29აპ. 21 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ტ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 მაისის განაჩენით ი. ტ-ე _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელი _ ჯარიმა 4000 ლარი, 273-ე მუხლით (2007 წლის ივლისის ეპიზოდი) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 273-ე მუხლით (2007 წლის სექტემბრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ი. ტ-ეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით და დამატებითი სასჯელი _ ჯარიმა 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ი. ტ-ეს დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლის ვადით _ საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 25 სექტემბრიდან.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, 2,92 გრამი, რომელიც ინახება შსს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, ხოლო ი. ტ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონის სიმ-ბარათი ........ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს იური ტარიელაძეს.
განაჩენით ი. ტ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ი. ტ-ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 2,92 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც დააფასოვა უჯრედებიანი ქაღალდის ნაკეცებში 6 პაკეტად და უკანონოდ ინახავდა შარვლის უკანა, მარცხენა ჯიბეში. 2007 წლის 25 სექტემბერს, 18.10 საათზე იგი დააკავეს, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული პირადი ჩხრეკისას, მისი შარვლის უკანა, მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს უჯრედებიანი ქაღალდის ნაკეცში 6 პაკეტად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 2,92 გრამი ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი».
მანვე გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ა. ჯ-ე 50 აშშ დოლარად უკანონოდ გაასაღა ე.წ. ერთ ჩეკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაც ა. ჯ-ს აღმოაჩნდა 2007 წლის 25 სექტემბერს ნარკოლოგიური შემოწმების დროს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 მაისის დადგენილებით ი. ტ-ეს ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა _ 500 ლარის ოდენობით. მიუხედავად ამისა, 2007 წლის 28 ივლისს მან ექიმის დანიშნულების გარეშე, კვლავ უკანონოდ მოიხმარა ოპიოიდების ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება, რაც დაუდგინდა აჭარის ა/რ-ის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში შემოწმების შედეგად.
მანვე ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგ ექიმის დანიშნულების გარეშე, კვლავ უკანონოდ მოიხმარა ოპოიდების ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება, რაც 2007 წლის 26 სექტემბერს დაუდგინდა აჭარის ა/რ-ის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში შემოწმების შედეგად.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ი. ტ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ მოწმეების _ რ. ც-ისა და ა. ჯ-ის ჩვენებები არ შეესაბამება სიმართლეს; მას ნარკოტიკული ნივთიერების გასაღებაში არ მიუძღვის არავითარი ბრალი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩეში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ი. ტ-ის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რადგან საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მსჯავრდებულ ი. ტ-ის ნაწილობრივი აღიარებითი ჩვენებით; მოწმეების _ რ. დ-ის, ვ. ხ-ძის, ა. ჯ-ის, რ. ც-ის ჩვენებებით; ეჭვმიტანილის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის დადგენილებით; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ-ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2007 წლის 26 სექტემბრის ქიმიური ექსპერტიზის ¹.... დასკვნით; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 მაისის დადგენილებით; 2007 წლის 28 ივლისის ნარკოლოგიური გამოკვლევის ¹...... დასკვნით; 2007 წლის 26 სექტემბრის ნარკოლოგიური გამოკვლევის ¹........ დასკვნით; ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 ივნისის განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მასალებით მსჯავრდებულ ი. ტ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა სრულად არის დადასტურებული.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
სააპელაციო სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის პიროვნების მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, ი. ტ-ეს დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომლის შეცვლისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. ტ-ეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2007 წლის ივლისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი _ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს.
«ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. ტ-ეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2007 წლის სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი _ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს.
ი. ტ-ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 273-ე მუხლითა (2007 წლის ივლისის ეპიზოდი) და 273-ე მუხლით (2007 წლის სექტემბრის ეპიზოდი) საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა _ 15 წლით და დამატებითი სასჯელი _ ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» და ,,დ» ქვეპუნქტებით, «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
«ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. ტ-ეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2007 წლის ივლისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი _ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს.
«ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. ტ-ეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2007 წლის სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი _ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს.
მსჯავრდებულ ი. ტ-ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით (2007 წლის ივლისის ეპიზოდი) და 273-ე მუხლით (2007 წლის სექტემბრის ეპიზოდი) საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს _ 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი _ ჯარიმა 4000 ლარი _ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.