ბს-318-314(2კ-15) 03 დეკემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2015წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ო-მა 24.04.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციაპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 06.02.2014წ. №1099225 ბრძანების და ქ. თბილისის მერიის 10.03.2014წ. №459 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის ლ. ო-ის საკუთრებაში არსებულ ფართში უნებართვოდ მოწყობილი ღიობების ლეგალიზების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.08.2014წ. განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაება ვ. მ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.09.2014წ. გადაწყვეტილებით ლ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 10.03.2014წ. №459 განკარგულება და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 06.02.2014წ. №1099225 ბრძანება. ამასთან, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ლ. ო-ის განცხადებაზე ქ. თბილისში, ... ქუჩა №32-ში უნებართვოდ მოწყობილი ფანჯრის ღიობების ლეგალიზაციის საკითხის გადაწყვეტის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და ლ. ო-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2015წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და ლ. ო-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.09.2014წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.04.2015წ. №00886 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2015წ. განჩინება;
3. სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.04.2015წ. №00886 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე