Nბს-449-442 (კ-15) 8 დეკემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
სხდომის მდივანი - ლია ქემოკლიძე
კასატორები - ვ. ც-ა, ბ. ვ-ა, ხ. წ-ა, ე. კ-ა, გ. ც-ა, მ. ს-ე, ნ. ქ-ა, გ. ჯ-ა, მ. ს-ა, მ. ჯ-ა, თ. კ-ა, ზ. ს-ა, ი. გ-ი, ბ. ხ-ა, მ. ყ-ა, რ. ც-ა, ზ. ბ-ა, ა. ს-ა (მოსარჩელეები)
წარმომადგენელი - ი. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)
მესამე პირები - რ. წ-ა, ვ. გ-ა, ჯ. წ-ა, დ. ხ-ა, რ. ფ-ა, ბ. ო-ა, ზ. ქ-ა, ვ. გ-ა, ო. ბ-ი, შ. ნ-ა, კ. გ-ა, ჯ. თ-ა, ბ. წ-ა, რ. ც-ა, მ. გ-ა, ზ. ქ-ი, ბ. გ-ა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცხდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 17 ოქტომბერს ვ. ც-ამ, ბ. ვ-ამ და სხვებმა (სულ 17 ფიზიკური პირი) მარტვილის მაგისტრატ სასამართლოს სარჩელითმიმართეს მოპასუხე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობიდან ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას და ზ. ბ-ას გათავისუფლების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 18 სექტემბრის №223, №224, №226, №227, №229, №230, №231, №232, №233, №234, №235, №236, №237, №238, №240, №241, №242 ბრძანებების ბათილად ცნობა, მოსარჩელეების მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ერთეულებში აღდგენა და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება.
2014 წლის 24 ოქტომბერს ა. ს-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ა. გ-ას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან ა. ს-ას გათავისუფლების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 24 სექტემბრის №329 ბრძანების ბათილად ცნობა, ა. ს-ას მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე აღდგენა და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდური ხელფასის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელეების განმარტებით, ისინი დანიშნული იყვნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობაზე. თავიანთ მოვალეობებს ასრულებდნენ კეთილსინდისიერად, რისთვისაც არაერთხელ წახალისდნენ ფულადი პრემიებით. 2014 წლის 18 სექტემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებებით გათავისუფლდნენ თანამდებობიდან მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით, თუმცა, რეალურად, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაცია და შტატების შემცირება არ განხორციელებულა. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს შეეცვალა მხოლოდ სახელწოდება და დაერქვა ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი, ხოლო ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისა და ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ფუნქციური დატვირთვა არ შეცვლილა. მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დანიშნული იყო გამგებლის იმდენივე წარმომადგენელი, რამდენი რწმუნებულიც იყო დანიშნული ტერიტორიულ ორგანოში. მარტვილის მუნიციპალიტეტის დებულება და საშტატო ნუსხა ითვალისწინებდა ფუნქციურად იგივე საშტატო თანამდებობის არსებობას ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის სახით.
ა. ს-ას სარჩელის მიხედვით, იგი დანიშნული იყო მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა კეთილსინდისიერად, რისთვისაც არაერთხელ წახალისდა პრემიით. 2014 წლის 24 სექტემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით გათავისუფლდა თანამდებობიდან მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით, თუმცა, რეალურად, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციის განყოფილებას შეეცვალა მხოლოდ სახელწოდება და დაერქვა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება, ხოლო განყოფილების უფროსის ფუნქციური დატვირთვა არ შეცვლილა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, ა. ს-ას სარჩელი განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა სენაკის რაიონულ სასამართლოს, სადაც მოპასუხე მხარედ მიუთითა მხოლოდ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრისა და 5 დეკემბრის განჩინებებით ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად მესამე პირებად ჩაებნენ რ. წ-ა, ვ. გ-ა, ჯ. წ-ა, დ. ხ-ა, რ. ფ-ა, ბ. ო-ა, ზ. ქ-ა, ვ. გ-ა, ო. ბ-ი, შ. ნ-ა, კ. გ-ა, ჯ. თ-ა, ბ. წ-ა, რ. ც-ა, მ. გ-ა, ზ. ქ-ი, ბ. გ-ა, დ. ს-ა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა სარჩელები არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლდნენ გამგეობის რეორგანიზაციის, კერძოდ, ტერიტორიული ორგანოების გაუქმების გამო, რაც განხორციელდა კანონმდებლობის ცვლილების შედეგად. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ამოქმედებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” კანონი, რომელიც არეგულირებდა ტერიტორიულ ორგანოებში რწმუნებულის უფლებამოსილებებს და მის საქმიანობის წესს, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით რწმუნებულის თანამდებობა გაუქმდა და გამგებელს მიენიჭა ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის დანიშვნის უფლებამოსილება. ამ ცვლილების შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა რიცხვი 147 ერთეულიდან 100 ერთეულამდე შემცირდა.
მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის და 19 დეკემბრის გადაწყვეტილებებით ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ას და ა. ს-ას სარჩელები არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინებით ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას და სხვების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩამარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის და 19 დეკემბრის გადაწყვეტილებები.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო აქტები - მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებები მოსარჩელეების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემულია მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის - თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების გაუქმებისა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული კატეგორიის დავების განხილვისას (მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლებისას) ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების მართლზომიერება უნდა შემოწმდეს დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლოს კვლევის საგანია რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი გასაჩივრებულ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტში მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულ გარემოებებს - მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციას და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო ბაზაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ამოქმედებამდე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესი, მათი სტრუქტურა, უფლებამოსილებები და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი, ეკონომიკური და ფინანსური საფუძვლები, დადგენილი იყო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით. მითითებული კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გამგეობა შედგებოდა სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოსაგან. ამ ნორმის შესაბამისად, გამგეობის სტრუქტურა მოიცავდა დარგობრივი და ტერიტორიული პრინციპით შექმნილ სამსახურთა ერთობლიობას.
სასამართლოს განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განისაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - გამგეობის სრულიად განსხვავებული სტრუქტურა, რომლის მიხედვით, გამგეობის სტრუქტურა განისაზღვრა მხოლოდ სტრუქტურული ანუ დარგობრივი პრინციპით. შესაბამისად, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, უდავოა, რომ ადგილი ჰქონდა გამგეობის სტრუქტურის ცვლილებას, რასაც შედეგად მოჰყვა ტერიტორული ორგანოების (სტრუქტურული ერთეულების) გაუქმება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის დანაწესზე, რომლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირს წარმოადგენდა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავდა და თანამდებობიდან ათავისუფლებდა გამგებელი. ამავე კანონის 42-ე მუხლით დადგენილი იყო რწმუნებულის უფლებამოსილებათა სფერო, მისი კომპეტენციის ფარგლები. იმის გათვალიწინებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ამოქმედების შედეგად გამგეობამ განიცადა სტრუქტურული ცვლილება და გამგეობის ტერიტორიული ორგანო, როგორც გამგეობის შემადგენელი ნაწილი, გაუქმდა, ცხადია, გაუქმდა ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - რწმუნებულის თანამდებობაც.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, ვინაიდან კანონით შეიცვალა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - გამგეობის სტრუქტურა და გაუქმდა გამგეობის ტერიტორიული ორგანო და მისი ხელმძღვანელისა და აპარატის თანამდებობები, ამ სფეროში განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეორგანიზაცია დაწესებულების სტრუქტურის შეცვლით, რასაც თან ახლდა შტატების შემცირება, კერძოდ გაუქმდა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო, როგორც გამგეობის სტრუქტურის შემადგენელი ნაწილი, რასაც თან მოჰყვა ტერიტორიული ორგანოს აპარატის - რწმუნებულისა და გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსის თანამდებობათა შემცირება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ტერიტორიული ორგანოს მოხელეებთან მიმართებით სამართლებრივ რეჟიმს ადგენდა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ორგანოთა დებულება, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებათა კვალდაკვალ, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებით ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული.
სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელეთა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი არ ჰქონია შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებას, ვინაიდან, გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისა და გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობა, ასევე გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებთან კოორდინაციის განყოფილება და გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება ფუნქციურად იდენტური პოზიციები იყო.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისა და გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობა, ასევე გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებთან კოორდინაციის განყოფილება და გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება არ წარმოადგენს ერთი და იგივე პოზიციებს. ახლად შექმნილ საშტატო ერთეულზე დანიშნული პირისათვის იმ ფუნქციური მოვალეობების გარკვეული ნაწილის დაკისრება, რასაც ადრე სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში ასრულებდა გაუქმებულ საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირი, არ წარმოადგენს დაწესებულების რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამომრიცხავ გარემოებას.
სასამართლოს მითითებით, შტატებით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირების ფაქტი დასტურდება ასევე იმ გარემოებითაც, რომ შეიცვალა ახლად ჩამოყალიბებული სამსახურის ფუნქციონალური დატვირთვა, ფუნქციონალურ-კომპეტენტური მოთხოვნები; კერძოდ, გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობისაგან განსხვავებით გამგებლის წარმომადგენელი უკვე არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელს და თანამდებობის პირს, მათ შორის ახალი საკანონმდებლო რეგულაციით მას უკვე არ გააჩნია სამსახურის საქმიანობის წარმართვის, შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს და გამგებლის (მერის) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის კონტროლის, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში მონაწილეობის, ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე წინადადებების შემუშავების, მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევაში მონაწილეობის, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შესრულების უფლებამოსილება. შესაბამისად, სხვა ფუნქციური დატვირთვა შეიძინა გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილებამ. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ გამგებლის წარმომადგენლის საშტატო ერთეულის შემოღება კანონმდებელმა გამგებლის/მერის დისკრეციულ უფლებამოსილებათა სფეროს მიაკუთვნა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
კასატორების მტკიცებით, ისინი განუსაზღვრელი ვადით იყვნენ დანიშნულნი მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებად შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საიდანაც გაათავისუფლეს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებასთან დაკავშირებით. მოსარჩელეები წლების განმავლობაში მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში მუშაობისას არაერთგზის იყვნენ წახალისებულნი, არასოდეს ყოფილან მიცემულნი დისციპლინურ პასუხისგებაში. სადავო აქტების მიმართ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობისათვის გათვალისწინებული ორივე ნორმატიული შემადგენლობა - კანონსაწინააღმდეგობა და სადავო აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ბრძანებებში მითითებულ ფაქტს - შტატების შემცირებას ადგილი არ ჰქონია, დაუსაბუთებელია ამ საფუძვლით პირის დაკავებული თანამებობიდან გათავისუფლება. მოპასუხის მხრიდან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემამდე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სათანადო გამოკვლევის, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების მეშვეობით საკითხის გადაწყვეტის შემდგომ, მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება
კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა რომ მოსარჩელეები დანიშნული იყვნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულების მოვალეობის შემსრულებლების თანამდებობაზე. გათავისუფლების ბრძანებებში ნათლად ჩანს, რომ მოსარჩელეები გათავისუფლდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულების თანამდებობებიდან და არა მოვალეობის შემსრულებლების თანამდებობებიდან. გარდა ამისა, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განხორციელდა რეორგანიზაცია. ფუნქციურად გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული და გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობა იყო ერთი და იგივე, ისევე როგორც იდენტური იყო გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებთან კოორდინაციის განყოფილება და გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება. მოსარჩელეები 7 დღის მანძილზე ასრულებდნენ ახალი თანამდებობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ვ. ც-ასა და სხვათა საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო აქტები - მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებები მოსარჩელეების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემულია მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის - თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების გაუქმებისა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების საფუძვლით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). „დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია“ გულისხმობს კასატორის მითითებას იმ საპროცესოსამართლებრივ დარღვევებზე, რასაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა მოჰყვა.
განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ისარგებლა აღნიშნული ნორმით გარანტირებული შედავების უფლებით და ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოების მიმართ დასაბუთებული პრეტენზია წარმოადგინა.
საკასაციო სასამართლომ, შეამოწმა რა შედავების სამართლებრივი საფუძვლები, მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია გაზიარებულ უნდა იქნეს.
სააპელაციო სასამართლომ ვრცლად მიმოიხილა თვითმმართველობის სფეროში გატარებული რეფორმა და დაასკვნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განისაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - გამგეობის სრულიად განსხვავებული სტრუქტურა, რომლის მიხედვით, გამგეობის სტრუქტურა მოწყობილია მხოლოდ სტრუქტურული ანუ დარგობრივი პრინციპით, შესაბამისად, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, უდავოა, რომ ადგილი ჰქონდა გამგეობის სტრუქტურის ცვლილებას, რასაც შედეგად მოჰყვა ტერიტორული ორგანოების (სტრუქტურული ერთეულების) გაუქმება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ეს ფაქტი, თავისთავად, არ ადასტურებს შტატების შემცირებას. უდავოა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, რეორგანიზაციისას საჯარო მოხელის გათავისუფლება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციას თან შტატების შემცირებაც ახლავს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ, იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება მოვალეობების შესრულებას, შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს ეს გარემოებები სათანადოდ არ გამოუკვლევია, კერძოდ, არ გაითვალისწინა, რომ რეორგანიზაციამდე არსებობდა 21 რწმუნებულის შტატი და რეორგანიზაციის შემდეგ შეიქმნა 21 გამგებლის წარმომადგენლის პოზიცია, გარდა ამისა, რწმუნებულის ფუნქციების გარკვეული ნაწილი გადაეცა გამგებლის წარმომადგენელს, დამატებითი მოთხოვნები კი, გათვალისწინებული არ არის. სასამართლოს არ შეუფასებია, ამ სამსახურებრივი ფუნქციების დაკისრებით გამგებლის წარმომადგენელი ასრულებდა თუ არა თვისობრივად იმავე მოვალეობებს, რასაც რწმუნებული, ამასთან, საყურადღებოა, რომ გამგებლის წარმომადგენლის ფუნქციები, რწმუნებულთან შედარებით, არ გაზრდილა, შემცირდა, თუმცა მარტვილის მუნიციპალიტეტის დებულების საფუძველზე, გამგებლის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობები ამომწურავად განსაზღვრული არ არის.
გარდა ამისა, მართალია, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ რეფორმის შედეგად გამგეობის ტერიტორიული ორგანოები გაუქმდა და თვითმმართველობის ორგანოები დარგობრივი პრინციპით მოეწყო, მაგრამ არ გაითვალისწინა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების საფუძველზე, გამგებლის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას გარკვეული ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში ასრულებს, ამდენად, ტერიტორიული დაყოფის პრინციპი კვლავაც შენარჩუნებულია, თუმცა შესაფასებელია, მოქმედებენ თუ არა გამგებლის წარმომადგენლები იმავე ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც რწმუნებულები.
საკასაციო სასამართლო ცალკე გამოყოფს ა. ს-ამ სარჩელს და ყურადღებას ამახვილებს, რომ ამ უკანასკნელს რეორგანიზაციამდე დაკავებული ჰქონდა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსის თანამდებობა. ადმინისტრაციული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფდა: ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას: ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას; გ) გამგეობის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას; დ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. რეორგანიზაციის შემდეგ შეიქმნა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება, რომლის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 სექტემბრის №24 დადგენილებით დამტკიცებული მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებით. მითითებული დებულების მე-6 მუხლის თანახმად, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) გამგებლის წარმომადგენლების კოორდინირებულ მუშაობას; ბ) გამგებლის წარმომადგენლებისაგან შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე საკრებულოსა და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციების მიღებას და სათანადო დამუშავების შემდეგ გამგებლისათვის წარდგენას: გ) გამგებლის წარმომადგენლებისაგან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე გამგებლისათვის წინადადებების წარდგენას ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაჭრის გზების შესახებ; დ) გამგებლის წარმომადგენლების დახმარებას მათ მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის, სახალხო განხილვების ჩატარებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზების საქმეში; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ორი სამსახურის ფუნქციები განსხვავებულადაა ფორმულირებული, თუმცა არსებითად მსგავსია, ამდენად, დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა, რომ რეორგანიზაციამდე არსებული მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციის განყოფილების უფლებამოსილებათა დამდგენი ნორმების შინაარსი, კომპეტენციის ფარგლები და რეორგანიზაციის შემდგომ არსებული მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფლებამოსილებები და ვალდებულებები შინაარსობრივად განსხვავდებოდა და არც შეიძლებოდა იდენტური ყოფილიყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე უნდა გაირკვეს, რეორგანიზაციის შემდეგ არსებობს თუ არა იმავე ფუნქციური დატვირთვის მქონე საშტატო ერთეულები, რაც ეკავათ მოსარჩელეებს, მათი სტატუსი, უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა ადგილი დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის მიმართ ფუნქციონალურ-კომპეტენციური მოთხოვნების გაზრდას და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდეს სარჩელის საფუძვლიანობის საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ას, ა. ს-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე