Facebook Twitter

მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების შესახებ

საქმე №ბს-287-283(კ-15) 8 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მესამე პირი) – ნ. ხ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ. გ-ა

მოპასუხეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. გ-ამ 2013 წლის 25 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის - ნ. ხ-ას მიმართ, რომლითაც ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 ოქტომბრის №191785 გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2013 წლის 25 ოქტომბრის №882013450700-04, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2013 წლის 24 სექტემბრის №882013450700-03 და ნ. ხ-ასთვის მიწის ნაკვეთის ს.კ. ... რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 19 სექტემბრის №882012601810-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მან 2003 წლის 5 ნოემბერს ზუგდიდის რაიონის სოფ. ... კერძო პირისაგან შეიძინა 1089 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული) მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მის სახელზე საკადასტრო კოდით .... 2013 წლის 18 სექტემბერს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა მის მიერ 2003 წელს შეძენილ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილებების რეგისტრაციის მიზნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 24 სექტემბრის №882013450700-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემები იყო ზედდებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებთან საკადასტრო კოდით ..., რის გამოც გ. გ-ას დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. 2013 წლის 3 ოქტომბერს გ. გ-ამ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამავე სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 24 სექტემბრის №882013450700-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 ოქტომბრის №191785 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით გ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 24 სექტემბრის №882013450700-03 გადაწყვეტილება (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 25 ოქტომბრის №882013450700-04 გადაწყვეტილება (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 ოქტომბრის №191785 გადაწყვეტილება (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ). ბათილად იქნა ცნობილი ნ. ხ-ასთვის ... საკადასტრო კოდით უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 სექტემბრის №882012601810 გადაწყვეტილება გ. გ-ას საკუთრებაში რეგისტრირებული ნივთის ზედდების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მისაღებად დაუბრუნდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს. მასვე დაევალა სადავო ნაკვეთთან იმ პერიოდისთვის საჯარო რეესტრის მონაცემებით გ. გ-ას საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ს/კ ... ზედდებისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ხ-ამ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 თებერვლის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ამავე სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურისა და ნ. ხ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-ამ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ნ. ხ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: მოსარჩელე - გ. გ-ას (პ/ნ ...) წარმომადგენელმა - მ. ფ-მა (პ/ნ ...); მოპასუხე მხარეებმა: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნუილი სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა - შ. ბ-მა და მესამე პირი - ნ. ხ-ას (პ/ნ ...), წარმომადგენელმა - ბ. ყ-მა (პ/ნ ...) ურთიერთდათმობისა და შეთანხმების საფუზველზე დადეს მორიგების აქტი შემდეგზე:

1. მოსარჩელე მხარე გ. გ-ა უარს ამბობს სასარჩელო მოთხოვნაზე და თანახმაა, რომ მის მიერ სარჩელით გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები, მათ შორის, საჯარო რეესტრის ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 სექტემბრის №882012601810-03 გადაწყვეტილება ნ. ხ-ასთვის მიწის ნაკვეთის ს/კ ... რეგისტრაციის შესახებ, გ. გ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში დარჩეს ძალაში;

2. გ. გ-ას მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოხდეს უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია, მდებარე: ზუგდიდის რაიონი, სოფ. ... [ზონა: ზუგდიდი, სექტორი: ...];

3. წინამდებარე მორიგების აქტზე დართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ. ვერსია - 1 ცალი CD დისკი წარმოადგენს მორიგების აქტის განუყოფელ ნაწილს.

სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯის თაობაზე მხარეებს ურთიერთმოთხოვნა არ გააჩნიათ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმის განხილვა გადაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, გაეცნო გ. გ-ას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნუილი სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურსა და ნ. ხ-ას შორის გაფორმებულ მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ მხარეთა შორის მორიგება უნდა დამტკიცდეს აღნიშნული აქტის მიხედვით და მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე, ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა გ. გ-ას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; საჯარო რეესტრის ეროვნუილი სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურსა და ნ. ხ-ას შორის 2015 წლის 8 დეკემბერს გაფორმებული მორიგების აქტი, რომელიც ხელმოწერილია, ერთი მხრივ, გ. გ-ას წარმომადგენლის, მ. ფ-ის, მეორე მხრივ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლის შ. ბ-ისა და მესამე მხრივ, ნ. ხ-ას წარმომადგენლის - ბ. ყ-ის მიერ (საქმეში წარმოდგენილია, სპეციალური უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობები). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხსენებული მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, აღნიშნული მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები, ამდენად, შესაძლებელია დასახელებული მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დამტკიცდეს გ. გ-ას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; საჯარო რეესტრის ეროვნუილი სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურსა და ნ. ხ-ას შორის 2015 წლის 8 დეკემბერს გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:

მოსარჩელე გ. გ-ამ (პ/ნ ...), წარმომადგენელმა - მ. ფ-მა (პ/ნ ...); მოპასუხე მხარეებმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნუილი სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა - შ. ბ-მა და მესამე პირმა - ნ. ხ-ამ (პ/ნ ...) წარმომადგენელმა - ბ. ყ-მა (პ/ნ ...) ურთიერთდათმობისა და შეთანხმების საფუზველზე დადეს მორიგების აქტი შემდეგზე:

1.1 მოსარჩელე მხარე გ. გ-ა უარს ამბობს სასარჩელო მოთხოვნაზე და თანახმაა, რომ მის მიერ სარჩელით გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები, მათ შორის, საჯარო რეესტრის ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 სექტემბრის №882012601810-03 გადაწყვეტილება ნ. ხ-ასთვის მიწის ნაკვეთის ს/კ ... რეგისტრაციის შესახებ, გ. გ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში დარჩეს ძალაში;

1.2 გ. გ-ას მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოხდეს უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია, მდებარე: ზუგდიდის რაიონი, სოფ. ... [ზონა: ზუგდიდი, სექტორი: ...];

1.3 წინამდებარე მორიგების აქტზე დართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ. ვერსია - 1 ცალი CD დისკი წარმოადგენს მორიგების აქტის განუყოფელ ნაწილს.

1.4 სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯის თაობაზე მხარეებს ურთიერთმოთხოვნა არ გააჩნიათ;

2. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 თებერვლის განჩინება;

3. მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო;

4. მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და მოქმედებს მხარეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;

5. მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის, მორიგების აქტის იძულებითი აღსრულებით);

6. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე