საქმე # 330310013262695
საქმე ¹№ბს-584-577(3კ-ს-15) 18 სექტემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძემ
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განვიხილე ადვოკატ ბ. შ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მ. ლომიძის 2015 წლის 3 ივლისის №3ბ/554-14 განკარგულების (სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას წესრიგის დამრღვევი პირების დაჯარიმების შესახებ) თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
2015 წლის 3 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა (მოსამართლე - მერაბ ლომიძე) განიხილავდა ადმინისტრაციულ საქმეს - მ. ხ-ას სააპელაციო საჩივრისა გამო, მოწინააღმდეგე მხარის – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ არქიტექტურის სამსახურის, ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის მიმართ, მესამე პირები - შპს „...“, კ. ა-ე, თ. კ-ე, ბ. ქ-ე, გ. მ-ე, ს. ხ-ა (ტ. VII; ს.ფ. 111-128).
სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევისა და მოსამართლის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის გამო, აპელანტის - მ. ხ-ას წარმომადგენელი - ბ. შ-ი (პ/ნ ...) და სსიპ არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი - ო. ნ-ი სასამართლოს განკარგულებით დაჯარიმდნენ - 100-100 (ასი-ასი) ლარით (ტ. VII; ს.ფ. 124).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის განკარგულება მიღებულ იქნა 2015 წლის 3 ივლისს (ტ. VII; ს.ფ. 147-150). განკარგულების ასლი არაერთგზის გაგზავნის შემდეგ ბ. შ-ს 2015 წლის 31 ივლისს ჩაბარდა (ტ. VII; ს.ფ. 212).
აღნიშნული განკარგულება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა ადვოკატმა ბ. შ-მა და მისი, როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი განკარგულების გაუქმება მოითხოვა (ტ. VII; ს.ფ. 224-239). საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2015 წლის 17 სექტემბერს შემოვიდა.
გავეცანი წარმოდგენილ მასალებს, საჩივარს და მიმაჩნია, რომ ადვოკატ ბ. შ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განკარგულება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის თანახმად, მხარეები, წარმომადგენლები, მოწმეები, სპეციალისტები, თარჯიმნები, აგრეთვე სხდომის დარბაზში მყოფი ყველა მოქალაქე ვალდებულია დაიცვას დადგენილი წესი და უსიტყვოდ დაემორჩილოს მოსამართლეს. ამასთან, ამავე კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პროცესის მონაწილის ან/და სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების ან/და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. თუ გაძევებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს სასამართლოდან მის გაყვანას, ამასთანავე, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა ან პატიმრობა.
საქმის მასალებში წარმოდგენილი 2015 წლის 3 ივლისის სხდომის ოქმის ჩანაწერის მიხედვით, უდავოა ის ფაქტი, რომ აპელანტ მ. ხ-ას წარმომადგენლის - ა. მ-ის მიერ სიტყვით გამოსვლის დროს, აპელანტ - მ. ხ-ას წარმომადგენელმა - ბ. შ-მა ადგილზე წამოძახილებით და სსიპ არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელ - ო. ნ-თან ხმამაღალი შელაპარაკებით, დაარღვია სხდომის დარბაზში წესრიგი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მისი დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მ. ლომიძის 2015 წლის 3 ივლისის განკარგულება - ადვოკატ ბ. შ-ის 100 (ასი) ლარით დაჯარიმების შესახებ არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ვიხელმძღვანელე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3, მე-6 და მე-11 ნაწილებით
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. ადვოკატ ბ. შ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მ. ლომიძის 2015 წლის 3 ივლისის №3ბ/554-14 განკარგულება - (სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას წესრიგის დამრღვევი პირების დაჯარიმების შესახებ);
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე