#ბს-614-607(კ-15) 3 დეკემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლისა და 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 2 ივლისს ი. დ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 6 მაისის №QN1217423, 2014 წლის 21 მაისის №QN1220219 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) კოორდინატებისა და საზღვრების კორექტირების (ფართის შეუცვლელად) ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსათვის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მერია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 21 მაისის №QN1220219 გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ი. დ-ის მიერ 2014 წლის 16 მაისს წარდგენილ განცხადებაზე, ქ. თბილისში, ... ქუჩა №30-ში მდებარე, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირების შესახებ; ი. დ-ის სარჩელი ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 6 მაისის №QN1217423 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ქ. თბილისის თვითმმართველის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) კოორდინატებისა და საზღვრების კორექტირების (394 მ2 ფართის შეუცვლელად) მოპასუხისათვის დავალების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი. დ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი. დ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
2015 წლის 24 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მოწინააღმდეგე მხარემ - ი. დ-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მერიის შესაბამისმა კომისიამ განიხილა ქ. თბილისში, ... ქუჩა №30-ში მდებარე, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირების საკითხი და 2015 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით მიზანშეწონილად მიიჩნია ნაკვეთის კორექტირება ფართის შეუცვლელად.
2015 წლის 27 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
განმცხადებლის მითითებით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 16 ნოემბრის №01-8/1725 წერილის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის 2015 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ქ. თბილისში, ... ქუჩა №30-ში მდებარე, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირება ფართის შეუცვლელად, რისი უფლებამოსილებაც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს.
აღნიშნულის შესაბამისად, განმცხადებლის განმარტებით, ვინაიდან სააგენტო მზადაა განახორციელოს საზღვრების კორექტირება, შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია უარს ამბობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი აპელანტს ანიჭებს საპროცესო უფლებას უარი თქვას მის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე. მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია უარს ამბობს საკასაციო საჩივრის განხილვაზე, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება. ამასთან, კასატორს უნდა განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 378-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;
3. მხარეს განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე