საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
Nბს-737-729 (კ-15) 2.12.2015 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოწინააღმდეგე მხარეები - რ. ქ-ე; მ. ა-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ქ-ემ და მ. ა-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრეს და მოითხოვეს სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის 2014 წლის 3 ოქტომბრის ბრძანების #01-09/483 ,,სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ" ბსუ-ს რექტორის მოადგილის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანების #01-09/451 ზოგიერთი სტუდენტის ნაწილში ბათილად ცნობისა და დამატების შეტანის შესახებ", რ. ქ-ისა და მ. ა-ის ნაწილში ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით რ. ქ-ისა და მ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ქ-ისა და მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება; რ. ქ-ისა და მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის 2014 წლის 3 ოქტომბრის ბრძანების #01-09/483 ,,სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ" ბსუ-ს რექტორის მოადგილის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანების #01-09/451 ზოგიერთი სტუდენტის ნაწილში ბათილად ცნობისა და დამატების შეტანის შესახებ", რ. ქ-ისა და მ. ა-ის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით კასატორ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა დაევალა. განჩინება კასატორს 2015 წლის 5 ოქტომბერს ჩაბარდა.
2015 წლის 11 ნოემბერს სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის წარმოსადგენად იმ მოტივით, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის #741 განკარგულებით, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 წლის 1 იანვრიდან გადასულია სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაზე და თანხების ჩარიცხვა ხორციელდება ელექტრონულად, შესაბამისი პორტალის მეშვეობით, რის გამოც ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების დედნის წარმოსადგენად საჭიროა გარკვეული პერიოდი, სახელმწიფო ხაზინიდან მის გადმოსაგზავნად.
საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით კასატორის - სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 3 დღით სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სახით წარმოსადგენად . აღნიშნული განჩინება კასატორს 2015 წლის 13 ნოემბერს ჩაბარდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებებზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არჩაითვლება, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2015 წლის 14 ნოემბრიდან დაიწყო და 16 ნოემბერს ამოიწურა. კასატორმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით საკასაციო სასამართლოში გამოსაგზავნათ ფოსტას ჩააბარა 2015 წლის 18 ნოემბერს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 396-ე, მე-60-61-ე, 374-ე, 447-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს 16.11.15 წლის N13202 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი