ბს-697-689 (კ-15) 22 დეკემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ. თ-ე; აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. თ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს ბათუმის განყოფილებისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 9 ივლისის №52676 მიმართვის ბათილად ცნობა, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დიერქტორის 2014 წლის 27 აგვისტოს №MIA 61401667376 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელე მხარემ ასევე მოითხოვა დადგენილად იქნას ცნობილი ის გარემოება, რომ ავტომანქანა ..., გამოშვების წელი 1989, სახელმწიფო ნომრით ..., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომრით ..., ეკუთვნის თ. თ-ეს (პ/№...) და ავტომანქანა გათავისუფლებულ იქნას ყადაღისაგან. მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს ბათუმის ბათუმის განყოფილების მიერ ახალი აქტის გამოცემა, სარეგისტრაციო ჩანაწერში ცვლილების შეტანის, სადავო ავტომანქანის თ. თ-ის (პ/№...) სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ.
საქმის არსებითი განხილვის დროს, 2015 წლის 17 თებერვლის სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის საფუძველზე მოხდა სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირება და სასარჩელო მოთხოვნები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
1. მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ბათუმის განყოფილების 2014 წლის 9 ივლისის № MIA61401310371 წერილის და მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 27 აგვისტოს № MIA61401667376 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
2. მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს ბათუმის განყოფილების მიერ ახალი აქტის გამოცემა, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის შესახებ და სატრანსპორტო საშუალება ვაზ 2107 სახ№ ... თ. თ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით თ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ბათუმის განყოფილების 2014 წლის 9 ივლისის წერილი, მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი თ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დიერქტორის 2014 წლის 27 აგვისტოს №MIA 61401667376 გადაწყვეტილება. საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ბათუმის განყოფილებას დაევალა, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სარეგისტრაციო ჩანაწერში ცვლილების შეტანისა და ავტომანქანის თ. თ-ის (პ/№...) სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტლება უცვლელად დარჩა.
განჩინება სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის განჩინება; კასატორს დაუბრუნდეს 14/08/15 წლის N16669 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე