Nბს-685-677(კ-15) 22 დეკემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ. ბ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს პარლამენტი; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინეგრაციის კომიტეტი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ბ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიმართ და მოითხოვა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დავალდებულება გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი მისთვის პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტლება უცვლელად დარჩა.
განჩინება გ. ბ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორის მტკიცებით, ორივე ინსტანციის სასამართლომ საქმე მიკერძოებულად განიხილა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად უთხრა უარი საქმეში მთავარი პროკურატურის ჩაბმაზე. საქართველოს პარლამენტს მისი განცხადება უნდა განეხილა და რეაგირების გარეშე არ უნდა დაეტოვებინა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. 2012 წლის 24 აგვისტოს პოლიტპატიმარი იყო, რაც არ იქნა მხედველობაში მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საქართველოს გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოში მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების დედნების დაბრუნებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 139-ე მუხლის მიხედვით, საქმეში არსებული დედანი საბუთები სასამართლოში ერთად ინახება. ასეთი საბუთები, მათი წარმდგენის თხოვნით, შეიძლება დაუბრუნდეს მასვე, მაგრამ საქმეში უნდა დარჩეს მოსამართლის მიერ შემოწმებული დედანი საბუთების ასლები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, საქმიდან უნდა დაბრუნდეს მის მიერ მოთხოვილი დოკუმენტების დედნები, ხოლო საქმეში დარჩეს შესაბამისი ასლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 139-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინება; გ. ბ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დედნები: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის N8593 მიმართვა, N8 კომიტეტის სხდომის ოქმი, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, განმარტებითი ბარათი, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირთა სია, პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა სია, წარმოების მასალა, 2012 წლის 1 ნოემბრის N3 კომიტეტის სხდომის ოქმი, 2012 წლის 30 ნოემბრის N8 კომიტეტის სხდომის ოქმი, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“, დადგენილების დანართი N1 და N2 (ტ. მე-3, ს.ფ. 98-122) და საქმეში განთავსდეს შესაბამისი ასლები; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე