25.07.2014წ. №38 დადგენილებით დამტკიცდა გამგეობის ახალი საშტატო ნუსხა, რომლითაც გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს ეწოდა სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური, ახალი საშტატო განრიგით სამსახურში მთავარი სპეციალისტის შტატის რაოდენობა გაზრდილია, შესაბამისად მოსარჩელე უნდა იქნას აღდგენილი სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს იძულებითი განაცდური, გათავისუფლების აქტის ბათილად ცნობა იწვევს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ. N2/3/630 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ბ-ის საკონსტიტუციო სარჩელი და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად იწვევს ზიანის სრული ანაზღაურების ვალდებულებას. კონსტიტუციის ხსენებული დებულება იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას, მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას. შესაბამისად თ.ბ-ს იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო, კერძოდ, თანამდებობრივი სარგო, რომელიც ხელფასის შემადგენელი პრემირებისა და დანამატებისაგან განსხვავებით გაიცემა მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების ან/და კვალიფიკაციის მიუხედავად, უნდა აუნაზღაურდეს სრული მოცულობით, კერძოდ სამსახურიდან განთავისუფლების პერიოდიდან სამსახურში აღდგენამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება, ახალი გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.2014 წ. განჩინება და საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 02.06.2014წ. №02217 ბრძანება „თ. ბ-ის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“. თ. ბ-ი აღდგენილ იქნეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;

4. თ. ბ-ის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს. მოპასუხეს – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს აუნაზღაუროს თ. ბ-ს იძულებითი განაცდური – სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე