Facebook Twitter

Nბს-497-490 (კ-15) 22 დეკემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „…“ (მოსარჩელე)

მოპასუხე - შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი -ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „…“ თბილისის საქალაქო სასამართლოში შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა.

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2013 წლის 20 ნოემბრის №000601 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2013 წლის 2 დეკემბრის №2460666 ბრძანება;

3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 14 იანვრის №15 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ”…” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა : სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 14 იანვრის №15 ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შსს-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების თანამშრომელმა 2013 წლის 20 ნოემბერს განახორციელა შპს ”…” საქმიანობის შემოწმება „ კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში; შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ”…” მცველი რ. ჯ-ი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა მცველის მოწმობის გარეშე , რაც მიჩნეულ იქნა ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის მოთხოვნის დარღვევად და შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000601; აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 02 დეკემბერს გამოცემული იქნა №2460666 ბრძანება, რომლითაც შპს ”...” მცველის მოწმობის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისათვის ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დაჯარიმდა 6 000 (ექვსი ათასი) ლარით; საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ რ. ჯ-სა და შპს „...” შორის 2013 წლის 30 ოქტომბერს გაფორმებული იყო შრომითი ხელშეკრულება და №კ-163 კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით რ. ჯ-ს 2013 წლის 30 ოქტომბრიდან 2014 წლის 30 ოქტომბრამდე ევალებოდა ხელშეკრულებაში მითითებული ობიექტის დაცვა, დადგენილი პირობებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს აზრით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში უტყუარად არ არის დადგენილი სამართალდარღვევის ფაქტი, ვინაიდან სრულად არ არის გამოკვლეული ყველა ის ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა სამართლებრივ კვალიფიკაციას შეეძლო მოეცა სამართალდარღვევის შემადგენლობა; კერძოდ, სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით მცველს არ გააჩნდა მცველის მოწმობა, რაც არ არის დადგენილი საქმის სხვა მტკიცებულებებით, ხოლო ის გარემოება, რომ მცველმა შემმოწმებლებს არ წარუდგინა მცველის მოწმობა, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მას არ ჰქონდა მცველის მოწმობა, რაც ქმნიდა სამართალდარღვევის შემადგენლობას შპს „...” მიმართ.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართალდარღვევის ფაქტის გამოკვლევისას ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასება უნდა მისცეს არა მხოლოდ შემმოწმებლების განმარტებებს, არამედ, მცველის რ. ჯ-ის, ასევე ობიექტის დაცვის სამსახურის სპეციალისტის, შპს ”...” დირექტორის განმარტებებსაც იმასთან დაკავშირებით, რომ მცველს რეალურად ჰქონდა მცველის მოწმობა, ამასთან მისი წარუდგენლობა განპირობებული იყო შემმოწმებლების მხრიდან არაკორექტული მოქმედებებით, რასთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვნის გამოკვლეულ და შეფასებულ იქნას საქმეზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი დაცვის ობიექტის შემოწმების პროცესის ამსახველ ვიდეოჩანაწერი, რომელზე ასახული მონაცემები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მცველის მოწმობა დევს შემთხვევის ადგილზე არსებულ მაგიდაზე; სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მტკიცება იმის შესახებ, რომ სამართალდარღვევის ფაქტის გამოსავლენად მნიშვნელოვანია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების და შემთხვევის ადგილის შესახებ ვიდეოჩანაწერზე ასახული გარემოებების ერთობლიობაში გამოკვლევა–შეფასება, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პასუხისმგებლობა დაწესებულია მცველის მოწმობის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისათვის, რის გამოც უნდა გამოირიცხოს ზოგადად რ. ჯ-ის მიერ მცველის მოწმობის გარეშე საქმიანობა, ხოლო შემდეგ შეფასდეს - კონკრეტულ შემთხვევაში მისი მხრიდან მცველის მოწმობის წარუდგენლობის მიუხედავად, არსებობდა თუ არა „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით კომპანიის სანქცირების საფუძველი.

აღნიშნული განჩინება შსს-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „კერძო დაცვითი საქმიანობის“ შესახებ კანონის 21-ე და 25-ე მუხლები. სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა შემოწმების ვიდეოჩანაწერი, რადგან ჩანაწერში ჩანს, რომ მაგიდაზე დევს არა მცველის მოწმობა, არამედ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის N262250 ბრძანების დამტკიცებული ე.წ „ბეიჯი.“ რ. ჯ-ი თავად ადასტურებს, რომ მცველის მოწმობა დარჩა სახლში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე კი, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების თანამშრომელმა 2013 წლის 20 ნოემბერს განახორციელა შპს ”... ” საქმიანობის შემოწმება „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ”...” მცველი რ. ჯ-ი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა მცველის მოწმობის გარეშე, რაც მიჩნეულ იქნა ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის მოთხოვნის დარღვევად და შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000601 ოქმი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა 2013 წლის 2 დეკემბერს გამოსცა №2460666 ბრძანება, რომლითაც შპს „...“ მცველის მოწმობის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისათვის, ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 6 000 ლარით.

განსახილველ საქმეზე სადავოა დაჯარიმების საფუძველი - საქმიანობის განხორციელება მცველის მოწმობის გარეშე. სასამართლო გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული აქტი სადავო საკითხის გადაუწყვეტად იქნა ბათილად ცნობილი.

საკასაციო სასამართლო იყენებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის კვალიფიციურად გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლით რეგლამენტირებული, სასამართლოსათვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება - უარი თქვას სადავო საკითხის მოწესრიგებაზე და აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - არ წარმოადგენს უპირობო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული წინაპირობები არ იკვეთება.

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით მცველს არ გააჩნდა მცველის მოწმობა, რაც არ არის დადგენილი საქმის სხვა მტკიცებულებებით, ხოლო ის გარემოება, რომ მცველმა შემმოწმებლებს არ წარუდგინა მცველის მოწმობა, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მას არ ჰქონდა მცველის მოწმობა.

„კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად მცველი ვალდებულია, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თან იქონიოს მცველის მოწმობა, ხოლო თუ თან აქვს იარაღი – იარაღის შენახვის/ტარების ნებართვა (გარდა იმ სახეობის იარაღებისა, რომელზედაც ნებართვა არ გაიცემა). ამავე კანონის 24-ე მუხლის თანახმად კი, დაცვით საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით. დაცვითი საქმიანობის კონტროლის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას ამ კანონის მოთხოვნებთან, ასევე ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციისა და მცველის მიერ კანონის მოთხოვნების დაცვას და ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს დაცვით ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს.

აღნიშნული ნორმების საფუძველზე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციის და მცველის მიერ კანონის მოთხოვნების დაცვას, მათ შორის, მცველის მიერ „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლით მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ამოწმებს, დაცვითი საქმიანობის განხორციელებისას მცველს თან აქვს თუ არა მოწმობა. კანონის ეს დანაწესი ავტომატურად გულისხმობს მცველის ვალდებულებას, მოთხოვნის შემთხვევაში, შემმოწმებელს მოწმობა წარუდგინოს. სხვაგვარად ამ გარემოების შემოწმება შეუძლებელია. ისეთ პირობებში, როდესაც შესამოწმებელი პირი მოწმობის წარდგენაზე უარს ამბობს და თან განმარტავს, რომ მოწმობა თან არ აქვს, შემმოწმებელს სრული საფუძველი აქვს მიიჩნიოს, რომ მცველი, იმ კონკრეტულ მომენტში, საქმიანობას შესაბამისი მოწმობის გარეშე ახორციელებს, რაც, ცხადია, არ გულისხმობს, რომ მას მოწმობა საერთოდ არ გააჩნია. შემოწმებელს არ შეიძლება მოეთხოვოს, განჭვრიტოს, შესამოწმებელ პირს მოწმობა თან ხომ არ აქვს და რაიმე მოტივით მის წარდგენაზე უარს ხომ არ ამბობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შესამოწმებელი ამის თაობაზე პირდაპირ მიუთითებს.

სააპელაციო სასამართლოს აზრით, ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასება უნდა მისცეს არა მხოლოდ შემმოწმებლების განმარტებებს, არამედ, მცველის რ. ჯ-ის, ასევე ობიექტის დაცვის სამსახურის სპეციალისტის, შპს ”...” დირექტორის განმარტებებსაც იმასთან დაკავშირებით, რომ მცველს რეალურად ჰქონდა მცველის მოწმობა, ამასთან მისი წარუდგენლობა განპირობებული იყო შემმოწმებლების მხრიდან არაკორექტული მოქმედებებით. დაცვის ობიექტის შემოწმების პროცესის ამსახველ ვიდეოჩანაწერი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მცველის მოწმობა დევს შემთხვევის ადგილზე არსებულ მაგიდაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ობიექტური შეფასებიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში თავად რ. ჯ-ი განმარტავს, რომ მცველის მოწმობა სახლში დარჩა. სააპელაციო სასამართლო არ ასაბუთებს აღნიშნულის საპირისპიროდ რა მოსაზრებით უნდა მიენიჭოს უპირატესობა მცველის ახსნა-განმარტებას, სადაც ის განმარტავს, რომ მოწმობა ჰქონდა, მაგრამ არ წარადგინა შემმოწმებლის არაკორექტული მოქმედებების გამო. სადავო ვიდეოჩანაწერზე ასევე არ ჩანს გარკვევით, რა დოკუმენტი დევს მაგიდაზე, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებით გაუგებარია, სააპელაციო სასამართლო როგორ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საკითხი სრულყოფილად და არსებობდა ადმინისტრაციულ აქტში მითითებულის საწინააღმდეგო ფაქტები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს ადმინისტრაციულ აქტში მითითებული ფაქტების უსწორობას, შესაბამისად, გაუგებარია, დამატებით რა გარემოებები უნდა გამოიკვლიოს ადმინისტრაციულმა ორგანომ ან სააპელაციო სასამართლო როგორ მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობდა მოსარჩელის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები, რაც სადავო აქტის გამოცემისას არ იქნა მხედველობაში მიღებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

ვინაიდან საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია, დავის ფაქტობრივი გარემოებები კი დამატებით დადგენას არ საჭიროებს, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ვინაიდან სარჩელი არ კმაყოფილდება, ხოლო კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯების განაწილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „...“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე