Facebook Twitter

Nბს-492-485 (2კ-15) 22 დეკემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „…(მოსარჩელე)

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი -ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „…“ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 13 მაისის №24902 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 25 მარტის №17572; №17426; №17569; №17455; №17570; №17571; №17433 წინასწარი გადაწყვეტილებების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

მოსარჩელის განმარტებით, შპს „…“ ახორციელებს თურქული კომპანია „მ…“ წარმოებული ფიქსატორების საქართველოში იმპორტს. იმპორტირებულ პროდუქციასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულების გამო, მოსარჩელემ შემოსავლების სამსახურს მიმართა სასაქონლო კოდის მინიჭების მოთხოვნით. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით განცხადებაში მითითებულ პროდუქციას მიენიჭა 6307 სასაქონლო კოდი, რაც კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. შპს „…“ მიერ იმპორტირებული ნაწარმის ძირითადი მახასიათებელი არის ის, რომ ფიქსაცია ხდება არა ელასტიურობის ხარჯზე, არამედ - მეტალის ჩანართების მეშვეობით, შესაბამისად, საქონელს 9021 კოდი უნდა მინიჭებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,…” სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 13 მაისის №24902 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 25 მარტის №17572; №17426; №17569; №17455; №17570; №17571; №17433 წინასწარი გადაწყვეტილებები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალა წინასწარი გადაწყვეტილებით ნაცვლად მინიჭებული კოდისა შპს ,,…'' მიერ განცხადებაში მითითებულ პროდუქციას მიანიჭოს ,,…'' სასაქონლო კოდი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. შპს ,,..’’ მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს იმპორტირებული პროდუქციისათვის სასაქონლო კოდის განსაზღვრის მიზნით, რაზედაც სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2014 წლის 25 მარტს მიიღო წინასწარი გადაწყვეტილება №17572 სეს ესნ შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ და მიუთითა რომ ცერა თითის ფიქსატორის მოდელის … . საქონლის კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად არის …;

2. შპს ,,…’’ მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს იმპორტირებული პროდუქციისათვის სასაქონლო კოდის განსაზღვრის მიზნით, რაზედაც სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2014 წლის 25 მარტს მიიღო წინასწარი გადაწყვეტილება №17426 სეს ესნ შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ და მიუთითა რომ მუხლის ფიქსატორის მოდელის …. საქონლის კოდი სეს ესნ- ის შესაბამისად არის …;

3. შპს ,,…’’ მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს იმპორტირებული პროდუქციისათვის სასაქონლო კოდის განსაზღვრის მიზნით, რაზედაც სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2014 წლის 25 მარტს მიიღო წინასწარი გადაწყვეტილება №17569 სეს ესნ შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ და მიუთითა რომ მაჯის არტახი ცერა თითის ფიქსაციის მოდელის … . საქონლის კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად არის … ;

4. შპს ,,…’’ მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს იმპორტირებული პროდუქციისათვის სასაქონლო კოდის განსაზღვრის მიზნით, რაზედაც სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2014 წლის 25 მარტს მიიღო წინასწარი გადაწყვეტილება №17455 სეს ესნ შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ და მიუთითა რომ კოჭის ფიქსატორის მოდელის … . საქონლის კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად არის … ;

5. შპს „…“ მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს იმპორტირებული პროდუქციისათვის სასაქონლო კოდის განსაზღვრის მიზნით, რაზედაც სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2014 წლის 25 მარტს მიიღო წინასწარი გადაწყვეტილება №17570 სეს ესნ შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ და მიუთითა რომ მაჯის ფიქსატორის მოდელის … . საქონლის კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად არის … .

6. შპს „…’’ მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს იმპორტირებული პროდუქციისათვის სასაქონლო კოდის განსაზღვრის მიზნით, რაზედაც სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2014 წლის 25 მარტს მიიღო წინასწარი გადაწყვეტილება №17571 სეს ესნ შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ და მიუთითა რომ ცერა თითის ფიქსატორის მოდელის … . საქონლის კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად არის … .

7. შპს „…“ მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს იმპორტირებული პროდუქციისათვის სასაქონლო კოდის განსაზღვრის მიზნით, რაზედაც სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2014 წლის 25 მარტს მიიღო წინასწარი გადაწყვეტილება №17433 სეს ესნ შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ და მიუთითა რომ მუხლის ფიქსატორის მოდელის … . საქონლის კოდი სეს ესნ- ის შესაბამისად არის … .

8. მოსარჩელემ 2014 წლის 28 მარტის საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 25 მარტის წინასწარი გადაწყვეტილებები: №17572; №17426; №17569; №17455; №17570; №17571; №17433; რაზედაც სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2014 წლის 13 მაისს გამოსცა ბრძანება №24902, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,…’’ საჩივარი.

9. 2014 წლის 20 მაისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს საჩივრით მიმართა შპს ,,…’’ შემოსავლების სამსახურის მიერ წინასწარი გადაწყვეტილებებით სეს ესნ კოდების მინიჭების მართლზომიერების თაობაზე და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 13 მაისის ბრძანების №24902, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 25 მარტის წინასწარი გადაწყვეტილებების: №17572; №17426; №17569; №17455; №17570; №17571; №17433 ბათილად ცნობა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ 2014 წლის 24 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არ დააკმაყოფილა შპს ,,…’’ საჩივარი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას, საერთოდ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, თუ რა ფუნქციის და დანიშნულებისაა წარდგენილი პროდუქცია და აქედან გამომდინარე, რატომ არ შეესაბამებოდა ის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ,,…'' სასაქონლო პოზიაციას.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების არგუმენტი, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების გამოცემისას მათ იხელმძღვანელეს საერთაშორისო პრაქტიკით დადგენილი წესით, რამდენადაც სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი აქტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკას, მეტიც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი (ს.ფ. 198) ცალსახად ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, სასაქონლო პოზიციის დადგენისას, იმსჯელოს პროდუქციის დანიშნულებაზე და განსაზღვროს ის.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №003667614, №003666614, №003868114, №003869714, №004959214, №004960614 დასკვნები, რომლის მიხედვით, მათთან წარდგენილი საექსპერტო კვლევის ობიექტების: ცერა თითის ფიქსატორის, მაჯის ფიქსატორის ცერა თითის დამჭერით, მაჯის ფიქსატორის ,,M…’’, კოჭის ფიქსატორის, მაჯის ფიქსატორის ,,Mo….’’, მაჯის ფიქსატორის ცერა თითის დამჭერით ,,Mor… .’’ სეს ესნ კოდებია … . მითითებული ექსპერტიზის დასკვნების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია, რის გამოც სააპელაციო სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას განცხადებაში მითითებული პროდუქციისათვის ,,…'' სასაქონლო კოდის მინიჭების შესახებ.

აღნიშნული განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ შპს „…“ განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სასაქონლო კოდის განსაზღვრა მის მიერ საიმპორტოდ გამიზნულ საქონელზე:

1. ცერა თითის ფიქსატორი, მოდელი …;

2.მაჯის ფიქსატორი, მოდელი …;

3.კოჭის ფიქსატორი, მოდელი …;

4.მაჯის არტახი ცერა თითის ფიქსაციით, მოდელი …;

5.მუხლის ფიქსატორი, მოდელი …;

6.მუხლი ფიქსატორი, მოდელი …;

7.ცერა თითის ფიქსატორი, მოდელი … .

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2014 წლის 25 მარტს გამოსცა N17572, N17426, N17569, N17457, N17570, N17571, N17433 გადაწყვეტილებები, რომლითაც აღნიშნული საქონელი მიაკუთვნა „…“ სასაქონლო კოდს. საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩათვლის უფლების გარეშე, დღგ-ისგან გათავისუფლებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის … (გარდა …), … და … კოდებში მითითებული სამედიცინო ან ვეტერინარული დანიშნულების საქონლის (მათ შორის, ინსულინის შპრიცების/ნემსების), … და … კოდებში აღნიშნული ეტლებისა და მათი ნაწილების და საკუთნოების, სამედიცინო დანიშნულების რენტგენის ფირების, სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემები რეგისტრირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ) მიწოდება ან /და იმპორტი. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომეკლატურული კოდების მიხედვით, „…“ პოზიციაში ერთიანდება სამარჯვეები ორთოპედიული, ყავარჯნების, ქირურგიული ქამრების და არტახევის ჩათვლით. სალტეები და მოტეხილობის სამკურნალო სხვა სამარჯვეები, რომელსაც ატარებენ სხეულზე თან, ან იმპლანტირებულია სხეულში განუვითარებელი ან დაკარგული ორგანოს კომპენსაციისთვის. სეეს ესნ-ის 90-ე ჯგუფის 1. (ბ) შენიშვნის თანახმად, მოცემულ ჯგუფში არ ჩაირთვება„დამჭერი ქამრები ან სხვა დამჭერი ნაწარმი საფეიქრო მასალებისაგან, რომელთა მიზანმიმართული ზემოქმედება დასაჭერი ან დასაფიქსირებელი ორგანოსადმი ხორციელდება მხოლოდ მათი ელასტიურობის ხარჯზე (მაგალითად, არტახები ფეხმძიმე ქალებისთვის, სამკერდე არტახები, მუცლის არტახები, სახსრებისა ან კუნთების ფიქსატორები)“. ამასთან, სეს სნ „…“ პოზიციაში ერთიანდება მზა ნაწარმი სხვა ტანსაცმლის თარგების ჩათვლით, ხოლო „…“ ჯგუფის შენიშვნაში პირველ პუნქტად მითითებულია, რომ ჯგუფში ჩაირთვება მხოლოდ მზა ნაწარმი ნებისმიერი საფეიქრო ქსოვილისაგან. გარდა ამისა, „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის“ ინტერპრეტაციის ძირითადი წესების მესამე პუნქტის თანახმად, საქონლის კლასიფიცირება ხორციელდება იმ მასალების ან შემადგენელი ნაწილების მიხედვით, რომლებიც არსებითად განასხვავებენ მოცემული საქონლის ხასიათს. მოცემულ შემთხვევაში, საქონლის განცალკევებადი ჩანართების მქონე ფიქსატორები ასრულებენ ორმაგ ფუნქციას, კერძოდ, მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც ჩანართების გარეშე, ასევე მათთან ერთად და ჩანართები წარმოადგენენ მათ დამატებით და განცალკავებად ნაწილებს. შესაბამისად, ფიქსატორების მიერ ძირითადი ფუნქციის შესრულება ხორციელდება მათი ელასტიურობის ხარჯზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასეთი სახის ფიქსატორები კლასიფიცირდება სეს ესნ-ის … პოზიციაში.

სსიპ შემოსავლების სამსახური საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ვინაიდან, განცალკევებადი ჩანართების მქონე ფიქსატორები ასრულებენ ორმაგ ფუნქციას, კერძოდ, მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც ჩანართების გარეშე, ასევე მათთან ერთად და ჩანართები წარმოადგენენ მათ დამატებით, განცალკავებად ნაწილებს, შესაბამისად, ფიქსატორების მიერ ძირითადი ფუნქციის შესრულება ხორციელდება მათი ელასტიურობის ხარჯზე. ასეთი სახის ფიქსატორები კლასიფიცირდება სეს ესნ-ის … პოზიციაში. თურქული მხარის მიერ შესყიდვის დოკუმენტში საქონლის ერთ-ერთ მოდელზე (მოდელი …) განისაზღვრა სეს ესნ-ის … სასაქონლო პოზიცია. შემოსავლების სამსახურის მიერ წინასწარი გადაწყვეტილებები მიღებულია საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. პირველი ინსტანციის სასამართლოში მათ მიერ წარდგენილ იქნა ევროკავშირის საბაჟოს მიერ მიღებული წინასწარი გადაწყვეტილება სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ DE 23761/12-1, რომლის თანახმადაც, ფიქსატორებში სხვასასხვა მასალის ჩანართების არსებობა (სილიკონი, პლასტმასი) ცალსახად არ წარმოადგენს საქონლის … სასაქონლო პოზიციში კლასიფიცირების საფუძველს.

ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებთან დაკავშირებით კასატორი განმარტავს, რომ საქონლის კლასიფიცირების შესახებ წინასწარი გადაწყვეტილებების მიღება ხდება „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის 2012 წლის რედაქციისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის ივლისის N241 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომეკლატურის (სეს ესნ)“ ინტერპრეტაციის ძირითადი წესების გათვალისწინებით. სეს ესნ-ის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის უფლება აქვს მხოლოდ შემოსავლების სამსახურს, რადგანაც იგი არის „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ ბრიუსელის 1983 წლის 14 ივნისის საერთაშორისო კონვენციის ხელშემკვრელი მხარე და მონაწილეობას ღებულობს HS ნომეკლატურის ტექსტებსა და ცვლილებებზე მუშაობის პროცესში. შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები არ არის სათანადოდ დასაბუთებული და არ ითვალისწინებს კლასიფიცირების საერთაშორისო პრაქტიკას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემული დავა შეეხება სასაქონლო კოდების მინიჭების სისწორეს შპს „…“ მიერ იმპორტირებულ შემდეგ საქონელზე:

1. ცერა თითის ფიქსატორი, მოდელი …;

2. მაჯის ფიქსატორი, მოდელი …;

3. კოჭის ფიქსატორი, მოდელი …;

4. მაჯის არტახი ცერა თითის ფიქსაციით, მოდელი …;

5. მუხლის ფიქსატორი, მოდელი …;

6. მუხლი ფიქსატორი, მოდელი …;

7. ცერა თითის ფიქსატორი, მოდელი ….

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ყველა ზემომითითებული საქონელს უნდა მინიჭებოდა ,,…'' სასაქონლო კოდი.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). „დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია“ გულისხმობს მხარის მითითებას საპროცესოსამართლებრივი ნორმების ისეთ დარღვევაზე, რასაც შედეგად ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა მოჰყვა. განსაკუთრებით ეს შეეხება მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასების საპროცესო სტანდარტების დარღვევას, ასევე ამგვარი შედავება შეიძლება ემყარებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დარღვევას, კერძოდ, თუ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორებმა ისარგებლეს ზემომითითებული ნორმით გარანტირებული შედავების უფლებით.

საკასაციო სასამართლომ, შეამოწმა რა შედავების სამართლებრივი საფუძვლები და სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მიიჩნევს, რომ კასატორის მოსაზრება გაზიარებულ უნდა იქნეს.

საქონლის კლასიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ხდება „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის ივლისის N241 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომეკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის ივლისის N241 ბრძანების შესაბამისად, … ჯგუფს მიეკუთვნება სამარჯვები ორთოპედიული, ყავარჯნების, ქირურგიული ღვედებისა და არტახების ჩათვლით; სალტეები და მოტეხილობის სამკურნალო დანარჩენი სამარჯვები; სხეულის ხელოვნური ნაწილები; სმენის აპარატები და დანარჩენი სამარჯვები, სატარებელი სხეულზე, თან ან ინპლანტირებული სხეულში ორგანოს დეფექტისა ან მისი მუშაობის არაუნარიანობის კომპენსირებისათვის. 90 1ბ შენიშვნის შესაბამისად, ამ ჯგუფში არ ჩაირთვება დამჭერი ქამრები ან სხვა დამჭერი ნაწარმი საფეიქრო მასალებისაგან, რომელთა მიზანმიმართული ზემოქმედება დასაჭერი ან დასაფიქსირებელი ორგანოსადმი ხორციელდება მხოლოდ მათი ელასტიურობის ხარჯზე (მაგალითად, არტახები ფეხმძიმე ქალებისათვის, სამკერდე არტახები, მუცლის არტახები, სახსრებისა ან კუნთების ფიქსატორები), ხოლო 90.6 შენიშვნის მიხედვით, … სასაქონლო პოზიციაში ტერმინი „სამარჯვები ორთოპედიული” აღნიშნავს სამარჯვებს სხეულის დეფორმაციის თავიდან აცილებისა ან კორექციისათვის; ან სხეულის ნაწილების დაჭერისა ან ფიქსაციისათვის ავადმყოფობის, ოპერაციისა ან დაზიანების შემდეგ. ორთოპედიულ სამარჯვებს მიეკუთვნება ფეხსაცმელი ან სპეციალური ღაბაშები, დამზადებული ორთოპედიული მდგომარეობის კორექციისათვის, იმ პირობით, რომ ისინი ან (1) დამზადებულია ზომების მიხედვით შეკვეთით, ან (2) მასობრივი წარმოებისაა, წარმოდგენილი ერთი საგნით და არა წყვილებად და შემუშავებული ისე, რომ ერთნაირად უხდებოდეს ნებისმიერ ფეხს.

გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების დასაბუთებების მიხედვით, სსიპ შემოსავლების სამსახურმა სადავო პროდუქცია შეაფასა შემადგენელი მასალის მიხედვით და მიიჩნია, რომ ყველა მათგანი ფიქსაციის ფუნქციას, ძირითადად, ელასტიურობის ხარჯზე ასრულებდა, ამდენად, მიაკუთვნა … სასაქონლო პოზიციას.

სარჩელის საფუძვლიანობის დასადგენად, მოცემულ საქმეზე უნდა დადასტურდეს, რომ სადავო პროდუქციის ზემოქმედება დასაჭერი ან დასაფიქსირებელი ორგანოსადმი არ ხორციელდება მხოლოდ მათი ელასტიურობის ხარჯზე.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნუილი ბიუროს დასკვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ, იხელმძღვანელა რა ექსპერტიზის დასკვნებით, არ გაითვალისწინა, რომ არც ერთი დასკვნა არ შეიცავს დეტალურ დასაბუთებას განხორციელებული შემოწმების თაობაზე, კერძოდ კი, განმარტებას, როგორ ფუნქციონირებს თითოეული სამედიცინო პროდუქტი და არგუმენტს, თუ რატომ აკმაყოფილებს შესამოწმებელი პროდუქცია … სასაქონლო პოზიციისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მიუხედავად იმისა, რომ მათში გამოყენებულია ელასტიური მასალები. ამგვარი დასაბუთების გარეშე კი, გაუგებარია, რატომ უნდა იქნეს გაზიარებული ექსპერტის შეფასება სსიპ შემოსავლების სამსახურის შეფასების საპირისპიროდ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას აღნიშნულის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ ექსპერტიზის დასკვნები არ არის წარმოდგენილი შემდეგ პროდუქციაზე:

1. ცერა თითის ფიქსატორი, მოდელი …;

2. მუხლის ფიქსატორი, მოდელი …;

3. მუხლის ფიქსატორი, მოდელი ….

საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია, ამ პროდუქციის ნაწილში რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა სააპელაციო სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ მათაც … სასაქონლო კოდი უნდა მინიჭებოდა. აქვე საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილია ევროკომისიის საგადასახადო და საბაჟო კავშირის BTI დეტალები მუხლის ფიქსატორის თაობაზე, სადაც ანალოგიურ პროდუქტზე განმარტებულია, რომ საყრდენი ფუნქცია განპირობებულია მხოლოდ ბოჭკოვანებით, რომლის საშუალებით ბალიში მუხლის სახსარზე მხოლოდ მოჭერით ახდენს ზეგავლენას. სააპელაციო სასამართლომ კი, ეს მტკიცებულება საერთოდ არ შეაფასა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ან არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და ობიექტურად შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, საჭიროების შემთხვევაში, დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და სადავო პროდუქციის კალასიფიკაციის საკითხი ამგვარად გადაწყვიტოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე