Facebook Twitter
საქმე ბს-724-716(3k-15) 17 დეკემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,..." საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შ. ფ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტისა და შპს ,,...’’ მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 10.04.2012 წლის N06.7917 მიმართვა იმ ნაწილში, რომლითაც შ. ფ-ის კუთვნილი სამი მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 133100 კვ.მ. დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის 18.04.2012 წლის N882012151791-07 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შ. ფ-ის კუთვნილი სამი მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 133100 კვ.მ. დარეგისტრირდა და აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 01.05.2012 წლის განკარგულება N01/05/06 იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა 560769 კვ.მ მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით შპს „...“ გადაცემა, რომელშიც მოქცეულია შ. ფ-ი სამი მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 133100 კვ.მ. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „...“ შორის 12.05.2012 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება იმ ნაწილში, რომლითაც შ. ფ-ის კუთვნილი სამი მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 133100 კვ.მ. გადაეცა შპს „...“ საკუთრებაში. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის 18.05.2012 წლის N882012209261-03 გადაწყვეტილება, რომლითაც შ. ფ-ის კუთვნილი სამი მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 133100 კვ.მ. დარეგისტრირდა და აღირიცხა შპს „...“ სახელზე.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით შ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 10 აპრილის N06/7917 მიმართვა მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება N882012151791-07 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N..., იმ ნაწილში რომლითაც მოსარჩელის კუთვნილი სამი მიწის ნაკვეთი მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი ..., ... და ... საერთო ფართობით 133100 კვმ დარეგისტრირდა სახელმწიფოს სახელზე; ამავე ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 1 მაისის N01/05/06 განკარგულება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „...“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“; ამავე ნაწილში ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „...“ შორის 2012 წლის 15 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ასევე ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება N882012209261 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N55.15.61.007 იმ ნაწილში რომლითაც მოსარჩელის კუთვნილი სამი მიწის ნაკვეთი მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი ..., ... და ... საერთო ფართობით 133100 კვმ დარეგისტრირდა შპს „...“ სახელზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს პრეზიდენტმა და შპს „...“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის განჩინებით აპელანტების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის და შპს „...“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება;.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და შპს „...“, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „...“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „...“ საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოცემულ საქმეზე შპს „...“ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი – 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70 % _ 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „...“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის განჩინება.
3. შპს „...“ (საიდენტიფიკაციო კოდი: ...) 2015 წლის 19 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №300773150).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ლ. მურუსიძე


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


ვ. როინიშვილი