საქმე ბს-728-720(2k-15) 17 დეკემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დ. ც-მა 2014 წლის 11 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი 2014 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებითი საფეხურის (I-IV), ქართული ენისა და ლიტერატურის (I-IV კლასები), მათემატიკის (I-IV კლასები), ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი ქვეკომისიის 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება 28-ე და 43-ე დავალებებთან დაკავშირებით დ. ც-ის პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. ბათილად იქნეს ცნობილი 2014 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განმხილველი საპრეტენზიო კომისიის 2014 წლის 26 აგვისტოს №6 ოქმის მე-13 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დამტკიცდა 2014 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებითი საფეხურის (I-IV), ქართული ენისა და ლიტერატურის (I-IV კლასები), მათემატიკის (IIV კლასები), ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი ქვეკომისიის 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება 28-ე და 43-ე დავალებებთან დაკავშირებით დ. ც-ის
პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. დაევალოს მოპასუხეებს გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რითაც დაკმაყოფილდება დ. ც-ის სააპელაციო მოთხოვნა №28-ე და №43-ე დავალებების ნაწილში უმაღლესი შეფასებებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებითი საფეხურის (I-IV), ქართული ენისა და ლიტერატურის (I-IV კლასები), მათემატიკის (I-IV კლასები), ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი ქვეკომისიის 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება 43-ე დავალებასთან დაკავშირებით დ. ც-ის პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განმხილველი საპრეტენზიო კომისიის 2014 წლის 26 აგვისტოს №6 ოქმის მე-13 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დამტკიცდა 2014 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებითი საფეხურის (I-IV), ქართული ენისა და ლიტერატურის (I-IV კლასები), მათემატიკის (I-IV კლასები), ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი ქვეკომისიის 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება 43-ე დავალებასთან დაკავშირებით დ. ც-ის პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. დაევალა მოპასუხეებს ხელახლა შეაფასონ დ. ც-ის საპრეტენზიო განცხადება 43-ე დავალებასთან დაკავშირებით და აღნიშნულ საკითხზე გამოსცენ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის განჩინებით აპელანტების - სსიპ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოცემულ საქმეზე შპს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი – 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70 % _ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის განჩინება.
3. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (საიდენტიფიკაციო კოდი: 202198727) 2015 წლის 17 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №300773150).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი