საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-734-726(კ-15) 24 დეკემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ე. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.2015წ. განჩინებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.2015წ. განჩინებით ე. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად იქნა დატოვებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.12.2014წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ე. პ-ის სარჩელი ქ. ბათუმის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. პ-მა.
საკასაციო სასამართლოს 29.10.15წ. განჩინებით ე. პ-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა გაჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორს გაეგზავნა 25.11.15წ., რაც 27.11.15წ. (ს.ფ. 174) ჩაიბარა პირადად ე. პ-მა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ე. პ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.15წ. განჩინების ასლი 27.11.15წ. ჩაბარდა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2015 წლის 28 ნოემბრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 7 (შვიდი) დღიანი ვადა 04.12.2015 წლის (პარასკევს) 24 საათზე იწურებოდა. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ე. პ-მა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითართან ერთად ფოსტას 07.12.2015წ. ანუ სასამართლოს მიერ დაწესებული ვადის დარღვევით წარუდგინა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 63-ე მუხლისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ე. პ-ს (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 63-ე, 396.3, 401-ე და 447-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. პ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.2015წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. ე. პ-ს (პ/ნ ...) სსკ-ის 447-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.12.2014წ. №1 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე