70აპ.-09 ქ. თბილისი
7 ივლისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
ზ. მეიშვილი, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. Dდ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. Gგ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ზ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», «დ», «ე» ქვეპუნქტებით _ 8 წლით, 273-ე მუხლით _ 1 წლით, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზ. დ-ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი, 11 თვე, 27 დღე და მიესაჯა 12 წლით, 11 თვით და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 27 ივლისიდან. მსჯავრდებულს 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონში მითითებული უფლებები.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. დ-მა არაერთგზის ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სსკ-ის ამ თავით გათვალისწინებული დანაშაული; მანვე, იყო რა ნასამართლევი სსკ-ის 273-ე მუხლით, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება. ყოველივე გამოიხატა შემდეგში:
2007 წლის 3 ივლისს ზ. დ-ი გაასამართლა თბილისის საქალაქო სასამართლომ და სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 273-ე მუხლით მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც მსჯავრდებულს ჩაეთვალა პირობით, ამავე ვადით.
მიუხედავად ამისა, ზ. Dდ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა და ატარებდა. 2008 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 16.45 საათზე, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ზ. დ-ი დააკავეს ქ. თბილისში, კ-ს ქუჩა ¹48-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩხრეკის შედეგად მას მარცხენა ფეხის წინდაში აღმოაჩნდა სამ მილიგრამიანი შპრიცი მოყვითალო, გამჭვირვალე სითხით. შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით, შპრიცში მოთავსებული ხსნარი შეიცავდა 0,0053 გრამ „ჰეროინს“.
იმავე დღეს ზ. Dდ-ი შემოწმდა საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში და დაუდგინდა «ოპიუმის» ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების და «მეტამფეტამინის“ მიღების ფაქტი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა ა. Gგ-მა. მან მოითხოვა განაჩენიდან სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე» ქვეპუნქტისა და 273-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ერთი ეპიზოდის ამორიცხვა და სასჯელის შემსუბუქება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვალა: «ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის შესაბამისად, ზ. დ-ს გაუნახევრდა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელები და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულის სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა 2007 წლის 16 აპრილიდან დაკავების დრო _ 3 დღე და სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 27 ივლისიდან.
კასატორი _ მსჯავრდებულის ადვოკატი ა. Gგ-ი საჩივარში აღნიშნავს, რომ ზ. დ-ის ქმედება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «დ» ქვეპუნქტით დაკვალიფიცირდა, რადგან მას წარსულში ჩადენილი ჰქონდა ამავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო «ე» ქვეპუნქტით კი იმის გამო, რომ ადრე ასევე ჩადენილი ჰქონდა სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება. აღნიშნული დაუშვებელია, რადგან, კასატორის აზრით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «დ» და «ე» ქვეპუნქტები ერთი და იგივეა და მოიცავენ ერთმანეთს. ზ. დ-ს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება (2008 წლის 25 ივლისის ეპიზოდი) ბრალად შეერაცხა იმის გამო, რომ ნასამართლევი იყო ამავე მუხლით. შემდეგ იგი ბრალდებულად კვლავ იქნა მიცემული პასუხისგებაში სსკ-ის 273-ე მუხლით (2008 წლის 27 ივლისის ეპიზოდი), რაც ასევე დაუშვებელია, ვინაიდან გამოდის, რომ ერთი და იმავე ქმედების გამო პირს წარედგინა ორი, იდენტური ბრალდება. ამავე საფუძვლით (სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლობის გამო) ზ. დ-ის ქმედება დაკვალიფიცირდა 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე» ქვეპუნქტითაც და აშკარაა, რომ ერთი ქმედებისათვის პირი დაისაჯა ორჯერ.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 508-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერას, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში არ არის მითითებული სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ერთი ეპიზოდი, თუმცა ზ. დ-ს ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ორი ეპიზოდისათვის აქვს დანიშნული სასჯელი, რაც აშკარად უკანონოა.
გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევში არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ზ. დ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები. გათვალისწინებულია მხოლოდ ის, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია და დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენიდან სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე» ქვეპუნქტის ამორიცხვას და ამ მუხლით სასჯელის მინიმუმის დანიშვნას, ასევე _ სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ერთ ეპიზოდში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. კანონის სწორედ ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე» ქვეპუნქტი გულისხმობს კოდექსის ამავე თავში მითითებული სხვა, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენას, გარდა 260-ე მუხლით გათვალისწინებულისა. ამდენად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «დ» და «ე» ქვეპუნქტების იდენტურობაზე მითითება უსაფუძვლოა.
რამდენადაც ზ. დ-ი ნასამართლევი იყო სისხლის სამართლის კოდექსის როგორც 260-ე, ისე 273-ე მუხლით, თუნდაც ერთი განაჩენით, მისი ქმედება სწორად დაკვალიფიცირდა.
ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს ზ. დ-ის სსკ-ის 273-ე მუხლით ბრალად შერაცხულ, 2008 წლის 25 ივლისს ჩადენილი ქმედების ეპიზოდს. ბრალდების ეს ნაწილი საქალაქო სასამართლოს დადგენილად არ მიუჩნევია, და, შესაბამისად, არასწორია სასჯელის დანიშვნა იმ დანაშაულისათვის, რომელიც დამტკიცებულად არ არის ცნობილი.
იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის წარმომადგენელს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, სააპელაციო პალატის განაჩენიდან უნდა ამოირციხოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ერთი _ 2008 წლის 25 ივლისის ეპიზოდი და ამ ნაწილში შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა. შესაბამისად, ზ. დ-ს უნდა შეუმსუბუქდეს სასჯელი.
სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», «დ», «ე» ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით უტყუარად დადგენილი ქმედებებისათვის მსჯავრდებულს დანიშნული აქვს ზომიერი სასჯელი, რომლის შემცირების საფუძველი არ არსებობს. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები გაითვალისწინა ორივე ინსტანციის სასამართლომ და ამასთან დაკავშირებით კასატორის აპელირება უსაფუძვლოა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის განაჩენიდან ამოირიცხოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2008 წლის 25 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ნაწილში ზ. დ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და ზ. დ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.