Facebook Twitter

27აპ.09 21 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 ივნისის განაჩენით ვ. ს-ე _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, შეკრების წესით, მას სასჯელად განესაზღვრა 14 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა _ 7000 (შვიდი ათასი) ლარი.

ვ. ს-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით: საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 25 სექტემბრიდან.

განაჩენით ვ. ს-ეს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვაში გასაღების მიზნით; აგრეთვე _ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებაში, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:

ვ. ს-ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინი”, წონით 5,41 გრამი, საიდანაც _ 0,41 გრამი, 2007 წლის 25 სექტემბერს, მისი ეჭვმიტანილის სახით დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკისას, მარცხენა ფეხის წინდიდან ამოიღეს პოლიციის მუშაკებმა, ხოლო 4,73 გრამი კი _ 2007 წლის 26 სექტემბერს მის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ............. ჩატარებული ჩხრეკისას, რაც მას დაფასოებული და გამზადებული ჰქონდა სარეალიზაციოდ 11 ცალ ე.წ. ,,ჩეკად”, თითოეული 0,4 გრამიდან 0,45 გრამამდე წონით.

ვ. ს-ეს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის 2007 წლის 20 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკისრა ადმინისტრაციული სახდელი _ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. მიუხედავად ამისა, მან უკანონოდ, ექიმის დანიშნულების გარეშე, განმეორებით მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რაც მას დაუდგინდა 2007 წლის 25 სექტემბერს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად.

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ. ს-ემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით ითხოვა: გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის გადაკვალიფიცირება იმავე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე, იმ მოტივით, რომ მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული 4,73 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის” ადგილსამყოფელი მან ნებაყოფლობით მიუთითა პოლიციის მუშაკებს, რის გამოც უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით მინიმალური სასჯელის განსაზღვრა; გამართლება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ნაწილში, რადგან საქმეში არ მოიპოვება ნარკოტიკული საშუალების გასაღების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ. ს-ემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს: გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის გადაკვალიფიცირებას იმავე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე, იმ მოტივით, რომ მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული 4,73 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის” ადგილსამყოფელი მან ნებაყოფლობით მიუთითა პოლიციის მუშაკებს, რის გამოც უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით მინიმალური სასჯელის განსაზღვრას; გამართლებას ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ნაწილში, რადგან საქმეში არ მოიპოვება ნარკოტიკული საშუალების გასაღების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ მსჯავრდებულ ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მსჯავრდებულ ვ. ს-ის ნაწილობრივი აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების _ ე. შ-ის, მ. თ-ის ჩვენებებით, ეჭვმიტანილის სახით ვ. ს-ის დაკავების ოქმით, ჩხრეკის ოქმებით, სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის ¹..... და ნარკოლოგიური გამოკვლევის ¹...... დასკვნებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 იანვრის დადგენილებითა და საქმის სხვა მასალებით ვ. ს-ძის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით ჩადენილი ქმედებები დადასტურებულია.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ვ. ს-ის ქმედებაში არ დასტურდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი, კერძოდ: განაჩენი ამ ნაწილში ეყრდნობა ძირითადად მხოლოდ ხ. ბ-ის განსასჯელის სახით დაკითხვის სხდომის ოქმს, რომელიც სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით არც კი ყოფილა გამოკვლეული. ხოლო ის ფაქტი, რომ ვ. ს-ის პირადი ჩხრეკისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები დაფასოებული იყო შესაბამისად _ 2 და 11 ე.წ. ,,ჩეკად”, თავისთავად არ გულისხმობს გასაღების მიზნის არსებობას. სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რაც მიანიშნებს გასაღების ფაქტზე, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია და არც პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებს გამოუკვლევიათ. საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 508-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა. საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის V ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად კი, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. ს-ეს განაჩენიდან უნდა ამოერიცხოს მითითება ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I პუნქტის საფუძველზე, ასევე ამავე კანონის მე-3 მუხლის I პუნქტში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონის საფუძველზე სასჯელისგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან დამატებითი სასჯელისაგან), მსჯავრდებულ ვ. ს-ეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს და მოსახდელად განესაზღვროს 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ვ. ს-ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით, იმავე კოდექსის 59-ე მუხლის გამოყენებით საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 14 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა _ 7000 (შვიდი ათასი) ლარი _ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I, III პუნქტებით, მე-3 მუხლის I პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ვ. ს-ეს განაჩენიდან ამოერიცხოს მითითება ნარკოტიკული საშუალების გასაღებაზე.

„ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I პუნქტის საფუძველზე, ასევე ამავე კანონის მე-3 მუხლის I პუნქტში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონის საფუძველზე სასჯელისგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან დამატებითი სასჯელისაგან), მსჯავრდებულ ვ. ს-ეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს და მოსახდელად განესაზღვროს 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ვ. ს-ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით, იმავე კოდექსის 59-ე მუხლის გამოყენებით საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 14 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში, ასევე დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა _ 7000 (შვიდი ათასი) ლარი _ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.