35/საზ 14 აპრილი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე, ი. ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ო-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 ივლისის განაჩენით ლ. ო-ი, დაბადებული ... წელს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,კ” პუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამავე განაჩენით დ. კ-ა, დაბადებული .. წელს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ისინი სასჯელს იხდიან 2005 წლის 10 ოქტომბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით თბილისის პროკურატურის პროკურორ ბ. გ-სა და მსჯავრდებულების _ ლ. ო-სა და დ. კ-ს საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.
განაჩენით ლ. ო-ს მსჯავრი დაედო დამამძიმებელ გარემოებებში ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის.
მსჯავრდებული ლ. ო-ი საჩივრით ითხოვს მის მიმართ დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დღეს მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ 2007 წლის 4 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლითაც განსაზღვრულია არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის დანიშვნის წესი. აღნიშნული წესის მიხედვით, არასრულწლოვანს დანაშაულისათვის სასჯელი უნდა დაენიშნოს ჩვეულებრივი წესით, ხოლო კანონში დიფერენცირებული მისი ასაკის შესაბამისად დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს შემდეგი ზომით: 12-დან 14 წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა განახევრდება, ამასთან იმ პირობით, რომ მის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 წელს; ზემოხსენებული წესით 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდება ერთი მესამედით, ხოლო საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს; 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდება ერთი მეოთხედით, საბოლოო სასჯელის ვადა კი არ უნდა აღემატებოდეს 15 წელს.
მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით განსაზღვრული შეღავათები არ შეიძლება გავრცელდეს მსჯავრდებულ ლ. ო-ს მიმართ, რადგან სასამართლომ მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას უკვე გაითვალისწინა მისი არასრულწლოვანება და მას დაუნიშნა შემსუბუქებული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში, რომელიც არ აღემატება საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2007 წლის 4 ივლისის რედაქცია) განსაზღვრულ თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დასანიშნი სასჯელის მაქსიმალურ ზღვარს, რის გამოც არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ ლ. ო-ს მიმართ განსაზღვრული სასჯელის ზომის გადასინჯვის საფუძველი.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ. ო-ს მიერ ჩადენილ დანაშაულებრივი ქმედებას, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,კ” პუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ საჩივარში მითითებული მოთხოვნა არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას, რაც ლ. ო-ის მიმართ განაჩენის გადასინჯვის საფუძველი იქნებოდა.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულ დ. კ-ს მიმართაც და მიაჩნია, რომ განაჩენი მის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან ასევე არ არსებობს მისი გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება.
ამდენად, ლ. ო-სა და დ. კ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის საფუძველი არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის I ნაწილით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. ო-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განაჩენი ლ. ო-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.