№ბს-721-713 (კ-15) 8 დეკემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს მთავარი პროკურატურა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ჭ-ა (მოსარჩელე)
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წელს ზ. ჭ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მთავარი პროკურატურის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა საქართველოს მთავარ პროკურაურის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 20 000 ლარისა და მორალური ზიანის 70 000 ლარის გადახდის დავალება.
2014 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2012 წლის 19 სექტემბრიდან 2013 წლის 14 მაისამდე იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში, რა დროსაც შეერყა ჯანმრთელობა. კერძოდ, გახდა აივ ინფექციის/შიდსის და ქრონიკული C ჰეპატიტის მატარებელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ჭ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქართველოს მთავარ პროკურატურას ზ. ჭ-ას სასარგებლოდ დაევალა მორალური ზიანის - 4800 ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.02.15.წ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს მთავარი პრკურატურის მიერ. აპელანტმა მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.02.15წ. გადაწყვეტილება. რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ სამქეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საქართველოს მთავარი პროკურატურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს მთავარი პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ივლისის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე