Facebook Twitter

№ბს-250-246(კ-15) 10 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ თამარ ჭანტურაია

კასატორი _ ნ. ც-ა

წარმომადგენელი – ნ. ქ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - მ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობა

წარმომადგენელი – მ. ყ-ი

მესამე პირი - ც. ს-ე

წარმომადგენელი - ა. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 21 მაისს ნ. ც-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია. 1999 წლიდან ცხოვრობს ..., ... მ/რ, კორპუსი #37-ში, ხოლო 2002 წლიდან რეგისტრირებულია ამავე მისამართზე. სადავო ფართში ცხოვრების უფლება მას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან ჰქონდა, ვინაიდან იმ დროისთვის აღნიშნული უძრავი ქონება არავისზე არ იყო რეგისტრირებული.

მოსარჩელის მითითებით, სადავო ფართში მცხოვრებმა დევნილებმა 2002 წელს მიმართეს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას უძრავი ქონების პრივატიზაციისა და რეესტრში აღრიცხვასთან დაკავშირებით, თუმცა გამგეობამ 2002 წლის 26 ნოემბრის #5823 წერილით უარი უთხრა მათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნული კორპუსი დაუსრულებელი იყო, საჭიროებდა ექსპლუატაციაში მიღებას და მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი მისი პრივატიზაციის პროცესის დასრულება. გარდა ამისა, მოსარჩელემ სხვა დევნილებთან ერთად არაერთხელ მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს უძრავ ქონებაზე ცნობა-დახასიათების გაცემის შეახებ, მაგრამ 2007 წლის 6 აგვისტოს წერილით ამ უკანასკნელმა უარი უთხრა მათ ცნობა-დახასიათების გაცემაზე რეესტრში არაღრიცხვის გამო. 2013 წლის 16 იანვარს ქონების ამჟამინდელმა მესაკუთრემაც - ც. ს-ემ მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს უძრავ ქონებაზე ცნობა-დახასიათების გაცემის თაობაზე, რაზეც უარი მიიღო უძრავი ქონების რეესტრში არაღრიცხვის მოტივით.

მოსარჩელის განმარტებით, მას 2013 წლის 15 ნოემბერს თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ ჩაბარდა გაფრთხილების ოქმი, რომლითაც სადავო საცხოვრებელი ფართი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ეკუთვნოდა ც. ს-ეს და 10 დღის ვადაში უნდა მომხდარიყო ბინის გამოთავისუფლება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ ქ. თბილისის სამგორის გამგეობის მიერ გაცემული საკუთრების მოწმობით ც. ს-ემ საკუთრებაში მიიღო სადავო უძრავი ქონება. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სამგორის რაიონის გამგეობამ კანონის შესაბამისად არ შეამოწმა ც. ს-ე იყო თუ არა აღნიშნული ქონებით მოსარგებლე, რადგან ქონების გადაცემისთვის აუცილებელი პირობაა ამ ქონებით სარგებლობა.

2013 წლის 10 დეკემბერს მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მერიას სამგორის რაიონის გამგეობის 2013 წლის 1 ივლისის #83 განკარგულებისა და 2013 წლის 2 ივლისის #32 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე. ნ. ც-ას 2014 წლის 17 იანვარს თბილისის მერიის #59 განკარგულებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ 2004 წლის 28 ოქტომბრიდან აღნიშნულ მისამართზე ირიცხება როგორც აბონენტი და დღემდე იხდის კომუნალურ გადასახადებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის 2013 წლის 1 ივლისის #83 განკარგულების, 2013 წლის 2 ივლისის #32 საკუთრების მოწმობისა და ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 17 იანვრის #59 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ც. ს-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ც-ას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის 2013 წლის 1 ივლისის #83 განკარგულებით ც. ს-ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ..., ... მ/რ, კორპუსი #35, I სადარბაზო, მე-2 სართული, მარჯვენა მხარეს. 2013 წლის 2 ივლისს გაცემული #32 საკუთრების უფლების მოწმობით დადასტურებულია, რომ ც. ს-ეს ზემოაღნიშნულ მისამართზე გადაეცა სახელმწიფო საბინაო ფონდის საცხოვრებელი ბინა. ქ. თბილისის მერიაში 2013 წლის 10 დეკემბერს წარდგენილ იქნა ნ. ც-ას ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოითხოვა სამგორის რაიონის გამგეობის 2013 წლის 1 ივლისის #83 განკარგულებისა და 2013 წლის 2 ივლისის #32 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა. 2014 წლის 17 იანვრის #59 განკარგულებით ნ. ც-ას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

2013 წლის 22 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ..., ... მ/რ, კორპუსი #35, I სადარბაზო, მე-2 სართული, ბინა #5-ში მდებარე 79.48 კვ.მ. ფართის მესაკუთრეა ც. ს-ე. ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 21 მარტის მიმართვის თანახმად, დასტურდება, რომ ნ. ც-ა მონაცემთა ბაზის მიხედვით 2002 წლიდან რეგისტრირებულია დევნილად (სარეგისტრაციო #...) მისამართზე - ქ. თბილისი, სამგორი, ..., ... მ/რ, კორპუსი #37.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისთვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესით“ რეგულირდება სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის, ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები, ამ პროცესში წარმოშობილი ურთიერთობები და განისაზღვრება ბრძანებულებით გათვალისწინებული ურთიერთობების მხარეები და მათი უფლებამოსილება. ამასთან, მითითებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ამ დებულების შესაბამისად, ხორციელდება ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში არსებული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. სასამართლო ასევე მიუთითებს ამავე ბრაძანებულების მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლეა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნული დებულების მიზნებისთვის ფართის კანონიერ მოსარგებლეს წარმოადგენს ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საჭიროა ფიზიკური პირის მხრიდან არაპრივატიზებული ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტიც. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად ადმინისტრაციულ ორგანოში მესამე პირის მიერ წარდგენილ იქნა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის საკრებულოს გამგეობის მიერ 1991 წლის 29 აგვისტოს გაცემული #4-27/960 განკარგულება, რომლის თანახმად, ც. ს-ე, როგორც გ. ს-ის ოჯახის წევრი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ბინით. ამდენად, მესამე პირმა გამგეობას წარუდგინა კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი - განკარგულება, რაც საკმარის საფუძველს ქმნიდა სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემისათვის და ის გარემოება, რომ განმცხადებელი ვერ ფლობდა იმ ფართს, რომლის პრივატიზაციასაც ითხოვდა, ვერ გახდება ფართის პრივატიზაციაზე უარის თქმის საფუძველი.

სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოსარჩელის, როგორც დაინტერესებული პირის მონაწილეობის გარეშე, ასევე ვერ იქნება მიჩნეული კანონის ისეთ დარღვევად, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლომ მიუთითა, რომ ფართის პრივატიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სავალდებულო არ იყო მოსარჩელის ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მიწვევა.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისთვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესში“ 2009 წელს განხორციელებული ცვლილებით დადგინდა, რომ ხსენებული წესი არ ვრცელდებოდა დევნილების მიერ დროებით დაკავებული ფართების მიმართ. ამდენად, უდავოა, რომ სადავო ფართში მოსარჩელის რეგისტრაცია არ წარმოშობს ამ ფართის მისთვის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის მიერ გამოკვლეული იყო საქმეზე წარდგენილი ყველა არსებითი მტკიცებულება და შესაბამისად, მის მიერ გამოცემული სადავო 2013 წლის 1 ივლისის #83 განკარგულებისა და აღნიშნული აქტის საფუძველზე გაცემული 2013 წლის 2 ივლისის #32 საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. შესაბამისად, არ არსებობდა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ქ. თბილისის მერიის უარის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ც-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. ც-ას სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებისას მიუთითა მათზე და დამატებით განმარტა, რომ მესამე პირი - ც. ს-ე უდავოდ გვევლინება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით - საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისთვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესით“ გათვალისწინებულ სუბიექტად - საცხოვრებელი ფართის კანონიერ მოსარგებლედ. რაც შეეხება მეორე სამართლებრივ საკითხს - საცხოვრებელი ბინის ფაქტობრივ ფლობას, უდავოა, რომ განკარგულების გამოცემის მომენტში (1991წ.) სადავო საცხოვრებელი ბინის მშენებლობა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. განკარგულების გამოცემის მიუხედავად, განკარგულების სუბიექტებმა გ. ს-ემ და მისი ოჯახის წევრებმა თავიდანვე ვერ შეძლეს მათთვის მინიჭებული უფლების რეალიზება - ბინაში საცხოვრებლად გადასვლა იმ მიზეზით, რომ იმ დროისთვის აღნიშნული ბინა წარმოადგენდა საცხოვრებლად უვარგის ადგილს, ნახევრად აშენებულ ნაგებობას, რომელშიც არ არსებობდა ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობები. ასევე, ბინის განკარგვის მიუხედავად, #35 კორპუსი დღემდე არ არის მიღებული ექსპლუატაციაში. შესაბამისად, სააპელაციო პალატის აზრით, დაუშვებელია, რომ სადავო საცხოვრებელი ბინის ფაქტობრივი ფლობის საკითხი განიმარტოს მესამე პირის - ც. ს-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნ. ც-ას, როგორც დევნილის, სადავო საცხოვრებელი ბინის მისამართის მიხედვით რეგისტრაციის იურიდიული ფაქტი, აგრეთვე ის ფაქტი, რომ სადავო ბინაში ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობს სხვა პირი - ნ. ც-ა, არ აკნინებს თბილისის ისანი-სამგორის რაიონის საკრებულოს გამგეობის 1991 წლის 29 აგვისტოს #4-27/960 განკარგულების სამართლებრივ მნიშვნელობას, ვინაიდან განკარგულება წარმოადგენს სამართლებრივ აქტს, რომელშიც გამოხატულია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) უფლებამოსილი ორგანოს ნება, მისი კუთვნილი ქონების ც. ს-ის სასარგებლოდ განკარგვის, მისთვის სარგებლობაში (საკუთრებაში) გადაცემის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ც-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მოცემულ დავას. კერძოდ, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულება. მითითებული ბრძანებულების თანახმად, იმისათვის, რომ პირს მიეღო საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში, უნდა დაეკმაყოფილებინა ორი მოთხოვნა: მას უნდა ჰქონოდა გარკვეული სახის დოკუმენტი და დაედასტურებინა ფართის ფლობის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში მხარეს მართლაც გააჩნდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის განკარგულება, თუმცა მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ მოახერხა. ც. ს-ეს უნდა დაესაბუთებინა, რომ იგი ნამდვილად ფლობდა საკუთრებაში არსებულ ბინას, ან უნდა წარმოედგინა ბინის ფლობის ხელშემშლელი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

კასატორის მითითებით, ც. ს-ე მხოლოდ მაშინ დაინტერესდა სადავო ფართით, როცა მან ნორმალურ საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოიყვანა სადავო ბინა. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა აღნიშნულ ბინაში ნ. ც-ას რეგისტრაციის, მრავალწლიანი ცხოვრებისა და ფლობის ფაქტზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ც-ას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ნ. ც-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ც-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2012 წლის 6 დეკემბერს მესამე პირმა - ც. ს-ემ განცხადებით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას და ქ. თბილისში, ..., ... მ/რ, კორპუსი #35, I სადარბაზო, მე-2 სართულზე მარჯვენა მხარეს მდებარე საცხოვრებელი ბინის მისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა, რის სამართლებრივ საფუძველსაც წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისთვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“, ხოლო ფაქტობრივ საფუძველს - თბილისის ისანი-სამგორის საკრებულოს გამგეობის 1991 წლის 29 აგვისტოს #4-27/960 განკარგულება. დადგენილია, რომ მითითებული განკარგულებით მიღებულ იქნა საბინაო საკითხთა საზოგადოებრივი კომისიის წინადადება და მოქალაქე გ.ვ. ს-ეს, მოიხსნა რა იგი აღრიცხვიდან, 4 სულზე გამოეყო 42 კვ.მ. ფართის სამი ოთახი ზემოაღნიშნულ მისამართზე. ამავე განკარგულებით გადაწყდა, რომ გ.ვ. ს-ის შვილი - შ. ს-ე მცირეწლოვან შვილთან ერთად დარჩებოდა საცხოვრებლად ძველ მისამართზე მდებარე ერთოთახიან კოოპერატიულ ბინაში.

ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის 2013 წლის 1 ივლისის #83 განკარგულებით დაკმაყოფილდა ც. ს-ის განცხადება. მას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ..., ... მ/რ, კორპუსი #35, I სადარბაზო, მე-2 სართული, მარჯვენა მხარეს. ამავე განკარგულების საფუძველზე 2013 წლის 2 ივლისს ც. ს-ის სახელზე გაიცა ასევე #32 საკუთრების უფლების მოწმობა. დღეის მდგომარეობით, ქ. თბილისი, ..., ... მ/რ, კორპუსი #35, I სადარბაზო, მე-2 სართული, ბინა #5, 79.48 კვ.მ. ფართით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მესამე პირის - ც. ს-ის საკუთრების უფლებით.

ასევე დადგენილია, რომ ნ. ც-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი. 1999 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ..., ... მ/რ, კორპუსი #37-ში, ხოლო 2002 წლიდან რეგისტრირებულია ამავე მისამართზე, მაშინ, როცა ც. ს-ეს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება ქ. თბილისში, ..., ... მ/რ, კორპუსი #35-ში.

ნ. ც-ამ 2013 წლის 10 დეკემბერს ქ. თბილისის მერიაში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც 2013 წლის 2 ივლისის #32 საკუთრების უფლების მოწმობისა და სამგორის რაიონის გამგეობის 2013 წლის 1 ივლისის #83 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა. ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 17 იანვრის #59 განკარგულებით ნ. ც-ას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

განსახილველი დავის საგანს სწორედ სამგორის რაიონის გამგეობის 2013 წლის 1 ივლისის #83 განკარგულების, 2013 წლის 2 ივლისის #32 საკუთრების მოწმობისა და ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 17 იანვრის #59 განკარგულების კანონიერების დადგენა წარმოადგენს, რომლებითაც ც. ს-ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა სადავო ბინა.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოების დადგენას, ც. ს-ე იყო თუ არა სადავო ფართის კანონიერი მოსარგებლე. შესაბამისად, შეფასება უნდა მიეცეს იმ უმნიშვნელოვანეს საკითხს, წარმოადგენდა თუ არა იგი მასზე საკუთრების უფლების მოპოვების მქონე სუბიექტს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და განსახილველი სამართალურთიერთობის მიმართ გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს და მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს დებულება არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის, ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს ბრძანებულებით გათვალისწინებული ურთიერთობების მხარეებსა და მათ უფლებამოსილებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლეა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. აღნიშნულ ნორმაში მითითებულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებითაც უნდა იქნეს დადასტურებული კანონიერი სარგებლობის ფაქტი, თუმცა კანონმდებელი არ იძლევა ამ დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს და ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას დაეყრდნოს უძრავი ქონების კანონიერი სარგებლობის ფაქტის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტებსაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს თვალსაზრისით, იმისათვის, რომ პირი ჩაითვალოს კანონიერ მოსარგებლედ, საჭიროა კუმულაციურად ორი პირობის არსებობა - პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) და ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა სარგებლობდეს სადავო ფართით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ მესამე პირი - ც. ს-ე ნამდვილად გვევლინება ზემოაღნიშნული დებულებით გათვალისწინებულ სუბიექტად - საცხოვრებელი ფართის კანონიერ მოსარგებლედ იმ უდავო ფაქტიდან გამომდინარე, რომ სადავო საცხოვრებელი ბინა ც. ს-ის მეუღლეს - გ. ს-ეს გამოეყო სარგებლობაში გადაცემის მიზნით ჯერ კიდევ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის საკრებულოს გამგეობის 1991 წლის 29 აგვისტოს #4-27/960 განკარგულებით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულების თანახმად, იმისათვის, რომ პირს მიეღო საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში, უნდა დაეკმაყოფილებინა ორი მოთხოვნა: მას უნდა ჰქონოდა გარკვეული სახის დოკუმენტი და დაედასტურებინა ფართის ფლობის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო საცხოვრებელი ბინის ფაქტობრივი ფლობის საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის საკრებულოს გამგეობის 1991 წლის 29 აგვისტოს #4-27/960 განკარგულების გამოცემის მომენტში სადავო საცხოვრებელი ბინის მშენებლობა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. განკარგულების სუბიექტებმა - გ. ს-ემ და მისი ოჯახის წევრებმა თავიდანვე ვერ შეძლეს განკარგულებით მათთვის მინიჭებული უფლების რეალიზება - ბინაში საცხოვრებლად გადასვლა, ბინით სარგებლობა იმ მიზეზით, რომ სადავო საცხოვრებელი ბინა არა თუ 1991 წელს, არამედ შემდგომ წლებშიც წარმოადგენდა საცხოვრებლად უვარგის ადგილს, ნახევრად აშენებულ ნაგებობას, რომელშიც არ არსებობდა მასში ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობები. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სადავო ბინის განკარგვის მიუხედავად, კორპუსი ჯერ კიდევ არ იყო ექსპლუატაციაში შესული. ამდენად, დაუშვებელია, რომ სადავო საცხოვრებელი ბინის ფაქტობრივი ფლობის საკითხი განიმარტოს მესამე პირის - ც. ს-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ანუ თუ კანონიერი მოსარგებლე თავისი ნების საწინააღმდეგოდ არ სარგებლობს ფართით, ეს არ შეიძლება გახდეს მისთვის პრივატიზაციაზე უარის თქმის საფუძველი.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-4 მუხლი განსაზღვრავს საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის წესს, რომლის შესაბამისად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში, ამავე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულია განცხადებაზე თანდართული დოკუმენტის ჩამონათვალიც, რომელშიც ასევე გათვალისწინებულია დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენა. აქედან გამომდინარე, მითითებული წესი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს საკუთრებაში ფართის გადაცემის საკითხის განხილვისას შეამოწმოს განმცხადებლის მოთხოვნისა და წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობა აღნიშნული წესის მოთხოვნებთან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ ნორმათა განმარტებიდან და საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისის ისანი-სამგორის რაიონის საკრებულოს გამგეობის 1991 წლის 29 აგვისტოს #4-27/960 განკარგულება წარმოადგენს სამართლებრივ აქტს, რომელშიც გამოხატულია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება მისი კუთვნილი ქონების ც. ს-ის სასარგებლოდ განკარგვის, მისთვის სარგებლობაში (საკუთრებაში) გადაცემის თაობაზე. ამდენად, ის ფაქტი, რომ სადავო ბინაში ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობს სხვა პირი - ნ. ც-ა, არ აკნინებს მითითებული განკარგულების სამართლებრივ მნიშვნელობას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს - ნ. ც-ას საკასაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააბათილებდა სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ც-ას საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ც-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე