Nბს-596-589 (2კ-15) 15 დეკემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - 1. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა, 2. ბ. ბ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ე. ს-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ს-ემ 2014 წლის 2 ივლისს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მოპასუხეების ხონის რაიონის სოფელ … საკრებულოს და ბ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა ბ. ბ-ის სახელზე გაცემული 1996 წლის 30 მაისის №547 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის №882012026796 ჩანაწერის გაუქმება.
მოპასუხე ბ. ბ-მა წარმოდგენილი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლობასთან ერთად ხანდაზმულიც იყო.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ხონის რაიონის სოფელ ... საკრებულოს ნაცვლად საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაერთო ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი ბ. რ. ბ-ის სახელზე გაცემული 1996 წლის 30 მაისის №547 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი (0.13 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემის ნაწილში).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ბ-მა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. აღნიშნული გადაწყვეტილება აგრეთვე გაასაჩივრა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ბ. ბ-ის და ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ბ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ბ. ბ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ბ. ბ-ს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ბ. ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება; ბ. ბ-ს დაუბრუნდეს ლ. მ-ის მიერ 29/06/15 წლის N7301671 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე