Nბს-450-443 (კ-15) 22 დეკემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ნ. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“ (მოსარჩელე)
მესამე პირი -დ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - სემეკის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,...” ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სემეკის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 11 ივლისის №16/8 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2010 წლის 31 მაისს შპს ,,...“ წარმომადგენლებმა ქ.თბილისში, ... №3-ში გამოავლინეს დ. მ-ის მიერ ბუნებრივი გაზის მრიცხველის გვერდის ავლით მოხმარების ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შესახებ №010850 აქტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივლისის №4/5988-10 დადგენილებით დ. მ-ი ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამარღვევად და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა. მოსარჩელე კომპანიამ დაიანგარიშა სამართალდარღვევით მიყენებული ზიანი, რამაც შეადგინა 1 815,02 ლარი. ზიანის გაანგარიშება და დარიცხვა დ. მ-მა გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. კომისიის 2013 წლის 11 ივლისის №16/8 გადაწყვეტილებით დ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, დაევალა შპს ,,...“ უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად დარიცხული, განახევრებული 907,51 ლარის გადანაწილება 48 თვეზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,...’’ სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 11 ივლისის №16/8 გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სემეკმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 დეკემბრის განჩინებით სემეკის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 2010 წლის 31 მაისს დ. მ-ის მიმართ შედგა №010850 აქტი ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შესახებ. აქტში აღნიშნულია, რომ მომხმარებელი მოიხმარს 4 სანთურიან გაზქურას ღუმელით, წყლის გამაცხელებელს (ძვ. რუსული წარმოების) და გამათბობელს (ბაქოს წარმოების); დ. მ-ის მიერ უკანონოდ მოხმარებული გაზის ღირებულების დაანგარიშება მოხდა 2010 წლის 7 ივნისს 4 სანთურიან გაზქურის ღუმელის, წყლის გამაცხელებელის (ძვ. რუსული წარმოების) და გამათბობლის (ბაქოს წარმოების) წარმადობის გათვალისწინებით. თანხამ შეადგინა 1 815,02 ლარი;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივლისის დადგენილებით დ. მ-ი ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად იგი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებით;
3. უკანონოდ მოხმარებული გაზის ღირებულების გაანგარიშება და დარიცხვა დ. მ-მა გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში;
4. კომისიის 2013 წლის 11 ივლისის №16/8 გადაწყვეტილებით მისი საჩივარი დაკმაყოფილდა, შპს ,,...“ დაევალა უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად დარიცხული, განახევრებული 907,51 ლარის გადანაწილება 48 თვეზე. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მითითება, რომ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური დ. მ-ს დაერიცხა დადგმული სიმძლავრეების ჯამური მაჩვენებლის 12 საათიანი რეჟიმიდან გამომდინარე 6 თვის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების მიხედვით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს ,,ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ“ №14 დადგენილების მე-11 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, კომისია უფლებამოსილია, დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად, იმსჯელოს საწარმოს მიერ მის სასარგებლოდ პირზე დარიცხული თანხის საფუძვლიანობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილების მე-12 მუხლი კომისიას აძლევს უფლებას, იმსჯელოს საწარმოს მიერ მის სასარგებლოდ პირზე დარიცხული თანხის საფუძვლიანობაზე, თუ მან განიხილა და გადაწყვიტა სახდელის დადების შესახებ დადგენილების კანონიერების საკითხი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა მოქალაქეს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას ან სახელმწიფოს, მაშინ მოსამართლე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის დადების საკითხის გადაწყვეტისას ვალდებულია სამართალდამრღვევს იმავდროულად დააკისროს მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. სხვა შემთხვევაში მხარეებს რჩებათ უფლება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სასამართლოში იდავონ დარღვეული ქონებრივი უფლებების დასაცავად.
აღნიშნული განჩინება სემეკმა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა N14 დადგენილების მე-11 მუხლის მე-12 პუნქტით, არამედ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეემოწმებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის შესაბამისად. სპეციალური საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე, სახელმწიფოს კომისიისათვის გადაცემული აქვს განსაზღვრული რეგულირების სფეროები - ელექტროენერგეტიკა, ბუნებრივი აირები, წყალმომარაგება და ამ სფეროებში წარმოშობილი დავების გადაწყვეტის ფართო დისკრეცია. დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში კომისიის საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრირების ერთ-ერთ განსაკუთრებულ სახეს და, ამდენად, იგი განსაკუთრებული მაკონტროლებელი ფუნქციების მატარებელია. კომპანიის მიერ მომხმარებელზე თანხის დარიცხვა და მისი საფუძვლიანობის შესწავლა კომისიის მიერ რეგულირებადი საქმიანობის ნაწილია. კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა სადავო საკითხზე (გარდა წმინდად სამოქალაქო სამართალურთიერთობისა) გადაწყვეტილების მიღება ერთ-ერთი განსაკუთრებული საჯარო ადმინისტრაციული მმართველეობითი ფუნქციაა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სემეკის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 2010 წლის 31 მაისს დ. მ-ის მიმართ შედგა №010850 აქტი ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შესახებ. აქტში აღნიშნულია, რომ მომხმარებელი მოიხმარს 4 სანთურიან გაზქურას ღუმელით, წყლის გამაცხელებელს (ძვ. რუსული წარმოების) და გამათბობელს (ბაქოს წარმოების); დ. მ-ის მიერ უკანონოდ მოხმარებული გაზის ღირებულების დაანგარიშება მოხდა 2010 წლის 7 ივნისს 4 სანთურიან გაზქურის ღუმელის, წყლის გამაცხელებელის (ძვ. რუსული წარმოების) და გამათბობლის (ბაქოს წარმოების) წარმადობის გათვალისწინებით. თანხამ შეადგინა 1 815,02 ლარი;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივლისის დადგენილებით დ. მ-ი ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად იგი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებით;
3. უკანონოდ მოხმარებული გაზის ღირებულების გაანგარიშება და დარიცხვა დ. მ-მა გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში;
4. კომისიის 2013 წლის 11 ივლისის №16/8 გადაწყვეტილებით მისი საჩივარი დაკმაყოფილდა, შპს ,,...“ დაევალა უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად დარიცხული, განახევრებული 907,51 ლარის გადანაწილება 48 თვეზე. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მითითება, რომ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური დ. მ-ს დაერიცხა დადგმული სიმძლავრეების ჯამური მაჩვენებლის 12 საათიანი რეჟიმიდან გამომდინარე 6 თვის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების მიხედვით.
კასატორს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სამოქალქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოსათვის მათ სავალდებულო ძალა გააჩნიათ.
განსახილველი საქმის ფარგლებში სადავოა სემეკის უფლებამოსილება, განიხილოს აბონენტისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკითხი.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მეორე მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოსგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა სახის საჯარო საქმიანობას.
აღსანიშნავია, რომ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით ეროვნული მარეგულირებელი ორგანო არის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახლემიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. ამდენად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის საქართჳელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
ლიცენზიანტებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 06.03.2014 წ. N6 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებით“ გათვალისწინებულ კომისიის ერთ-ერთ ძირირთად ფუნქციას. ხოლო ამ ფუნქციის განსახორციელებლად ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრებული დარიცხვის კანონიერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-40 მუხლი და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა შეეხება ადმინისტრაციული გადაცდომის საკითხის განხილვისას სასამართლოს მიერ დამატებით ზიანის ანაზღაურების დაკისრებას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ, სემეკის კომპეტენციის დადგენისას, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ“ №14 დადგენილების მე-11 მუხლის მე-12 ნაწილი, რომლის თანახმად, კომისია უფლებამოსილია, დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად, იმსჯელოს საწარმოს მიერ მის სასარგებლოდ პირზე დარიცხული თანხის საფუძვლიანობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. დადგენილების მე-2 მუხლის 1 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილება არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, უფლებამოსილი პირის მიერ სამართალდამრღვევი პირის მიმართ გამოცემული დადგენილება გაფრთხილების ან დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ. დადგენილება, როგორც შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული აქტი, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი გამოცემის წესი, ისევე როგორც მისი რეკვიზიტები, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნორმის დანაწესი „დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად“ გულისხმობს შესაძლებლობას, კომისიის მსჯელობის საგანი არ იყოს დადგენილების მართლზომიერება, მაგრამ შეფასდეს დაკისრებული თანხის კანონშესაბამისობა.
საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ზოგადო ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული აქტის გამოცემა არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ აქტის არარად აღიარების საფუძველია და არა ბათილად ცნობის. სააპელაციო სასამართლოს კი, ეს გარემოება მხედველობიდან გამორჩა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული;) გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა ან არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სემეკი თავისი კომპეტენციის ფარგლებს გასცდა და არ შეუმოწმებია ადმინისტრაციული აქტის მართლზომიერების მატერიალური და ფორმალური საფუძვლები, შესაბამისად, გადაწყვეტილება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია და არსებობს საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე