საქმე №ბს-278-274(კ-15) 29 დეკემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – ანა ვარდიძე
კასატორი - ბმა ,,...“; წარმომადგენლები - ბ. შ-ი, დ. თ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; წარმომადგენელი - ბ. ნ-ე
მესამე პირები - დ. ა-ე, დ. ჩ-ი, გ. ხ-ე, ნ. მ-ი; წარმომადგენელი - დ. ა-ე
სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური; წარმომადგენელი - გ. ზ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბმა ,,...-მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 10 აპრილის №661 განკარგულების ბათილად ცნობა.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა 2007 წლის 10 აგვისტოს დაამტკიცა ქ. თბილისში, ... გამზ. №...-ში არსებული კორპუსის მიერ დაკავებული 2011 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის გეგმა. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მონაცემების შესაბამისად, ქ. თბილისში, ... გამზ. №...-ში მდებარე უძრავი ნივთი (სააღრიცხვო ბარათი №040007) აღირიცხა 1961 წელს, მიწის ნაკვეთის ფართით 2127 კვ.მ. შემდგომი ცვლილება არქივის მასალებში დაფიქსირებული არ არის.
ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 10 აპრილის №661 განკარგულებით დაკმაყოფილდა დ. ა-ის, დ. ჩ-ის, გ. ხ-ის, ნ. მ-ის საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 10 აგვისტოს მიწის ნაკვეთის გეგმა დასახელებულ პირთა მფლობელობაში არსებული ავტოფარეხების ნაწილში.
მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებული არგუმენტები არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და ფაქტობრივი გარემოებების დადგენა მერიის მიერ განხორციელდა მის მიერვე მითითებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების უხეში დარღვევით. მოსარჩელის მითითებით, მერია აღნიშნავს, რომ გ. ხ-ისა და ნ. მ-ის ავტოფარეხები მოწყობილია იმ ტერიტორიაზე, სადაც თავის დროზე გაიცა მშენებლობის ნებართავა, მათი მდებარეობა გათვალისწინებული იყო დღეისათვის ამხანაგობა ,,...-ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. მერიის მიერ მითითებული ეს ფაქტობრივი გარემოება დადგენილ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის უხეში დარღვევით, მით უფრო, რომ მისი მხრიდან წარდგენილ იქნა ორი წერილობითი შუამდგომლობა სხდომის დაწყების წინ და მესამე - ზეპირი შუამდგომლობა უშუალოდ ადმინისტრაციული განხილვის მიმდინარეობისას, გასაჩივრებულ აქტში კი საერთოდ უგულებელყოფილ იქნა შუამდგომლობაში დასმული საკითხები და არაფერი იყო მითითებული ამ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლების შესახებ, შესაბამისად, მითითებული ფაქტობრივი გარემოება არ შეიძლება ჩაითვალოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დადგენილად. ასევე უსაფუძვლოა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში იმის მითითება, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 10 აგვისტოს მიწის ნაკვეთის გეგმით დადგენილი წითელი ხაზების დროს გათვალისწინებული არ იყო მითითებული პირების მფლობელობაში არსებული ავტოფარეხები და მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა და რომ წითელი ხაზების დადგენისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული საჩივრის ავტორების, როგორც მფლობელების კანონიერი უფლება და ინტერესი. აღნიშნული უსაფუძვლოა და გამომდინარეობს, იმ გარემოებიდან, რომ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1996 წლის 13 აგვისტოს ბრძანების თანახმად, ობიექტი მიღებულ უნდა ყოფილიყო ექსპლუატაციაში მისი მშენებლობის დასრულების შემდეგ ცხადია, რომ თუ ავტოსადგომები არ არის ექსპლუატაციაში მიღებული ხ-ეს და მ-ს არ ჰქონდათ ,,წითელი ხაზების“ კორექტირების მოთხოვნის უფლება, მით უფრო, რომ ისინი მიუთითებენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლზე, მაშინ როდესაც ეს მუხლი ჯერ ერთი ეხება საცხოვრებელ სახლს, მეორეც ადგილი უნდა ჰქონდა კანონიერ მფლობელობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებით, მერიას ავტოფარეხების ექსპლუატაციაში მიღების აქტების გარეშე, არანაირი საფუძველი არ გააჩნდა ასეთი კატეგორიული მოსაზრების გამოსახატავად, რომ დარღვეული იყო ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის კანონიერი უფლებები და ინტერესები.
მოსარჩელის მითითებით, ასევე გაუგებარია გასაჩივრებულ აქტში იმის მითითება, რომ ,,მართალია დ. ა-ეს ასაწყობი ავტოფარეხის ნაცვლად მოწყობილი აქვს კაპიტალური ნაგებობა, თუმცა დ. ა-ის მხრიდან ავტოფარეხის ფლობის ფაქტი დადგენილია და სადავოდ არავის გაუხდია“ ამით უგულებელყოფილ იქნა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ერთ-ერთი ავტორის, დ. ა-ის მამკვიდრებელს, გ. ა-ეს, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1973 წლის 15 იანვრის განკარგულებით ნება მიეცა ეზოში რელიეფში შეჭრით არსებულის გვერდით დაედგა რკინის ასაწყობი ავტოსადგომი, რომლის დადგმის სქემა უნდა შეთანხმებულიყო მთავარ არქიტექტურულ-დაგეგმარებით სამმართველოსთან. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია იმის აღნიშნვნა, რომ ტექსტში მითითებული:,,ეზოში რელიეფში შეჭრით არსებულის“ ეხება ... №5-ში მდებარე სახლის მობინადრის მიერ ამ ეზოს წითელ ხაზებში არსებულ ავტოფარეხს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ა-ეს უფლება მიეცა დაედგა ასაწყობი ავტოფარეხი, მისთვის რელიეფში შეჭრის ნებართვა არავის მიუცია და ის გარემოება, რომ მის მიერ თვითნებურად იქნა მოწყობილი კაპიტალური ავტოფარეხი და უფრო მეტიც, ის რომ მისი ავტოფარეხის სიღრმე არის 10 მ. ანუ ის რომ იგი თვითნებურად არის შეჭრილი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, თავისთავად მეტყველებს მისი მხრიდან განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე და აქედან გამომდინარე, არ შეიძლება მსჯელობა მისი არარსებული უფლების დარღვევაზე. მნიშვნელოვანია ასევე, რომ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1973 წლის 15 იანვრის განკარგულების შესაბამისად, ასაწყობი ავტოფარეხის დადგმის სქემა გ. ა-ეს უნდა შეეთანხმებინა მთავარ არქიტექტურულ-დაგეგმარებით სამმართველოსთან.
მოსარჩელის მოსაზრებით, უსაფუძვლოა ასევე გასაჩივრებულ აქტში იმის მითითება, რომ მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის არ გაუთვალისწინებია რეალური მდგომარეობა და ,,მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 3 ოქტომბრის №49 ბრძანების შესაბამისად, მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენისას არ ყოფილა გათვალისწინებული მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მფლობელის უფლებები. ჩიქოვანის მფლობელობაში არსებული ავტოფარეხი არის ... ქ.№5-ში მდებარე სახლის ეზოში არსებულ ავტოფარეხებთან ერთიან მწკრივში და მთლიანად მდებარეობს ... ქ.№5-ში მდებარე სახლზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე. თუ მას მიაჩნია, რომ მისი ავტოფარეხი შეჭრილია ,,...-ის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, მას ამის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, შესაბამისად, არ შეიძლება გააჩნდეს დარღვეული უფლებაც, რადგან ასეთი შეჭრა თუ მას ადგილი აქვს, განხორციელებულია თვითნებურად. რაც შეეხება ხ-ისა და მ-ის საკითხს, მათ თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის 1996 წლის 10 ივნისის წერილის თანახმად, კაპიტალური ავტოფარეხი უნდა მოეწყოთ თანდართული სქემატური ნახაზის მიხედვით, მიწაში ნაწილობრივ შეჭრით (და არა მთლიანი შეჭრით და ისიც სხვის ტერიტორიაზე). აღსანიშნავია, რომ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1996 წლის 13 აგვისტოს №484 ბრძანებით შეთანხმებული იქნა კორპუსის მიმდებარედ არსებული ავტოსადგომების გვერდით ორი ავტოსადგომის მოწყობის პროექტი და მათი მოწყობის შემდეგ ავტოსადგომები მიღებული უნდა ყოფილიყო ექსპლუატაციაში.
მოსარჩელის განმარტებით უსაფუძვლოა იმის აღნიშვნა, რომ ,,მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინიტრის 2002 წლის 3 ოქტომბრის №49 ბრძანების შესაბამისად, მიწის ნაკვეთების საზღვრების პროექტის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს განაშენიანებული ტერიტორიის რეალური მდგომარეობა და არსებული ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია. მიწის ნაკვეთის ნორმატიული ზომების დადგენისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეების, მფლობელების, მოსარგებლეებისა და ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მფლობელების უფლებები და ნორმალური საცხოვრებელი პირობები. სხდომაზე წარმოდგენილი იყო ... გამზ. №...-ში მდებარე სახლზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის გენგეგმა, სადაც კონკრეტულად არ არის მითითებული საეზოვე ნაკვეთის სიგრძე და სიგანე, რომელთა მიხედვით მიწის ნაკვეთის ფართობია 2127 კვ.მ. და საგულისხმოა რომ ამავე მონაცემს ასახავს 2013 წლის 5 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული საარქივო ცნობაც, რომლის მიხედვით შემდგომი ცვილება მიწის ნაკვეთის შესახებ არქივში დაცულ მასალებში დაფიქსირებული არ არის, ასევე აღსანიშნავია, რომ წითელი ხაზების გეგმა შედგენილ იქნა საინვენტარიზაციო გეგმის საფუძველზე, რომელიც უფლებრივი მდგომარეობის ასახვის უტყუარი საფუძველია. მერიის ლოგიკით კი თვითნებური ქმედების განმახორციელებელი პირების უფლებები დაცული უნდა იყოს კანონიერი მფლობელობის ხარჯზე, რაც მოსარჩელის განმარტებით, აბსურდია. ამასთან, მერიის მიერ მითითებული ნორმატიული აქტის თანახმად, მეზობელი ნაკვეთების კანონიერ მოსარგებლეთა უფლებები დაცული უნდა იქნეს ახლად გამოსაყოფი მიწის ნაკვეთების წითელი ხაზების შედგენისას, კონკრეტულ შემთხვევაში კი, მიწის ნაკვეთი კონკრეტული სიგრძისა და კონკრეტული სიგანის, ... №...-ში მდებარე სახლზე დამაგრებული იქნა ... ქ.№5-ში მდებარე სახლის აგებამდე. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, ... გამზ. №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე რიცხული მიწის ნაკვეთი, დამაგრებული იქნა უფლებამოსილი ორგანოს - თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით, რაც აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მისი ბათილად ცნობა საერთოდ დაუშვებელია, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საერთოდ შეფასების გარეშე დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩაებნენ დ. ა-ე, დ. ჩ-ი, გ. ხ-ე და ნ. მ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ბმა ,,...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 10.08.2007 წლის მიწის ნაკვეთის გეგმით ... გამ.ზ №...-ში არსებულ კორპუსს დაუდგინდა წითელი ხაზები.
გეგმა დ. ა-ის, დ. ჩ-ის, გ. ხ-ისა და ნ. მ-ის მიერ გასაჩივრდა ქ. თბილისის მერიაში, იმ ნაწილში, რომლითაც მათი ავტოფარეხები მოყვა კორპუსს მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში.
ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 10 აპრილის №661 განკარგულებით საჩივარი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 10 აგვისტოს მიწის ნაკვეთის გეგმა საჩივრის ავტორთა მფლობელობაში არსებული ავტოფარეხების ნაწილში.
1996 წლის №8 ოქმის თანახმად, ხ-ემ და მ-მა მიმართეს საუწყებათაშორისო და ინდ. საცხოვრებელი სახლების სამართლებრივი რეგისტრაციის შემსწავლელ კომისიას განცხადებით და მოითხოვეს სახცოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული ავტოგარაჟების გვერდით კაპიტალური ავტოგარჟების მოწყობა, აღნიშნული საკითხი მომზადდა გამგეობის სხდომაზე განსახილველად.
ქ. თბილისის მერიის 1996 წლის 10 ივნისის მიმართვის თანახმად, შესაძლებელია ხ-ემ და მ-მა მოაწყონ ეზოში რელიეფში შეჭრით კაპიტალური ავტოსადგომები.
ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი თვითმმართველობის ვაკის რაიონის გამგეობის 1996 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით, ხ-ესა და მ-ს მიეცა ნება საცხოვრებელი კორპუსისი მიმდებარედ მიწაში ნაწილობრივი შეჭრით ააშენონ კაპიტალური ავტოგარაჟები.
ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1996 წლის 13 აგვისტოს №484 ბრძანების შესაბამისად, შეთანხმებულად ჩაითვალა ხ-ე და მ-ისათვის კორპუსის მიმდებარედ არსებული ავტოსადგომების გვერდით ორი ავტისადგომის მოწყობის პროექტი.
საქართველოს ეროვნული არქივის 2012 წლის 26 დეკემბრის საარქივო ცნობის თანახმად, თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1973 წლის 15 იანვრის №33-გ განკარგულების საფუძველზე, ... ქ. №5-ში მცხოვრებ მოქალაქე გ. დ. ძე ა-ეს ნება მიეცა ეზოში, რელიეფში შეჭრით არსებულის გვერდით, განათავსოს რკინის ასაწყობი ავტოსადგომი.
საქართველოს ეროვნული არქივის 2014 წლის 14 მარტის ცნობის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1973 წლის 26 აპრილის №61 ბრძანების საფუძველზე შეთანხმდა ... ქ. №5 მისამართზე მცხოვრები მოქალაქე გ. ა-ის ეზოში მეტალის ასაწყობი ავტოსადგომის წარმოდგენილი პროექტი.
თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2007 წლის 10 აგვისტოს ... გამზ. №...-ში არსებულ კორპუსისათვის მომზადებული მიწის ნაკვეთის საზღვრები მოიცავს მიწის იმ მონაკვეთსაც, რომელზეც განთავსებულია მესამე პირთა ავტოფარეხები. ავტოფარეხები საჯარო რეესტრში აღრიცხული არ არის შესაბამისად, მიწის ზედაპირი და ავტოფარეხები ერთმანეთისგან ცალ-ცალკე ობიექტებად გამიჯნული არ არის.
საქალაქო სასამართლომ ასევე უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, ის გარემოება რომ ამ ავტოფარეხებს მესამე პირები იყენებენ, როგორც საკუთარს და მოსარჩელეს ფაქტობრივი ფლობა არასდროს მოუპოვებია ამ ავტოფარეხზე. აღნიშნულს არც მხარეები ხდიან სადავოდ.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 3 ოქტომბრის №49 ბრძანებით დამტკიცებული ,,მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესი“ არეგულირებს დასახლებებში არსებული მრავალბინიანი სახლებისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენისას და იურიდიულ ან ფიზიკურ პირებზე შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემის საკითხებს. ამავე ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთის საზღვრების პროექტის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს განაშენიანებული ტერიტორიის რეალური მდგომარეობა და არსებული ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის ნორმატიული ზომების დადგენისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეების, მფლობელების, მოსარგებლეების და ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მფლობელების უფლებები და ნორმალური საცხოვრებელი პირობები.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო გეგმის მომზადებისას არ იქნა გათვალისწინებული ავტოფარეხების მდებარეობა, მათი მფლობელების უფლებები და ინტერესები. სასამართლომ გაიზიარა ქ. მერიის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მიწის ნაკვეთის გეგმის სადავო ნაწილი არ შეესაბამება მისი მომზადების სამართლებრივ საფუძველს, კერძოდ, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 3 ოქტომბრის №49 ბრძანებით დამტკიცებულ ,,მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესს“, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბმა ,,...-მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 თებერვლის განჩინებით ბმა ,,...-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება; ბმა ,,...-ს“ დ. ჩ-ის, გ. ხ-ისა და ნ. მ-ი სასარგებლოდ დაეკისრა მათ მიერ სააპელაციო სასამართლოში ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურება საერთო ჯამში 500 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები და დამატებით მიუთითა, რომ 1996 წლის №8 ოქმის თანახმად, ხ-ემ და მ-მა მიმართეს საუწყებათაშორისო და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების სამართლებრივი რეგისტრაციის შემსწავლელ კომისიას განცხადებით და მოითხოვეს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული ავტოგარაჟების გვერდით კაპიტალური ავტოგარაჟების მოწყობა. აღნიშნული საკითხი მომზადდა გამგეობის სხდომაზე განსახილველად. ქ. თბილისის მერიის 1996 წლის 10 ივნისის მიმართვის თანახმად, შესაძლებელია ხ-ემ და მ-მა ეზოში რელიეფში შეჭრით მოაწყონ კაპიტალური ავტოსადგომები. ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი თვითმმართველობის ვაკის რაიონის გამგეობის 1996 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით, ხ-ეს და მ-ს მიეცათ ნება საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ არსებული ავტოსადგომების გვერდით ორი ავტოსადგომის მოწყობის. საქართველოს ეროვნული არქივის 2012 წლის 26 დეკემბრის საარქივო ცნობის თანახმად, თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1973 წლის 15 იანვრის №33-გ განკარგულების საფუძველზე, ... ქ.№5-ში მცხოვრებ მოქალაქე გ. დ. ძე ა-ეს, ნება მიეცა ეზოში, რელიეფში შეჭრით არსებულის გვერდით, განათავსოს რკინის ასაწყობი ავტოსადგომი. საქართველოს ეროვნული არქივის 2014 წლის 14 მარტის ცნობის თანახმად, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1973 წლის 26 აპრილის №61 ბრძანების საფუძველზე, შეთანხმდა ... ქ. №7 მისამართზე მცხოვრები მოქალაქე გ. ა-ის ეზოში მეტალის ასაწყობი ავტოსადგომის წარდგენილი პროექტი. თბილისის მერიის ურბანული დაგეგამარების საქალაქო სამსახურის მიერ 2007 წლის 10 აგვისტოს ... გამზ. №...-ში არსებული კორპუსისათვის მომზადებული მიწის ნაკვეთის საზღვრები მოიცავს მიწის იმ ნაკვეთსაც, რომელში შეჭრითაც განთავსებულია მესამე პირთა ავტოფარეხები. ავტოფარეხები საჯარო რეესტრში აღრიცხული არ არის. საქმის მასალებით დადგენილია და არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ ის გარემოება, რომ ავტოფარეხები მათი განთავსების დღიდან მესამე პირთა მფლობელობაშია. ისინი ამ ავტოფარეხებს იყენებენ როგორც საკუთარს და მოსარჩელეს ფაქტობრივი ფლობა არასდროს მიუპოვებია ავტოფარეხებზე. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ავტოფარეხები მესამე პირების მიერ აშენებულია შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების საფუძველზე, რომელთა კანონიერების საკითხი სადავოდ არავის არ გაუხდია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემული დავის განხილვის ფარგლებში არსებითია მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს იმ გარემოებას, სადავო ავტოფარეხები აშენებეულია თუ არა შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტებისა და პროექტის დარღვევით. აღნიშნული შესაძლებელია წარმოადგენდეს ცალკე დავის საგანს, ასევე საქმისათვის არსებითია ის ფაქტი, რომ ავტოფარეხები არ არის ექსპლუატაციაში მიღებული და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 3 ოქტომბრის №49 ბრძანებით დამტკიცებული ,,მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის“ მე-3 მუხლის მე-3 და მე-2 პუნქტები ადგენენ მიწის ნაკვეთის საზღვრების პროექტის შედგენისას როგორც განაშენიანებული ტერიტორიის რეალური მდგომარეობისა და არსებული ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის გათვალისწინების, ასევე მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეების, მფლობელების, მოსარგებლეების და ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მფლობელების უფლებებისა და ნორმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის ვალდებულებას. ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტით არ არის სავალდებულო, პირი იყოს მოსაზღვრე ნაკვეთის თუ მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის მოსარგებლე და ფაქტობრივი მფლობელი. კონკრეტულ შემთხვევაში კი, დადგენილია არა მხოლოდ ის, რომ სადავო ავტოფარეხები მესამე პირების მიერ აშენებულია შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების საფუძველზე, რომელთა კანონიერების საკითხი სადავოდ არავის გაუხდია, არამედ დადგენილია და მხარეებსაც არ გაუხდიათ სადავოდ ის გარემოება, რომ ავტოფარეხები მათი განთავსების დღიდან მესამე პირთა ფაქტობრივ მფლობელობაშია, ისინი ამ ავტოფარეხებს იყენებენ, როგორც საკუთარს და მოსარჩელე მხარეს ფაქტობრივი ფლობა არასდროს მოუპოვებია ამ ავტოფარეხზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატა იზიარებს მოპასუხე მხარის მსჯელობას მასზედ, რომ მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებულია არა მხოლოდ საკუთრების უფლება, არამედ მფლობელობის უფლებაც და საჩივრის ავტორებს ფლობელობის უფლება წარმოეშვათ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან გაცემული სათანადო ნებართვების საფუძველზე მანამდე, სანამ დადგინდებოდა ამხანაგობა ,,...-ის“ კორპუსის წითელი ხაზები.
რაც შეეხება მესამე პირების წარმომადგენლის დ. ა-ის შუამდგომლობას, ბმა ,,...-ს“ დ. ჩ-ის, გ. ხ-ისა და ნ. მ-ის სასარგებლოდ მათ მიერ სააპელაციო სასამართლოში ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურების თაობაზე, სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა და დაეყრდნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებას საქმეზე ბს-1330-1315(კ-11).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბმა ,,...-მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლა-გაანალიზებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბმა ,,...-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელე სადავოდ ხდის თბილისის მერიის 2013 წლის 10 აპრილის №661 განკარგულებას, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 10 აგვისტოს მიწის ნაკვეთის გეგმა დ. ა-ის, დ. ჩ-ის, გ. ხ-ისა და ნ. მ-ის მფლობელობაში არსებული ავტოფარეხის ნაწილში, სადავო აქტის მიღების ფაქტობრივი საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ... გამზ. №...-ში არსებულ კორპუსს დაუდგინდა წითელი ხაზები, წარმოდგენილი პროექტისა და აზომვითი ნახაზის შედარების შედეგად გაირკვა, რომ დ. ჩ-ის მფლობელობაში არსებული ავტოფარეხის არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული სიგრძე გაზრდილია და ადგილი აქვს პროექტის დარღვევას, თუმცა უდავოა, რომ ავტოფარეხი არის ერთიანი შენობა და ბმა ,,...-ისათვის“ წითელი ხაზების დადგენისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა და ერთი შენობა არ უნდა მოქცეულიყო ორი სხვადასხვა სუბიექტის საკუთრებაში. ტოპოგრაფიული რუკები ასევე არ იძლეოდა ინფორმაციას გ. ხ-ისა და ნ. მ-ის ავტოფარეხების არსებობის თაობაზე. გ. ხ-ისა და ნ. მ-ის პროექტში არსებული ტოპოგრაფიული გეგმისა და სიტუაციური ნახაზების საფუძველზე ავტოფარეხების მდებარეობა გათვალისწინებული იყო დღეისათვის ამხანაგობა ,,...-ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში და ფაქტობრივად ავტოფარეხები მოწყობილია იმ ტერიტორიაზე სადაც თავის დროზე გაცემულია ნებართვა. ანუ გ. ხ-ისა და ნ. მ-ის ავტოფარეხები მოწყობილი იყო უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვების საფუძველზე, რაც წითელი ხაზების დადგენისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო. აღნიშნულით მოსარჩელეს მიაჩნია, რომ შეილახა მათი საკუთრების უფლება, ვინაიდან, მიწის ნაკვეთი რაზედაც იყო ავტოფარეხები ... გამზ. №... საკუთრებაა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასების, კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე ან 394-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძვლები.
1996 წლის №8 ოქმის შესაბამისად, ხ-ემ და მ-მა განცხადებით მიმართეს საუწყებათაშორისო და ინდ. საცხოვრებელი სახლების სამართლებრივი რეგისტრაციის შემსწავლელ კომისიას და მოითხოვეს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული ავტოგარაჟების გვერდით კაპიტალური ავტოგარაჟების მოწყობა. აღნიშნული საკითხი მომზადდა გამგეობის სხდომაზე განსახილველად (იხ. ს.ფ. 38; ტ.1).
ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი თვითმმართველობის ვაკის რაიონის გამგეობის 1996 წლის 24 ივლისის №11.7.157 გადაწყვეტილებით ... ქ. №5-ში მცხოვრებ მოქალაქეებს - გ. ხ-ესა და ნ. მ-ს ნება დაერთოთ საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ /არსებული გარაჟების გვერდით/ მიწაში ნაწილობრივი შეჭრით ააშენონ კაპიტალური ავტოგარაჟები; ავტოგარაჟების პროექტი შეთანხმებულ იქნა თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტთან (იხ. ს.ფ. 43; ტ.1).
ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1996 წლის 1 აგვისტოს №484 ბრძანებით შეთანხმებულად ჩაითვალა ხ-ის და მ-ისათვის კორპუსის მიმდებარედ არსებული ავტოსადგომების გვერდით ორი ავტოსადგომის მოწყობის პროექტი (იხ. ს.ფ. 46; ტ.1).
თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1973 წლის 15 აგვისტოს №33 განკარგულების შესაბამისად, დაკმაყოფილდა ... ქ. №5-ში მცხოვრები მოქ. გ. დ. ძე ა-ის თხოვნა და როგორც სამამულო ომის ინვალიდს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1972 წლის 17 მარტის №121 დადგენილების საფუძველზე ნება მიეცა ეზოში რელიეფში შეჭრით არსებულის გვერდით დადგას რკინის ასაწყობი ავტოსადგომი, რომლის დადგმის სქემა შეათანხმოს მთავარ არქიტექტურულ-დაგეგმარებით სამმართველოსთან (იხ. ს.ფ. 55; ტ.1).
საქართველოს ეროვნული არქივის 2014 წლის 14 მარტის ცნობის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1973 წლის 26 აპრილის №61 ბრძანების საფუძველზე, შეთანხმდა ... ქ. №5 მისამართზე მცხოვრები მოქალაქე გ. ა-ის ეზოში მეტალის ასაწყობი ავტოსადგომის წარდგენილი პროექტი (იხ. ს.ფ. ბრძანება 139; 351; ტ.1).
ტექნიკური არქივის მონაცემების შესაბამისად ქ. თბილისი, ... გამზ. №...-ში მდებარე უძრავი ნივთი (სააღრიცხვო ბარათი №04007) აღირიცხა 1961 წელს, როგორც ადგილობრივი მმართველობის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით - ფართით 2127 კვ.მ. (შემდგომი მიწის ნაკვეთის ცვლილება მასალებში დაფიქსირებული არ არის) (იხ. .სფ. 64; ტ.1).
თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1972 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ნება დაერთო მოქალაქე პ. ვ. ძე მ-ს მოაწყოს ეზოში მიწაში შეჭრით ავტოსადგომი, რომლის ადგილზე მიბმის საკითხი შეუთანხმდეს ქალაქის მთავარ არქიტექტორს (იხ. ს.ფ. 161; ტ.1). 1992 წლის 23 ივნისს გაცემული თანხმობით აღნიშნული ავტოფარეხი ნ. პ. ძე მ-მა (პ. ვ. ძე მ-ს შვილი) მუდმივ სარგებლობაში გადასცა მოქალაქე დ. ქ. ძე ჩ-ს (იხ. ს.ფ. 163; ტ.1).
თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 10 აგვისტოს მიწის ნაკვეთის გეგმით ... გამზ. №...-ში არსებულ კორპუსს დაუდგინდა წითელი ხაზები.
თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 29 დეკემბრის ბრძანებით შეთანხმებულად ჩაითვალა ვაკე-საბურთალოს რ/ნ-ში ... ქ. №5 კორპ. მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის პროექტი; დამზადდა ვაკე-საბურთალოს რ/ნ-ში, ... ქ.№5 ე.წ. ,,წითელი ხაზები“ (იხ. ს.ფ. 272; ტ.1).
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენა რეგულირდება საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 3 ოქტომბრის №49 ბრძანებით ,,მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესისის“ დამტკიცების შესახებ, რომლის მიზანია საქართველოს დასახლებებში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სრულყოფილი ფუნქციონირებისა და უძრავი ქონების მართვისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის პრინციპების განსაზღვრა და ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე მათი საკუთრებში ან იჯარით გადაცემა. ამ ბრძანების მე-2 მუხლის შესაბამისად, მრავალბინიანი სახლისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი ეს არის კანონმდებლობით განსაზღვრული მიწის ნაკვეთი, რომელსაც გააჩნია საზღვარი, დადგენილი კოორდინატები, ადგილმდებარეობა და არის რეგისტრირებული. ამავე ბრძანების მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის საზღვრების პროექტის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს განაშენიანებული ტერიტორიის რეალური მდგომარეობა და არსებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია. მე- 4 პუნქტით რეგლამენტირებულია, რომ მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეების, მფლობელების, მოსარგებლეებისა და ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მფლობელების უფლებები და ნორმალური ცხოვრების პირობები. აღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, საზღვრების დადგენისათვის საკმარისია მხოლოდ მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის განთავსებული შენობა-ნაგებობების ფლობა და მათით სარგებლობა, საქმის მასალებით კი დადგენილია, იმ ავტოფარეხებს, რომლებიც მოექცა ... გამზ. №...-ისათვის დადგენილი წითელი ხაზების შიგნით მათი აშენების დღიდან ფლობენ და სარგებლობენ მესამე პირები - დ. ა-ე, დ. ჩ-ე, გ. ხ-ე და ნ. მ-ი. ისინი ამ ავტოფარეხებს იყენებენ, როგორც საკუთარს და მოსარჩელს ფაქტობრივი ფლობა არასდროს მოუპოვებია ამ ავტოფარეხებზე. აღნიშნული სადავოდ, არ გამხდარა არც მოსარჩელის მხრიდან.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მფლობელობა (სარგებლობა) არის ფაქტი და მართლზომიერად მფლობელად (მოსარგებლედ) ითვლება ყველა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის, მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება მართალია მესამე პირებს საკუთრებაში არ აქვთ რეგისტრირებული ავტოფარეხები, მაგრამ ისინი არიან ავტოფარეხების მართლზომიერი მფლობელები, რამდენადაც ზემოთ მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მოხდა მათ საცხოვრებელ სახლებთან არსებულ მიწაზე ავტოსადგომების განთავსების უფლების მინიჭება და დღემდე ფლობენ და სარგებლობენ აღნიშნული უძრავი ქონებით. ამასთან, მესამე პირების მიერ ავტოფარეხების აშენების სამართლებრივი დოკუმენტების კანონიერების საკითხი სადავოდ არ გამხდარა და დღემდე ძალაშია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანი არ არის ავტოფარეხები, რომლებიც მოექცა ქ. თბილისში, ... გამზ. №... კორპუსისათვის დადგენილ ,,წითელ ხაზებში“ აშენებულია თუ არა სათანადო დოკუმენტაციისა და პროექტის საფუძველზე, ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ გასაჩივრებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც გაუქმდა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 10 აგვისტოს მიწის ნაკვეთის გეგმა დ. ა-ის, დ. ჩ-ის, გ. ხ-ისა და ნ. მ-ის მფლობელობაში არსებული ავტოფარეხების ნაწილში, აღნიშნული პირები სადავო ავტოფარეხებს ფლობენ და სარგებლობენ მრავალი წლის განმავლობაში და ბმა ,,...“ მათზე პრეტენზია არასდროს განუცხადებია.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტის მიღებისას დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლი საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს და განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისათვის გაცნობის ზოგად წესს განსაზღვრავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55– 58-ე მუხლები. კერძოდ, მითითებული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის
მეშვეობით გაგზავნას. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლების წარმოშობა უპირატესად დაკავშირებულია აქტის გაცნობასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, თუ როდის გახდა ოფიციალურად ცნობილი მესამე პირებისათვის ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 10 აგვისტოს მიწის ნაკვეთის გეგმა ქ. თბილისში, ... გამზ. №...-ში კორპუსისათვის წითელი ხაზების დადგენის თაობაზე. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა საჩივრის ხანდაზმულობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ბმა ,,...-ის“ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რაც სსსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობას წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბმა ,,...-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე