საქმე =ბს-757-743(კ-14) 10 დეკემბერი , 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე;
კასატორი - ე.ც-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზრაურება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 15.08.14წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე.ც-ემ 02.10.13წ. სარჩელი აღძრა მოპასუხეების: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიმართ და აღნიშნა,
რომ 2000 წლიდან 2011 წლის 18 მაისამდე მუშაობდა ... რაიონულ სამმართველოში უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. 18.05.11წ. გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, მისთვის უცნობია გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი. არაერთგზის მიმართა ... რაიონულ სამმართველოს, შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რათა განემარტათ მისი გათავისუფლების მიზეზები და ჩაებარებიათ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, მაგრამ არც წერილობითი და არც სიტყვიერი განმარტება არ მიუღია. სზაკ-ის 54-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევით განთავისუფლების შესახებ ბრძანების ჩაუბარებლობის გამო არ ჰქონდა საშუალება კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში გაესაჩივრებინა იგი სასამართლოში. მოსარჩელემ მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით გაცდენილი პერიოდის ხელფასის ანაზღაურება 2475 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.11.13წ. განჩინებით ე.ც-ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში, ცნობილ იქნა დასაშვებად. სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი, მოპასუხედ დაასახელა საქართველოს შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.12.13წ. განჩინებით ე.ც-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 28.05.14წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა, შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის მიმართ 14.05.11წ. შსს გენისპექციის მიერ მომზადებული =5680095 დასკვნის ამონაწერი, რომელშიც ასახულია ე.ც-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების ფაქტი და მისი შეფასება. განჩინებით გამოთხოვილ იქნა აგრეთვე ადმინისტრაციული მასალები, რომლის საფუძველზე მომზადდა =5680095 დასკვნა. მასალების გამოთხოვის შემდეგ ე.ც-ემ მიმართა სასამართლოს დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით, რომელშიც აღინიშნა, რომ ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ჩაბარდა 26.12.13წ. თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქმის მოსამზადებელ სტადიაზე ჩაბარდა გენინსპექციის დასკვნა. დასკვნის თანახმად, რომელიც საფუძვლად დაედო ბრძანების გამოცემას, სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება გამოიხატა
იმაში, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ... 13.02.11წ. მოძრავი ,,ოპელ-ვექტრას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის
უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ბიუსტს. დასკვნის მიხედვით, უნდა დაწყებულიყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო ე.ც-ემ დამრღვევის მიმართ 20.02.11წ. შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116.8 მუხლის შესაბამისად. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ავალდებულებდა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის დეფინიციის შესაბამისად ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაში იგულისხმება წესის დარღვევა იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების მართვას, დარღვევას უნდა გამოეწვია სხვა პირის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო მძღოლმა და არა სხვა პირმა, საქმეში არსებული ცნობის მიხედვით, დამრღვევის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის შეფასებული ნაკლებად მძიმე ან მძიმე შემთხვევად. მოსარჩელე თვლის, რომ ყველა მოქმედება განახორციელა კანონის სრული დაცვით, კერძოდ: შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე გამოიკითხა სოფლის რწმუნებული, რომელიც უშუალოდ შეესწრო აღნიშნულ ფაქტს, შეადგინა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა (ნახაზი), გამოკითხა დამრღვევი და შეადგინა შესაბამისი ოქმი. ამასთანავე დამრღვევის ალკოტესტით შემოწმება და შესაბამისი ოქმის შედგენა საქმეზე განახორციელა სამმართველოს თანამშრომლებმა, რომლის შესაბამისად დადასტურდა, რომ დამრღვევი პირი იმყოფებოდა ალოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. საქმეში არსებული მასალების ანალიზის საფუძველზე, ზედამხედველ პროკურორთან შეთანხმებით, ჩათვალა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იყო და დამრღვევის მიმართ შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 24.06.14წ. გადაწყვეტილებით ე.ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ გენინსპექციის დასკვნა შედგენილია კანონით გათვალისწინებული წესით განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე, დასკვნის შინაარსი შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ-ის 276-ე მუხ.) და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სსსკ-ის 100-ე მუხ.) მოთხოვნებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ავტოავარიის ფაქტის დაფიქსირება და დასადგენი გარემოებების
გამოკვლევა არ მოხდა სამართალწარმოების იმ წესით, რა წესითაც ხორციელდება მსგავს შემთხვევაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 15.08.14წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ე.ც-ის სააპელაციო საჩივარი. ,,პოლიციის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის ,,დ“ და ,,მ“ ქვეპუნქტებზე მითითებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პოლიცია თავისი ამოცანების განხორციელებისას მოვალეა გამოავლინოს, გამოიძიოს და აღკვეთოს დანაშაული, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევებში დაიწყოს გამოძიება და ამის შესახებ აცნობოს პროკურორს. პალატამ მიიჩნია, რომ ინსპექტორ-გამომძიებელმა ე.ც-ემ არ დაიწყო წინასწარი გამოძიება და შემოიფარგლა მხოლოდ მძღოლის მიმართ საჯარიმო ქვითრის შედგენით, მისი ხელმძღვანელის სახელზე დაწერილ პატაკში არ მიუთითა, რომ მძღოლი იყო დაცვის პოლიციის მუშაკი, ასევე დამალა მძღოლის სხეულის დაზიანების ფაქტი. პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სისხლის სამართლის კოდექსის 188.1 (ბიუსტის დაზიანების ნაწილში) და 276.2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და შესაბამისად გამოძიების დაწყების საფუძველი. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის პოლიციის მუშაკის მიერ მოხდენა ადასტურებს აგრეთვე მისი მხრიდან იმ დროს მოქმედი ,,სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 29.09.2010წ. =178 ბრძანების დარღვევას. ,,პოლიციის შესახებ“ კანონის 30.3 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის, შინაგან საქმეთა მინისტრის 04.01.13წ. =4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების“ საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამხარეო სამმართველოს უფროსის მიერ სადავო ბრძანების გამოცემისას მართებულად იქნა გაზიარებული შსს გენინსპექციის 14.05.11წ. დასკვნა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ე.ც-ის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა სზაკ-ის 95-ე მუხლის ვალდებულებები, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ არ აცნობა დაინტერესებულ მხარეს. კასატორი თვლის, რომ მომხდარი ფაქტი არ ავალდებულებდა მას აღეძრა სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად დაზარალებული უნდა იყოს სხვა პირი და არა თავად ის, ვინც ავტომანქანის მართვისას არღვევს მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესს. რამდენადაც არ არსებობდა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, არც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება წარმოშობილა. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ სამხარეო სამმართველოს უფროსმა მართებულად გაიზიარა გენინსპექციის დასკვნა. დასკვნა არ ატარებდა სავალდებულო ხასიათს, ბრძანებაში არ არის მითითებული თუ რატომ იყო გამოყენებული მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მძიმე ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება. სზაკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა აქტი. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების შემთხვევაში დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისას.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ მან დამალა მ.ჯ-ას თანამდებობრივი მდგომარეობა, მის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის მასალებში, კერძოდ გამოკითხვის ოქმებში მითითებულია მ.ჯ-ას თანამდებობრივი მდგომარეობა. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მან დამალა მ.ჯ-ას მიერ მიღებული მრავლობითი სახის დაზიანებები. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორს მითითებული ჰქონდა გამოკითხვის ოქმებში, რომლის თანახმად მ.ჯ-ა დამოუკიდებლად ჩაჯდა სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში და არანაირი გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, მას გამოკითხვის ოქმში არ განუცხადებია რაიმე პრეტენზია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის საფუძვლების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127-ე მუხლის, სასკ-ის 22-ე მუხლის თანახმად სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება სასამართლოში საჩივრდება 1 თვის ვადაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრების ვადა აითვლება არა აქტის გამოცემიდან, არამედ გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობიდან. ადმინისტრაციული აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, ვის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანონმდებლობის კატეგორიული იმპერატივია. გასაჩივრების ვადის ათვლა არ ხდება ოფიციალურ გაცნობამდე, სზაკ-ის 94.2 მუხლის თანახმად, დაინტერესებული მხარე ვალდებულია დაიცვას გასაჩივრების ვადა, რომლის დინება იწყება დაინტერესებული მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის გადაცემის ან გამოქვეყნების დღიდან. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ე.ც-ე სამსახურიდან გათავისუფლდა შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 18.05.11წ. =582492 ბრძანებით და არა გენინსპექციის დასკვნით. გენინსპექციის დასკვნა არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, იგი უშუალოდ, სხვა აქტის გამოცემის გარეშე, არ წარმოშობს უფლება-მოვალეობებს. ამდენად, სასამართლოში გასაჩივრებას ექვემდებარება სამმართველოს უფროსის 18.05.11წ. =582492 ბრძანება, შესაბამისად გენინსპექციის დასკვნის ჩაუბარებლობა შედეგად არ იწვევს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, კერძოდ, გურიის მთავარი სამმართველოს უფროსის 18.05.11წ. =582492 ბრძანების გასაჩივრების ვადის ათვლის შეჩერებას ან მის აღდგენას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი და საქმეში დაცული შს სამინისტროს გენინსპექციის 20.08.13წ. =163192, 31.10.13წ. =2160630, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს 15.03.12წ. =339734 წერილები ეხება არა გათავისუფლების შესახებ ბრძანების, არამედ გენ.ინსპექციის დასკვნის ასლის გაცემაზე უარს (ს.ფ. 10,12,66). რაც შეეხება საქართველოს შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 18.05.11წ. ბრძანებას, ბრძანების მე-2 პუნქტი შეიცავს საგანგებო მითითებას იმის შესახებ, რომ ბრძანება უნდა გაეცნოს დაინტერესებულ პირს. სზაკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს დაინტერესებულ მხარეს ფოსტის მეშვეობით გადაუგზავნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს 29.04.14წ. შესაგებელში აღნიშნულია, რომ ე.ც-ეს 20.05.11წ. =597980 წერილით ეცნობა შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ და გადაეგზავნა სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 18.05.11წ. =582492 ბრძანება. საქმეში დაცული მთავარი სამმართველოს 20.05.11წ. =597980 წერილით ე.ც-ეს ეცნობა შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 18.05.11წ. ბრძანებით შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ, წერილს დაერთო ბრძანების ასლი. სზაკ-ის 54.4 მუხლის შესაბამისად აქტის ჩაბარებასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში პირისათვის აქტის ჩაბარების მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება. საქმეში დაცულია შპს ,,...“ =000008 ქვითარი, გზავნილი =774. აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გაგზავნა და არა ადრესატისადმი გზავნილის ჩაბარება. ამასთანავე, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის 26.11.15წ. =2633470 მომართვით წარმოდგენილი მასალების მიხედვით ე. ც-ემ 22.05.12წ. განცხადებით მიმართა გურიის მთავარ სამმართველოს, რომლითაც მოითხოვა მისი დათხოვნის შესახებ ბრძანების ასლი და ცნობა სამსახურის დროს დანიშნული ხელფასის შესახებ. ე.ც-ის 22.05.12წ. განცხადებაზე შედგა შსს გურიის სამხარეო სამმართველოს კადრების და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის 04.06.12წ. =713821 წერილი, წერილს თან დაერთო ე.ც-ის შს ორგანოებიდან დათხოვნის ბრძანების ასლი. საქმეში დაცული საკანცელარიო ჟურნალის ჩანაწერებით (ს.ფ. 108-109) დასტურდება, რომ ე.ც-ის განცხადებაზე პასუხი, თანდართული ბრძანებით, ე.ც-ემ ხელზე 04.06.12წ. ჩაიბარა. ჩაბარება დასტურდება აგრეთვე ამონაწერით ელექტრონული პროგრამიდან. ამდენად დასტურდება, რომ მოსარჩელეს ჩაბარდა შსს გურიის სამხარეო მთავარის სამმართველოს უფროსის სადავო 18.05.11წ. №582492 ბრძანება „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შს ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნის შესახებ“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ბრძანება მას სარჩელის აღძვრის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში 26.12.13წ. ჩაბარდა.
სადავო ბრძანების ტექსტში მითითებულია ბრძანების გამოცემის სამართლებრივი საფუძვლები, თუმცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს ბრძანების გასაჩივრების წესის განმარტებას. სზაკ-ის 52.2 მუხლის თანახმად, აქტი უნდა შეიცავდეს მითითებას იმ ორგანოს შესახებ, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, აგრეთვე მითითებას მისი მისამართის და საჩივრის წარდგენის ვადის შესახებ. აქტის აღნიშნული რეკვიზიტის არარსებობა არ იწვევს აქტის ბათილობას, აღნიშნული ზრდის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადას, თუმცა არა უსასრულოდ. ამასთანავე, სადავო სამართალურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარისათვის აქტის ოფიციალურ გაცნობამდე ცნობილი იყო მისი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტის შესახებ (მოსარჩელეს შეწყვეტილი ჰქონდა სამსახურებრივი ფუნქციების შესრულება, ის არ ცხადდებოდა სამსახურში, არ იღებდა ხელფასს), მას გააჩნდა ობიექტური შესაძლებლობა მიეღო ინფორმაცია გათავისუფლების შესახებ აქტის არსებობის, მისი შინაარსის შესახებ. გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 18.05.11წ. №582492 ბრძანების გამოცემის მოტივების, ფაქტობრივ გარემოებებთან მისი შესაბამისობის, მიღებული ზომის ადექვატურობის მოტივების საკითხების გარკვევა, გენინპექციის დასკვნის გამოთხოვა შესაძლებელი იყო დავის სასამართლოში არსებითი განხილვის კვალდაკვალ. საერთო წესის მიხედვით გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება დაინტერესებული მხარისათვის გასაჩივრების უფლების გაცნობის ან გამოქვეყნების შემდეგ. ამასთანავე, სასკ-ის მე-12 მუხლის ანალოგიით გასაჩივრების ერთთვიანი ვადა არ ცდება აქტის გაცნობიდან ერთ წელს, ამ ვადის შემცირება შესაძლებელია აქტში შესწორების შეტანის შემთხვევაში, რასაც ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტის ოფიციალური ჩაბარებიდან (04.06.12წ.) ათვლის შემთხვევაშიც მოსარჩელეს გაცდენილი აქვს სადავო აქტის გასაჩივრების ერთწლიანი ვადა (სარჩელი აღიძრა 02.10.13წ.), რაც სასკ-ის 261 მუხლის თანახმად ქმნის სარჩელის დასაშვებობის პირობის დაცულობაზე მსჯელობის საჭიროებას, ვინაიდან გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დაცულობა სასკ-ის 22.3 მუხლის თანახმად არის სარჩელის დასაშვებობის პირობა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებს სარჩელის დასაშვებობაზე არ უმსჯელია, თუმცა აღნიშნულ საკითხს მოპასუხე თავის შესაგებელში აყენებდა. ამასთანავე სარჩელის დასაშვებობა, საპროცესო წინამძღვრების არსებობა საჯარო ასპექტთა რიგს განეკუთვნება და სასამართლო აღნიშნულის შესახებ მსჯელობს მხარეთა მიერ ამ საკითხის დასმის მიუხედავად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი 02.10.13წ. არის აღძრული, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება სადავო ბრძანების კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთთვიან ვადაში გასაჩივრება, სარჩელის დასაშვებობის პირობა, რაც სასკ-ის 262 მუხლის მიხედვით საქმის წარმოების შეწყვეტის პირობას წარმოადგენს. ზემოაღნიშნულთან ერთად, ე.ც-ის საკასაციო საჩივრის კასატორისათვის საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის მოთხოვნის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო შეუძლებლად თვლის სასკ-ის 261 მუხლის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტას, თუმცა სადავო ბრძანების გასაჩივრების ვადის გაცდენას განიხილავს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამატებით ფაქტორად.
დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას არ ეცნობა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ. საქმეში დაცულია გენინსპექციის რეგიონალური სამმართველოს 27.03.11წ. ე.ც-ის გამოკითხვის ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აქტის გამოცემამდე ე.ც-ეს მიეცა თავისი მოსაზრებების გამოთქმის საშუალება. გენინსპექციის ფუნქციონალური დატვირთვიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მისთვის უცნობი იყო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის შესახებ.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ შსს გურიის სამხარეო სამმართველოს ... რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის სახელზე შედგენილ 26.02.11წ. პატაკში ე.ც-ემ აღნიშნა, რომ ავარიაში მოყოლილ ავტომობილის მძღოლს სხეულის რაიმე სახის დაზიანება არ მიუღია (ს.ფ. 190) მაშინ, როდესაც საქმეში დაცული მასალების მიხედვით მძღოლმა მიიღო სხეულის დაზიანებები, კერძოდ სახის არეში მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, გულმკერდის ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, რაც დასტურდება შპს ,,...“ მიღებული ჯანმრთელობის მდგომარეობის =279 ცნობით (ს.ფ. 198) და მ.ჯ-ას ახსნა-განმარტებით (ს.ფ.171). ე.ც-ის პატაკში არ აღინიშნა მძღოლის ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, თუმცა შ.ს. ... რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ზ.ჯ-ე გამოკითხვის ოქმში (ს.ფ.201) აღნიშნავს, რომ მის მიერ ჩატარებული ალკოტესტის შედეგები აცნობა ე.ც-ეს, მასვე გადასცა შედგენილი ოქმი. ე.ც-ემ პატაკში არ მიუთითა აგრეთვე ის გარემოება, რომ მძღოლი იყო დაცვის პოლიციის მუშაკი. პატაკში მითითებული არასრული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ე.ც-ემ მიიჩნია, რომ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და პროკურორის წინაშე იშუამდგომლა განცხადების ჩამოწერა, რაც პატაკში არსებული, არასრული ინფორმაციის გათვალისწინებით, დაკმაყოფილდა.
09.10.2009წ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 100.1 მუხლის თანახმად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი ვალდებულია დაიწყოს გამოძიება. განსახილველ შემთხვევაში, შესაძლოა სახეზე ყოფილიყო პირის ჯანმრთელობის და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული რომელიმე დანაშუალი. ე.ც-ის მტკიცება, რომ ზიანის მიმყენებელი და დაზარალებული სუბიექტი ერთიდაიგივე პირი იყო, რის გამოც არ არსებობდა გამოძიების დაწყების საფუძველი, არ ქმნის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების, სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს, რადგან აღნიშნული დასკნის გამოტანა შესაძლებელი იქნებოდა სათანადო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, რასაც ადგილი არ ჰქონია. მხოლოდ მ.ჯ-ას ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ ავტომობილს თავად მართავდა, რის შედეგადაც მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას მიაყენა ზიანი, არ ქმნიდა გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის პირობას, რადგან დანაშაულის ნიშნების არარსებობა გამოძიების ჩატარების შედეგად უნდა დამდგარიყო. გარდა ამისა არ იქნა დაცული აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 29.09.2010 წ. =178 ბრძანებით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის მოთხოვნები. ე.ც-ემ არ გაითვალისწინა სამართალდამრღვევის სტატუსი და ის გარემოება, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 29.09.2010წ. =178 ბრძანების დანართის (,,სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობა“) მე-2 პუნქტის მიხედვით პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე გამოძიებას აწარმოებს არა შინაგან საქმეთა ორგანოების, არამედ პროკურატურის გამომძიებელი.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არსებობდა გამოძიების დაწყების საფუძველი, ადგილი ჰქონდა აგრეთვე სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი ,,სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 29.09.2010წ. =178 ბრძანების დარღვევას. საკასაციო სასამართლო იზიარებს აგრეთვე სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობების დაუდევარ დამოკიდებულებას. ,,პოლიციის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მიხედვით პოლიცია თავისი ამოცანების განხორციელებისას მოვალეა გამოავლინოს, გამოიძიოს და აღკვეთოს დანაშაული (,,დ“ ქვეპუნქტი), სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყოს გამოძიება და ამის შესახებ აცნობოს პროკურატურას (,,მ“ ქვეპუნქტი). სადავო აქტის გამოცემის დროს საქართველოს შს მინისტრის 24.06.03 წ., =217 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის სახეს. დისციპლინური გადაცდომის შინაარსი არ გამორიცხავდა პასუხისმგებლობის სახით შს ორგანოებიდან დათხოვნის გამოყენებას (წესდების 3 მუხ.), რისი უფლება შს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფროსს იმჟამად მოქმედი დისციპლინური წესდების დანართის, შს მინისტრის 22.02.2006წ. =240 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შსს ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების“ 9.3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით გააჩნდა. შესაბამისად არ არსებობს სზაკ-ის 601 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილობის პირობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდიანრე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კდოექსის 257-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.08.14წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე