Facebook Twitter

№ბს-211-207(კ-15) 10 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

სხდომის მდივანი _ თამარ ჭანტურაია

კასატორი _ ა. ჟ-ი

წარმომადგენელი – ს. ფ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური

წარმომადგენელი - ა. მ-ი

მესამე პირი – მ. შ-ე

წარმომადგენელი – მ. ხ-ე

მესამე პირი - სს „...“ უფლებამონაცვლე სს „თ...“

წარმომადგენელი – შ. ჯ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 6 თებერვალს ა. ჟ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2014 წლის 13 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და ქ. ბათუმში, ... ქ. #13-ში მდებარე, მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, ... საკადასტრო კოდით, დაზუსტებული საკადასტრო ერთეულით რეგისტრაცია მოითხოვა. ა. ჟ-ს მიწის ნაკვეთი 2007 წლიდან დარეგისტრირებული ჰქონდა საკუთრებაში დაუზუსტებელი მონაცემებით.

მოსარჩელის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა 2014 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მისი მეზობლის - მ. შ-ის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში და ამის გამო წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა 2014 წლის 22 იანვრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ა. ჟ-ს გადასცა სიტუაციური ნახაზი, რომლითაც დადგინდა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადაფარვაში იყო მეზობელ მ. შ-ის სახელზე რეგისტრირებულ 359 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან, საკადასტრო კოდით - .... ამის შემდეგ, მოსარჩელემ საჯარო რეესტრიდან ამოიღო მიწის ნაკვეთის ცნობა-დახასიათება და უფლების დამდგენი დოკუმენტი (სამკვიდრო მოწმობა), რომლებითაც ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ მისი მიწის ნაკვეთის ფართობი იყო 414,95 კვ.მ., ხოლო დაზუსტებული ნახაზით მას რეგისტრაცია მოთხოვნილი ჰქონდა 391 კვ.მ. ფართობზე. შესაბამისად, გაუგებარი იყო, როგორ აღმოჩნდა მ. შ-ის საკუთრებაში ა. ჟ-ის სახლის მიმდებარე ტერიტორია და საცხოვრებელი სახლის ნაწილიც. მოსარჩელის მითითებით, მ. შ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტებით მიწის ნაკვეთი შეადგენდა 306 კვ.მ-ს და არა 359 კვ.მ-ს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. ბათუმში, ... ქ. #13-ში მდებარე 359 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) მ. შ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 27 სექტემბრის №882013370717-09 გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელის საკუთრების გადაფარვის (ზედდების) ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში მესამე პირად ჩაება მ. შ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ჟ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმში ... ქ. №13-ში მდებარე, 359 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) დაზუსტებული საკადასტრო მონაცემით მ. შ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 27 სექტემბრის №882013370717-09 გადაწყვეტილება მოსარჩელის საკუთრების გადაფარვის (ზედდების) ნაწილში; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. შ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, ქ. ბათუმში, ... ქ. №13-ში მდებარე 359 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) დაზუსტებული საკადასტრო მონაცემით საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, მოსარჩელის საკუთრების გადაფარვის (ზედდების) ნაწილში.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ა. ჟ-ს და მესამე პირს - მ. შ-ეს ქ. ბათუმში, ... ქ. #11-სა და #13-ში გააჩნიათ ერთმანეთის მომიჯნავე საკუთრება - მიწის ნაკვეთები, ზედ განთავსებული საცხოვრებელი სახლებით. მხარეთა შორის წლების განმავლობაში შეთანხმებული იყო სახლთმფლობელობის გამყოფი პირობითი მიჯნა, რასთან დაკავშირებითაც მათ დავა არ ჰქონიათ.

2013 წლის 5 აგვისტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში მ. შ-ის მიერ წარდგენილ იქნა #882013370717 სარეგისტრაციო განაცხადი, საკადასტრო კოდით - ..., რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. #11-ში. განაცხადს თან ერთვოდა საინვენტარიზაციო გეგმა, სახლთმფლობელობის პასპორტის ასლი, შიდა აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, დისკი (ელექტრონული ვერსია) და სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დოკუმენტი. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან დადგინდა ზედდება რეგისტრირებულ მონაცემებთან. 2013 წლის 17 სექტემბერს მ. შ-ემ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში დამატებით წარადგინა დისკი (ელექტრონული ვერსია) და 2013 წლის 27 სექტემბერს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც ქ. ბათუმში, ... ქ. #11-ში მდებარე უძრავი ნივთი, 359 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 264 კვ.მ. შენობა-ნაგებობა დაზუსტებული მონაცემებით მ. შ-ის საკუთრებად აღირიცხა.

2007 წლის 12 თებერვლიდან ა. ჟ-ს საკუთრების უფლება დარეგისტრირებული ჰქონდა დაუზუსტებელი მონაცემებით ქ. ბათუმში, ... ქ. #13-ში მდებარე უძრავ ქონებაზე - 414 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და 134.3 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე, საკადასტრო კოდით - .... 2014 წლის 13 იანვარს ა. ჟ-მა განცხადებით მიმართა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც მოითხოვა ქ. ბათუმში, ... ქ. #13-ში მდებარე, საკადასტრო კოდით - .... მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, დაზუსტებული საკადასტრო ერთეულით რეგისტრაცია. 2014 წლის 17 იანვრის #8820140110014-03 გადაწყვეტილებით ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე, მ. შ-ის მიწის ნაკვეთის საზღვრებში, დაახლოებით 8 კვ.მ-ის ოდენობით და წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. 2014 წლის 22 იანვარს ა. ჟ-ს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა გადასცა სიტუაციური ნახაზი, რომლის თანახმად, ა. ჟ-ის მიწის ნაკვეთი გადაფარვაში იყო მეზობელ მ. შ-ის რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. #11-ში მდებარე უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით .... 359 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთსა და 264 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე მ. შ-ის საკუთრების უფლების დაზუსტებული მონაცემებით ცვლილების რეგისტრაციისას, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მარეგისტრირებელ ორგანოს მოცემულ შემთხვევაში უნდა მოეხდინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების ზუსტი და ზედმიწევნით გამოკვლევა და ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება.

სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. #11-ში მდებარე საკუთრებაზე, მ. შ-ის სახლთმფლობელობის შესახებ ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ შედგენილ დოკუმენტებში, მიწის ნაკვეთის ოდენობა სხვადასხვა მონაცემებით იყო აღრიცხული, რისი შეფასებაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა. დადგენილია, რომ მ. შ-ემ საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლზე მიიღო მ. კ-ისაგან. 2002 წლის 10 ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, სამკვიდრო ქონება შეადგენდა 302.8 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და ზედ განთავსებულ საცხოვრებელ სახლს - 76.70 კვ.მ. საცხოვრებელი და 32.2 კვ.მ. დამხმარე ფართით. თავის მხრივ, მ. კ-ემ უძრავი ქონება შეიძინა 1959 წელს ი. დ-ოსგან, ხოლო 1976 წლის 29 იანვარს მ. კ-ის სახელზე გამოწერილი სახლთმფლობელობის პასპორტში მითითებულია, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. #11-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 358 კვ.მ.-ს, ხოლო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ოდენობად აღნიშნულია 303 კვ.მ. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ტექბიუროს სააღრიცხვო დოკუმენტებით მ. შ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართობი ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი ოდენობით არ იყო დადგენილი.

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელე ა. ჟ-მაც ქ. ბათუმში, ... ქ. #13-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მემკვიდრეობით მოიპოვა. 1993 წლის 2 ივლისს მას მამკვიდრებლისგან საკუთრებაში გადაეცა 134.3 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობდა 414,95 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლომ განმარტა, რომ მ. შ-ის მიერ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისათვის 2013 წლის 5 აგვისტოს წარდგენილ სარეგისტრაციო განაცხადზე თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და შიდა აზომვითი ნახაზი - მიწის ნაკვეთის ფართის ოდენობისა და მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან საზღვრის განსაზღვრის შესახებ, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სრულყოფილი და დაზუსტებული მონაცემების შემცველ დოკუმენტად არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული.

სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომლები პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე, რა მიზნითაც სარეგისტრაციო სამსახურის მხრიდან, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იქნეს ყველა დაცული დოკუმენტი და მათ შორის, უფლების რეგისტრაციის საფუძველი. სასამართლო გამორიცხავს რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობას და მიაჩნია, რომ უძრავი ნივთების ნამდვილი მდგომარეობა და მათ შესახებ რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო იგივეობის (გადაფარვა, ზედდება) გამოვლენის შემთხვევაში, ანგარიში უნდა გაეწიოს იმას, თუ ვის გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს უფლებათა რეგისტრაციისა და რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობის პრინციპი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 27 სექტემბრის #882013370717 გადაწყვეტილება ა. ჟ-ის საკუთრების გადაფარვის (ზედდების) ნაწილში, გამოცემულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქარველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, გასაჩივრებული აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ეცნო გასაჩივრებული აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი აქტი, მ. შ-ის განცხადებაზე ქ. ბათუმში, ... ქ. #11-ში მდებარე 359 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით - ..., დაზუსტებული საკადასტრო მონაცემით საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, მოსარჩელის საკუთრების გადაფარვის (ზედდების) ნაწილში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. შ-ემ და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კდოექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით საქმეში მესამე პირად ჩაება სს „... “.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. შ-ისა და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ჟ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას - გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს სრული პროცესუალური უფლებამოსილება ჰქონდა, თავად გადაეწყვიტა დავა და არ გამოეყენებინა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მულის მე-4 პუნქტის დანაწესი, ვინაიდან გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო დარღვეული აქტის გამოცემის ის პროცედურები, რაც უპირობოდ შექმნიდა საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების წინაპირობას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტი. ამ ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისთვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. #11-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მ. შ-ის უფლება დადგენილია ნასყიდობის ხელშეკრულებით, სამკვიდრო მოწმობითა და ტექნიკური ინვენტარიზაციის მონაცემებით, რის საფუძველზეც მიწის ნაკვეთის ფართობის ფაქტობრივმა ოდენობამ ნაცვლად 302.8 კვ.მეტრისა, შეადგინა 358 კვ.მ., რაც სრულ შესაბამისობაშია როგორც სახლთმფლობელობის პასპორტისა და საინვენტარიზაციო გეგმის მონაცემებთან, ისე უძრავი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობასთანაც. კერძოდ, საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთები ადრეული პერიოდიდან ფაქტობრივად გამოყოფილია ქვითკირის მყარი ღობით.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრში აპელანტისა და მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების ზედდება გამოწვეულია ამ უკანასკნელის დაკვეთით შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებთან შეუსაბამობით. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მ. შ-ის კუთვნილი უძრავი ქონების დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციისას წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შეუსაბამობა მითითებული ინსტრუქციის მოთხოვნებთან, მათ შორის, ინსტრუქციის 14.4 დანაწესით დადგენილ რეგისტრაციის დამატებით პირობებთან, საქმის მასალებით არ დგინდება. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ ზედდების ნაწილში მიწის ნაკვეთზე ა. ჟ-ის საცხოვრებელი სახლის ფუნქციონირებისათვის საკანალიზაციო მილის მდებარეობა არ შეიძლება გახდეს აპელანტის საკუთრების უფლების გაუქმების საფუძველი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტ მ. შ-ის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში - გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გასაჩივრების უფლებას, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოცემული ნორმის დანაწესი ეხება ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეებს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე არ წარმოადგენდა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლისას მხედველობაში არ მიიღება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მარეგისტრირებელი ორგანოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნების თარიღი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ჟ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სადავოდ გახადა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც სააპელაციო საჩივრის ავტორები პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს სადავოდ არ ხდიდნენ. სააპელაციო სასამართლომ უფლების დამდგენ დოკუმენტად მიიჩნია საინვენტარიზაციო გეგმა მაშინ, როცა მ. შ-ემ ქონებაზე უფლება მოიპოვა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა საინვენტარიზაციო გეგმა. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ საინვენტარიზაციო გეგმაში მ. შ-ის სახლთმფლობელობის ამსახველი მიწის ნაკვეთის ნაწილი დაშტრიხული იყო ა. ჟ-ის საზღვრის გასწვრივ, რაც არ იყო ასახული სამკვიდრო მოწმობაში. საჯარო რეესტრის წარმომადგენლის განმარტებით, დაშტრიხული ნაწილი მ. შ-ეს დაურეგისტრირდა მართლზომიერად აღიარების გზით იმ პირობებში, როცა იგი განაცხადით არ ითხოვდა მის აღიარებას.

სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ ზედდებაში მოყოლილი 8 კვ.მ. უძრავი ქონებიდან 4 კვ.მ. მოიცავდა ა. ჟ-ის საცხოვრებელი სახლის ნაწილს, რაც დადასტურებულია საჯარო რეესტრის მიერ გაცემული სიტუაციური ნახაზით და შპს „... “ დასკვნით. ამდენად, გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელზეც გადის კომუნიკაციები, ა. ჟ-ის სახლის ნაწილიც დღეის მდგომარეობით დარეგისტრირებულია მ. შ-ის სახელზე.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი, მართალია, პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების ნამდვილობაზე, თუმცა ისინი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს, ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას. სასამართლომ არ გამოიყენა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციას. აღნიშნული ნორმის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად დადგინდებოდა სადავო უძრავ ნივთებზე ზედდება (გადაფარვა), ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მოეხდინა სამართლებრივი ანალიზი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ წარმოადგენდა ეს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება მ. შ-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო ნახაზის საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამომრიცხავ საფუძველს.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და აღნიშნა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს არ ჰქონდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების უფლება, ვინაიდან ეს შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ საჯარო რეესტრის მიერ აქტის გამოკვლევის გარეშე მიღების შემთხვევაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ჟ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განჩინებით ა. ჟ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის საოქმო განჩინებით განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩაბმული სს „...“ უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სს „თ...“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ჟ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 1995 წლის 26 ივლისს ა. ჟ-მა მიიღო გარდაცვლილი მამის დანაშთი ქონება - ქ. ბათუმში, ... ქ. #13-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი სასარგებლო ფართით 134.3 კვ.მ. განთავსებული 414.95 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე გარდაცვლილის საკუთრების უფლება დასტურდებოდა სარეგისტრაციო მოწმობისა და ქ. ბათუმის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1995 წლის 13 ივლისს გაცემული ცნობა-დახასიათების საფუძველზე. 1995 წლის 31 ივლისს ა. ჟ-ის სახელზე კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე ქ. ბათუმის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ შედგა საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი, რომლის მიხედვით მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ოდენობად მიეთითა 414.45 კვ.მ. ამავე დოკუმენტში მითითებულია მიწის ნაკვეთის გეგმა-ნახაზი შესაბამისი პარამეტრებით.

ასევე დადგენილია, რომ მ. შ-ემ საკუთრების უფლება ქ. ბათუმში, ... ქ. #11-ში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლზე მიიღო გარდაცვლილი დედისაგან - მ. კ-ისაგან. 2002 წლის 10 ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, სამკვიდრო ქონება შეადგენდა საცხოვრებელი სახლის სასარგებლო ფართს - 109 კვ.მ-ს განთავსებულ 302.8 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული სახლთმფლობელობის პასპორტის დახასიათებით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. #11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიწის ფართობი, გამოყოფის საბუთებით შეადგენდა 302.8 კვ.მეტრს, ხოლო ინვენტარიზაციის მონაცემებით, 1976 წელს მ. კ-ის სახელზე გამოწერილი სახლთმფლობელობის პასპორტით - 358 კვ.მ.-ს. მითითებული უძრავი ქონება კი განთავსებული იყო ქალაქის მერიის მიწის ნაკვეთზე.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ 2007 წლის 12 თებერვალს ა. ჟ-ის საკუთრების უფლებით, 1995 წლის 26 ივლისს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ქ. ბათუმში, ... ქ. #13-ში მდებარე 414.95 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართის მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები - სასარგებლო ფართით 134.3 კვ.მ.

საჯარო რეესტრის ამონაწერით ასევე დადგენილია, რომ 2002 წლის 22 ოქტომბერს მ. შ-ის საკუთრების უფლებით 2002 წლის 10 ოქტომბერს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული #2-66 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ქ. ბათუმში, ... ქ. #11-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები საკადასტრო კოდით - .... 2013 წლის 5 აგვისტოს სარეგისტრაციო განაცხადის შესაბამისად, ი/მ „ლ. თ-ის“ მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით მოხდა უძრავი ქონების დაზუსტება, რის შედეგადაც მ. შ-ის საკუთრების უფლებით აღირიცხა 359 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 264 კვ.მ. საკადასტრო კოდით - ....

2014 წლის 13 იანვარს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ა. ჟ-მა, რომელმაც ქ. ბათუმში, ... ქ. #13-ში მდებარე უძრავი ქონების დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრაცია მოითხოვა. 2014 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მისი მეზობლის - მ. შ-ის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, დაახლოებით, 8 კვ.მ. ოდენობით და წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ა. ჟ-ის წერილობითი მოთხოვნის შემდგომ, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა მას გადასცა სიტუაციური ნახაზი, რომლის თანახმად დადგენილია, რომ ა. ჟ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადაფარვაში იყო მ. შ-ის სახელზე რეგისტრირებულ 359 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან.

მოცემულ შემთხვევაში განსახილველი დავის საგანს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 27 სექტემბრის #882013370717-09 გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, მ. შ-ის სახელზე საკუთრების უფლების (359 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით ...) რეგისტრაციის კანონიერების დადგენა წარმოადგენს. აღნიშნული რეგისტრაციის გაუქმებას ა. ჟ-ი ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მ. შ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი იჭრებოდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და განსახილველი სამართალურთიერთობის მიმართ გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს და მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტი მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რასაც ეთანხმება საკასაციო სასამართლო.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკაშირებული ურთიერთობები მოწესრიგებულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით“, რომლებითაც რეგულირდება უძრავ ნივთებზე უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაციის წესი და პირობები, სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები და განისაზღვრება საჯარო რეესტრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების წესი. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენდა როგორც საჯარო რეესტრის, ისე ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გამგებლობის სფეროში არსებული ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული ორგანოების შექმნის საკანონმდებლო აქტს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობის ტექნიკურ აღრიცხვა-დახასიათებას, ინვენტარიზაციასა და პასპორტიზაციას ახორციელებდნენ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურები და ამ მონაცემებს წარუდგენდნენ საჯარო რეესტრის სამსახურს, რომელიც, თავის მხრივ, ახდენდა უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციას. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის N416 ბრძანებულებით გამოცხადდა ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაცია, რის გამოც ამ სამსახურებში არსებულ მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და არქივის მასალები გადაეცა სწორედ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლის ჩამოყალიბებამდე, კერძოდ, 1998 წლის 10 იანვრამდე ტექნიკური აღრიცხვის სამსახურების კომპეტენციას მიეკუთვნებოდა უძრავ ქონებაზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე უფლების რეგისტრაცია. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურებში უძრავი ქონების კონკრეტული პირის სახელზე რეგისტრაცია უდავოდ წარმოშობდა ამ პირის კანონიერ უფლებას რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან მიმართებაში.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. #11-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მ. შ-ის საკუთრების უფლება დგინდება ნასყიდობის ხელშეკრულებით, სამკვიდრო მოწმობითა და ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებით, რის საფუძველზეც მიწის ნაკვეთის ფართობის ფაქტობრივმა ოდენობამ ნაცვლად 302.8 კვ. მეტრისა შეადგინა 358 კვ.მ., რაც სრულ შესაბამისობაშია როგორც სახლთმფლობელობის პასპორტისა და საინვენტარიზაციო გეგმის მონაცემებთან, ისე უძრავი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობასთანაც, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთები ადრეული პერიოდიდან ფაქტობრივად გამოყოფილია ქვითკირის მყარი ღობით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ საინვენტარიზაციო გეგმით მ. შ-ის სახლთმფლობელობის ამსახველი მიწის ნაკვეთის ნაწილი დაშტრიხული (ზედდებაში) იყო ა. ჟ-ის საზღვრის გასწვრივ, რაც არ იყო ასახული სამკვიდრო მოწმობაში. ამასთან, ზედდებაში მოყოლილი 8 კვ.მ. უძრავი ქონებიდან 4 კვ.მ. მოიცავდა ა. ჟ-ის საცხოვრებელი სახლის ნაწილს, რაც დადასტურებულია საჯარო რეესტრის მიერ გაცემული სიტუაციური ნახაზით და შპს „... “ დასკვნით. ასევე, გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელზეც გადის კომუნიკაციები, ა. ჟ-ის სახლის ნაწილიც დღეის მდგომარეობით მ. შ-ის სახელზეა დარეგისტრირებული.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ა. ჟ-ისა და მ. შ-ის კუთვნილი უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების ზედდება გამოწვეულია კასატორის დაკვეთით შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებთან შეუსაბამობით. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მ. შ-ის კუთვნილი უძრავი ქონების დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციისას წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შეუსაბამობა მითითებული ინსტრუქციის მოთხოვნებთან საქმის მასალებით არ დასტურდება. ამასთან, საკასაციო პალატის სხდომაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარმოადგინა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ შექმნილი სადავო უძრავი ქონების სიტუაციური ნახაზი, რომლითაც მოხდა დაინტერესებული მხარეების მიერ მითითებული ნაკვეთების და მათზე არსებული შენობა-ნაგებობების აგეგმვა და ფაქტობრივი სიტუაციის დაფიქსირება. აღნიშნული დოკუმენტით დადგინდა, რომ მესამე პირის - მ. შ-ის მიერ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზი აბსოლუტურ შესაბამისობაშია საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან, მაშინ, როცა ა. ჟ-ის მიერ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზი იჭრება მესამე პირის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთში. ამდენად, მ. შ-ის სახელზე დარეგისტრირებული საკუთრების მიჯნა გადის სწორედ ა. ჟ-ის სახლის კედელზე, რაც ფაქტობრივად არსებობდა მრავალი წლის განმავლობაში და დღემდე მხარეთა უძრავი ქონება გამოყოფილია ა. ჟ-ის სახლის კედლითა და მის გასწვრივ მდებარე ქვითკირის მყარი ღობით. 1960-ინი წლებიდან სწორედ ამ მდგომარეობით ახორციელებდნენ მხარეები და მათი წინაპრები საკუთრების ფლობას და სარგებლობას. რაც შეეხება მიწის ნაკვეთზე ა. ჟ-ის სახლის ფუნქციონირებისათვის საკანალიზაციო მილის მდებარეობას, იგი არ შეიძლება გახდეს მ. შ-ის საკუთრების უფლების გაუქმების საფუძველი, მით უფრო, რომ ეს უკანასკნელი არასოდეს წინააღმდეგი არ ყოფილა ა. ჟ-ს ესარგებლა სახლის კედელზე გამავალი კომუნიკაციებით. ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის სრული დაცვით და ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული კანონის, კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი და 23-ე მუხლი, რომლებიც ეხება მარეგისტრირებელი ორგანოს პასუხისმგებლობას რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბმისობასა და უსაფრთხოებაზე, ასევე, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სრულიად კანონიერად მისცა მათ სამართლებრივი შეფასება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ზემოაღნიშნული ნორმების გამოყენების აუცილებელი წინაპირობა.

ამდენად, კასატორს - ა. ჟ-ს საკასაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააბათილებდა სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ჟ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ჟ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი