Facebook Twitter

#ბს-638-631(3კს-15) 10 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ მ. ბ-ა

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

დავის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების დაკისრების კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 7 ნოემბერს მ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 6 ოქტომბრის №02/01-11/26774 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ასევე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ აქტების (გადაწყვეტილებების) ბათილად ცნობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, მ. ბ-ას ოჯახისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული #5 დანართით დადგენილი სოციალური კრიტერიუმის გათვალისწინებით ქულის მინიჭებისას დაბალი შემოსავლის მაჩვენებლით ქულის მინიჭება, საბოლოოდ, ოჯახის შეფასების მაჩვენებლად დაბალი შემოსავლის მაჩვენებლის 1 ქულით, სოციალური სიღარიბის კრიტერიუმში 3 ქულით განსაზღვრა და ქალაქ ფოთში, ... მდებარე ობიექტზე მ. ბ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის დავალება. ამასთან, მოსარჩელემ იშუამდგომლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად რ. ბ-ას, რუ. ბ-ას, ლ. ბ-ას, ლ. ნ-ის, თ. ბ-ას, ა. ბ-ასა და ე. ბ-ას ჩაბმის შესახებ.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 6 ოქტომბრის №02/01-11/26774 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქალაქ ფოთში, მალთაყვაში მდებარე ობიექტზე მ. ბ-ასა და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის დავალება, ასევე, მოსარჩელის მიერ გაწეული პროცესის ხარჯების - წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი ორი დოკუმენტის სანოტარო წესით გაფორმებისათვის 24 (12X2) ლარის, მგზავრობის ხარჯის - სულ 86 ლარის, საფოსტო მომსახურების ხარჯის - 6,4 (3,2X2) ლარის, ადვოკატის დახმარებისათვის 2000 ლარის ანაზღაურების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ რ. ბ-ა, რუ. ბ-ა, ლ. ბ-ა, ლ. ნ-ე, თ. ბ-ა, ა. ბ-ა და ე. ბ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 6 ოქტომბრის №02/01-11/26774 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ბ-ას ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მ. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გაწეული პროცესის ხარჯის ანაზღაურება 116,4 ლარის ოდენობით; ხოლო ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ. ბ-ას სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე- 2 პუნქტის გაუქმება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 6 ოქტომბრის 92/01-11/26774 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის გაუქმება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 2000 ლარის სრულად ანაზღაურება. აპელანტმა ასევე მოითხოვა სააპელაციო სასამართლოში ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 2400 ლარის ანაზღაურების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის დაკისრება მ. ბ-ას სასარგებლოდ.

სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 8 ივნისის №894 ბრძანება, რომლის თანახმად, ქ. ფოთში, .... N7-ში მდებარე, რეაბილიტირებულ შენობაში და …, ახალ დასახლებაში, … და … ქუჩებზე არსებულ კორპუსებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინებით უზრუნველყოფილ იქნენ დევნილთა ოჯახები თანდართული დანართის შესაბამისად. ბრძანებაზე დართული დანართის თანახმად, მ. ბ-ა ოჯახის წევრებთან ერთად - რ. ბ-ა, ლ. ბ-ა, თ. ბ-ა, რუ. ბ-ა, ლ. ნ-ე, ე. ბ-ა, ა. ბ-ა, დაკმაყოფილებულ იქნენ საცხოვრებელი ფართით ქ. ფოთში, … . აღნიშნულის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა იშუმადგომლა დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; მოცემული საქმის წარმოება შეწყდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მ. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა პროცესის ხარჯების ანაზღაურება 116,4 ლარის ოდენობით; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მ. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 6 ოქტომბრის №02/01-11/26774 ინდივიუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოხდებოდა მ. ბ-ასა და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ქალაქ ფოთში, … მდებარე ობიექტზე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე ცხადი იყო, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მდგომარეობდა იმაში, რომ მოსარჩელეს სურდა სარჩელის დაკმაყოფილების გზით მოეპოვებინა საცხოვრებელი ფართი ქ. ფოთში, … მდებარე შენობაში. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა მ. ბ-ასა და მისი ოჯახის წევრების გრძელვადიანი ფართით უზრუნველყოფა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 8 ივნისის №894 ბრძანება, რომლის თანახმად მ. ბ-ა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დაკმაყოფილებულ იქნა საცხოვრებელი ფართით, ქმნიდა ფაქტობრივ საფუძველს იმისათვის, რომ მ. ბ-ა და მისი ოჯახი მიჩნეულ ყოფილიყვნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილ პირებად, რასაც პროცესუალური შედეგის სახით უკავშირდებოდა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ დავის საგნის არარსებობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუქტის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის აბსოლუტური საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პროცესის ხარჯები უნდა გადანაწილებულიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, რომლის მიხედვით, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის, გამო რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურებას.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული იყო შემდეგი ხარჯი: წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი ორი დოკუმენტის სანოტარო წესით გაფორმებისას 24 (12X2) ლარი, მგზავრობაზე - 86 ლარი, საფოსტო მომსახურებაზე - 6,4 (3,2X2) ლარი, ანუ ჯამში 116,4 ლარი. აღნიშნული თანხის ანაზღაურება სრულად უნდა დაკისრებოდა მოპასუხე მხარეს მოსარჩელე მ. ბ-ას სასარგებლოდ.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ასევე უნდა ანაზღაურებოდა ადვოკატის დახმარებისათვის როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე სააპელაციო სასამართლოში გაწეული ხარჯი, რადგან დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე ორივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სარგებლობდა ადვოკატის მომსახურებით. სააპლაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, ადვოკატის მომსახურებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის 500-500 ლარის (სულ 1000 ლარი) ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინება კერძო საჩივრთ გაასაჩივრა მ. ბ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა იშუამდგომლა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენითა და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განხილვის, ხოლო კერძო საჩივრის მხარეთა მონაწილეობის გარეშე განხილვის დადგენის შემთხვევაში, განხილვის თარიღზე მისი ავტორის ან/და მისი წარმომადგენლის ინფორმირებისა და კერძო საჩივრის საკასაციო სასამართლოში განხილვის გამო სამინისტროსათვის ადვოკატის ხარჯის - 2400 ლარის დაკისრების თაობაზე.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება, ხოლო სააპელაციო პალატამ მოპასუხის მხრიდან მხოლოდ ახალი აქტის გამოცემის საფუძვლით შეწყვიტა საქმის წარმოება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აქტის ბათილად ცნობის ნაწილშიც გააუქმა. მოსარჩელე მხარეს კი, გააჩნდა ინტერესი აქტის ბათილად ცნობის მიმართ, რადგან მოსარჩელეს მოპასუხის უკანონო მოქმედებით მიადგა ზიანი.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება მასზე, რომ მოპასუხემ დავის მიმდინარეობის პროცესში გამოსცა აქტი მოსარჩელის ბინით უზრუნველყოფის შესახებ, დაუსაბუთებელი იყო, რადგან საქმეში არსებული მინისტრის ბრძანების ქსერო ასლით და მასზე დართული დანართებით ეს არ დგინდებოდა. იმ პირობებში, მოსარჩელისა და მესამე პირების წინაშე მოპასუხეს ბრძანებით გათვალისწინებული რეალური მოქმედებები არ განუხორციელებია, დაუშვებელი იყო დავის გადაწყვეტა დავის საგნის არარსებობის პროცესუალური საფუძვლით. დანართით არ ვლინდებოდა ამ დანართის წარმომავლობა, რომელი დოკუმენტის დანართ ცხრილს წარმოადგენდა იგი. მინისტრის ბრძანების ასლისა და მისი დანართების ავთენტურობა სადავოდ გახადა აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, მაგრამ აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ მას მტკიცებულების ძალა მიანიჭა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, დავის საგნის არარსებობის საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მსჯელობა დაუსაბუთებელი იყო ასევე იმის გამო, რომ მხოლოდ მინისტრის ბრძანების გამოცემა საკმარისი არ იყო. თუ ამ ბრძანების მიზნების აღსრულება შეუძლებელი იქნებოდა, მიზნის მიუღწევადი, არააღსრულებადი აქტის გამოცემა ვერ ჩაითვლებოდა აქტის გამოცემად. მოპასუხეს სანივთო უფლების გადაცემა აქტის გამოცემით უნდა განეხორციელებინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის სახელზე უძრავი ქონების გადაცემით. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით კი, მოსარჩელე ვერ შეძლებდა სანივთო უფლების თვითონ მოპოვებას.

კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებლად მიიჩნია ასევე ადვოკატის მომსახურების ხარჯების ნაწილშიც. იმ პირობებში როდესაც საქმეზე განხორციელდა მიღწევადი მიზნის მქონე მოთხოვნების დაყენება, სრულიად უსამართლოა და საადვოკატო ბაზარზე არსებულ ფასებს არ შეესაბამება ის მოცულობა, რაც დაადგინა სააპელაციო სასამართლომ. სააპელაციო სასამართლომ არ გადაწყვიტა სააპელაციო ინსტანციაში აპელანტის მიერ დაყენებული სხვა საპროცესო ხარჯების საკითხი და მასზე გადაწყვეტილება არ მიუღია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინება მ. ბ-ას სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 1000 ლარის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის გაუქმება და აპელანტისათვის ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განმარტებით, აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ადვოკატისათვის თანხის გადახდის ფაქტს და ამ თანხის ოდენობას. არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომ ასეთის გადახდა სამომავლოდ მაინც უნდა მომხდარიყო.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად (საქმის განხილვის დროს მოქმედი რედაქცია) თუ მხარე გადახდისუუნაროა და საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, ამ საქმის განხილვაში ადვოკატის მონაწილეობა მიზანშეწონილია, სასამართლოს უფლება აქვს, აღნიშნული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 231-ე მუხლით დადგენილ ფარგლებში დანიშნოს ადვოკატი სახელმწიფო ხარჯზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

2015 წლის 8 სექტემბერს მ. ბ-ამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2015 წლის 22 ივლისის განჩინების განმარტებასთან დაკავშირებით. მ. ბ-ამ მოითხოვა სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად განმარტებულიყო, სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა მ. ბ-ასთან მიმართებაში, თუ ის გაუქმდა მხარის უფლებით აღჭურვილი აუცილებელი მოწვევის მესამე პირების მიმართაც (რომლებსაც არ გაუსაჩივრებიათ სააპელაციო წესით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 სექტემბრის განჩინებით მ. ბ-ას შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ბ-ამ, რომელმაც აღნიშნული განჩინების სრულად გაუქმება და საქმის განმხილველი სააპელაციო პალატის შემადგენლობისათვის ამავე შუამდგომლობის განხილვის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა იშუამდგომლა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენისა და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განხილვის, ხოლო კერძო საჩივრის მხარეთა მონაწილეობის გარეშე განხილვის დადგენის შემთხვევაში, განხილვის თარიღზე მისი ავტორის ან/და მისი წარმომადგენლის ინფორმირებისა და კერძო საჩივრის საკასაციო სასამართლოში განხილვის გამო სამინისტროსათვის ადვოკატის ხარჯის - 2400 ლარის დაკისრების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მ. ბ-ასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კერძო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა მათი ზეპირი მოსმენით განხილვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის სხდომაზე დადგინდა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მ. ბ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 6 ოქტომბრის №02/01-11/26774 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ბ-ას ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მ. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გაწეული პროცესის ხარჯის ანაზღაურება 116,4 ლარის ოდენობით; ხოლო ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

თბილისი საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ. ბ-ას სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გაუქმება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 6 ოქტომბრის 92/01-11/26774 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის გაუქმება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 2000 ლარის სრულად ანაზღაურება. აპელანტმა ასევე მოითხოვა სააპელაციო სასამართლოში ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 2400 ლარის ანაზღაურების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის დაკისრება მ. ბ-ას სასარგებლოდ.

სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა წარადგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 8 იანვრის №894 ბრძანება დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც დადგინდა ქ. ფოთში, ... N7-ში მდებარე რეაბილიტირებულ შენობაში და …, ახალ დასახლებაში, ... და ... ქუჩებზე არსებულ კორპუსებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინებით დევნილთა ოჯახების უზრუნველყოფა თანდართული დანართის შესაბამისად. ამავე ბრძანებით დევნილთა საკითხების დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი ცვლილებების შეტანა მონაცემთა ბაზაში და დევნილთა ოჯახების განსახლების განხორციელება. წარდგენილი დანართის თანახმად, მ. ბ-ა ოჯახის წევრებთან ერთად დაკმაყოფილებულ იქნა ქ. ფოთში, ..., ... ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართით.

აღნიშნულის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინებით მოცემული საქმის წარმოება შეწყდა დავის საგნის არარსებობის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის„ა1 ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად არსებითად სწორი განჩინება მიიღო, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 6 ოქტომბრის 92/01-11/26774 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც მ. ბ-ასა და მისი ოჯახის წევრებს უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართის გამოყოფაზე და სამინისტროსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება მ. ბ-ასა და მისი ოჯახის საცხოვრებელით უზრუნველყოფის შესახებ.

სარჩელის მითითბული ორი სახე - შეცილებითი და მავალდებულებელი, არის უფლების დაცვის ალტერნატიული საშუალებები. სარჩელის სახეობის შერჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მიზანს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების მოთხოვნის მიზანია აღმოფხვრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დამდგარი მდგომარეობა ანუ აღდგეს აქტის გამოცემამდე არსებული მდგომარეობა. ამის საპირისპიროდ, თუკი მოსარჩელის მიზანია არსებული მდგომარეობის შეცვლა და მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობის მიღწევა, სარჩელის დასაშვები სახეობაა – სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. ასეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის შემთხვევაშიც სარჩელის მიზანი არის არა აქტის გამოცემაზე უარის გაუქმება, არამედ აქტის გამოცემა. მოთხოვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმისას, აქტის გამოცემის მოთხოვნა, საერთო წესის თანახმად, იმავდროულად მოიცავს უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასაც, უკეთუ შეუძლებელია აქტის გამოცემის დავალება ადმინისტრაციული ორგანოს იმ აქტის ბათილად გამოცხადების გარეშე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე. ამასთანავე, აღნიშნული არ გამორიცხავს ზოგიერთ შემთხვევაში, უარის თქმის შესახებ აქტის გაუქმების მოთხოვნის გარეშეც ადმინისტრაციული ორგანოსათვის აქტის გამოცემის დავალების შესაძლებლობას. აღნიშნულს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს იმ შემთხვევაში, როდესაც თვით უარის თქმის შესახებ აქტის დამოუკიდებლად არსებობა ან არარსებობა მოსარჩელის მიმართ არსებით შედეგს არ იწვევს და მისთვის მნიშვნელოვანია მოთხოვნილი აქტის გამოცემა. ასეთ შემთხვევაში უარის თქმის შესახებ აქტი გამოიყენება მხოლოდ როგორც სასკ-ის 23-ე მუხლით დადგენილი დასაშვებობის წინაპირობა, ვინაიდან, სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის შასაბამისად, ამ სასარჩელო მოთხოვნის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს დაინტერესებული პირისათვის მოთხოვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უარის თქმა.

წარმოდგენილი შეცილებითი და მავალდებულებელი სარჩელის მიზანს სწორედ საცხოვრებელით უზრუნველყოფა წარმოადგენდა, რაც მიღწეულ იქნა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტი მოგვარდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2015 წლის 8 იანვრის №894 ბრძანების გამოცემით.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 8 იანვრის №894 ბრძანების შესაბამისად რეალური ქმედებები სამინისტროს მხრიდან არ განხორციელებულა, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მ. ბ-ასთან 2015 წლის 8 აპრილს გაფორმდა საცხოვრებელი ფართის მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ გამოიცა განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ.

პროცესის ხარჯების, კერძოდ, ადვოკატის ხარჯის დაკისრების თაობაზე კერძო საჩივართა საფუძვლიანობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები განეკუთვნება სასამართლოს გარეშე ხარჯებს, თუმცა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მ. ბ-ას მიერ აღნიშნული ხარჯი იქნა გაღებული, საქმის მასალებში არ მოიპოვება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების არგუმენტაციას, რამდენადაც სასამართლოს გარეშე ხარჯების ოდენობა განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული დანახარჯებით, რომელიც დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს მხარის მიერ გაღებული ხარჯი. მოცემულ შემთხვევაში, კი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ. ბ-ას მიერ ხარჯის გაღების ფაქტს, საქმეში არ არსებობს.

შესაბამისად, მ. ბ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 ნაწილი, რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მ. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოში ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ბ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი მ. ბ-ას სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის დაკისრების შესახებ;

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე