საქმე #ბს-684-676(კს-15) 17 დეკემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ თ. ფ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მესამე პირი - რ. ა-ე
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 20 იანვარს თ. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს მოპასუხე გონიოს თემის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტების შეცვლა, გონიოს თემის საკრებულოსათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების ჯეროვნად შეუსრულებლობისათვის მატერიალური (5000ლ) და მორალური (2000ლ) ზიანის ანაზღაურება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 თებერვლის განჩინებით თ. ფ-ის სარჩელი არ იქნა დაშვებული და შეწყდა საქმის წარმოება.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ფ-ის წარმომადგენელმა გ. გ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით თ. ფ-ის წარმომადგენლის გ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 თებერვლის განჩინება და თ. ფ-ის სარჩელი არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება რ. ა-ე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ფ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის განჩინებით თ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინებით თ. ფ-ის განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ფ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივლისის განჩინებით თ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება; თ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რ. ა-ის სახელზე გაცემული 1994 წლის 2 ივლისის #22/9-2 მიწის მიღება-ჩაბარების აქტი. გაუქმდა საჯარო რეესტრში რ. ა-ის სახელზე 2006 წლის 1 აგვისტოს განხორციელებული ჩანაწერი 1200 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ, ხოლო დანარჩენ ნაწილში თ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ა-ემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც თ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინებით რ. ა-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ, მიწის მიღება-ჩაბარების აქტის გამოცემის წელში და ნომერში. ასევე მოითხოვა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2012 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და აღწერილობით და სარეზოლუციო ნაწილებში აღნიშნული 1994 წლის 2 ივლისის #22/9-2 მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ნაცვლად მიეთითა 1999 წლის 2 ივლისის #22/9-2 მიწის მიღება-ჩაბარების აქტი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2015 წლის 24 ივნისს თ. ფ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება მისი სარჩელის არ დაკმაყოფილების ნაწილში და საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებლის განმარტებით, ამჟამად მის მიერ მოძიებულ იქნა 2015 წლის 18 მაისის #AA2015034886-04 საარქივო ცნობა, რომლითაც ირკვევა, რომ როგორც პირველი რიგის გამოყოფილ კომლს, სიის მიხედვით გამოეყო მიწის ნაკვეთი მამისეული საკარმიდამო მომიჯნავე ტერიტორიასთან და იგი დარეგისტრირდა საკომლო წიგნში, რის შემდეგ გახდა მისი საკუთრებაც, რომელსაც ამუშავებდა, თუმცა არ მოუხდენია მისი რეგისტრაცია. განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნული ცნობა ადასტურებს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას და მოითხოვა საარქივო ცნობის საფუძველზე სასამართლომ აღუდგინოს საკომლო წიგნში ადრინდელი მისი საკუთრების მონაცემები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 სექტემბრის განჩინებით თ. ფ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტმბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ - არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე და 423-ე მუხლებზე და განმარტა, რომ თ. ფ-ის განცხადებაზე დართული 2015 წლის 18 მაისის #AA2015034886-04 საარქივო ცნობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ახლად აღმოჩენილ გარემოებად. აღნიშნული დოკუმენტი გაცემულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ და არ ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რაც საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო ცნობილი სასამართლოსათვის - განმცხადებლის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებდა. სასამართლოს განმარტებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევა მტკიცებულება, რომელიც არსებობდა საქმის განხილვის დროს და ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელი იყო მისი წარდგენა სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონი მხოლოდ გამონაკლისის სახით უშვებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (განჩინებით) დამთავრებული საქმის წარმოების განახლებას და ამომწურავად განსაზღვრავს მის საფუძვლებსა და წინაპირობებს. დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება ისეთი მტკიცებულებებისა და გარემოებების საფუძველზე, რომელზედაც მხარე უთითებდა საქმის განხილვის დროს, მაგრამ შესაძლოა, შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი სრულფასოვნად ვერ განახორციელა საპროცესო მექანიზმების გამოუყენებლობის ან სხვა მიზეზის გამო და ვერ დაადასტურა გარემოებები, რომლებზედაც ამყარებდა სარჩელს ან შესაგებელს, ხოლო საქმის განხილვის დასრულების შემდეგ შეიქმნა ისეთი ახალი მტკიცებულება, რომელიც ამყარებს მის პოზიციას. ამგვარი საფუძვლით საქმის წარმოების განახლებას კანონი არ ითვალისწინებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოების განახლება შესაძლებელი იქნებოდა ნებისმიერ საქმეზე და არა მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევაში, როგორც ეს მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, რის გამოც თ. ფ-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ფ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი განცხადების დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. ფ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 სექტემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
სსსკ-ის 423.1 მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი არსებობს, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. 423.3 მუხლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მითითებული საფუძვლით დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სსსკ-ის 264-265-ე მუხლების შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას ან შეცვლას ახალი გარემოებების წარმოშობის პირობებში. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა უშვებს არა ყოველი ახალი გარემოების ან მტკიცებულების შეტყობის პირობებში საქმის ხელახლა გადასინჯვის შესაძლებლობას, არამედ მხოლოდ ისეთი გარემოებები შეიძლება დაედოს საფუძვლად დასრულებული საქმის წარმოების განახლებას, რომლებიც მხარისათვის მისი ბრალის გარეშე არ იყო ცნობილი საქმის წარმოების პროცესში და ამასთან, აღნიშნული გარემოებები ან მტკიცებულებები ხელსაყრელი გადაწყვეტილების დადგენას გამოიწვევდა.
განსახილველ შემთხვევაში, თ. ფ-ე საქმის წარმოების განახლებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ 2015 წლის 18 მაისის #AA2015034886-04 საარქივო ცნობის შესაბამისად, მას როგორც პირველი რიგის გამოყოფილ კომლს, სიის მიხედვით გამოეყო მიწის ნაკვეთი მამისეული საკარმიდამო მომიჯნავე ტერიტორიასთან და იგი დარეგისტრირდა საკომლო წიგნში, აღნიშნული ცნობით, ირკვევა, რომ 1997-2006 წლებში თ. ხ. ძე ფ-ე არის ოჯახის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ფ-ე თ. ხ. ძე - ოჯახის უფროსი; 2. ფ-ე დ. თ. ასული - შვილი; 3. ფ-ე ი. თ. ძე - შვილი.., კომლის მიწის ფართობის გრაფა შევსებული არ არის... მიწის ფართობის გრაფაში არსებული ჩანაწერი (რომელიც არ იკითხება) გადაშლილია თეთრი კორექტორით იკითხება მხოლოდ ლუპის საშუალებით შემდეგი სიტყვები ,,გონის ... გამგეობის სხდომის ოქმი #1“, ბეჭედდასმულია, გვერდზე მიწერილი შეცდომით იყო შეტანილი 2005 წელი მ. ბ-ე“.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების პირობას წარმოადგენს ფაქტის სიახლე, ამასთანავე საუბარია არა უბრალოდ ახალ, არამედ ახლადაღმოჩენილ გარემოებაზე, ე.ი. ისეთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, რომელიც საქმის განხილვის დროს არსებობდა, მაგრამ არ იყო ცნობილი და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ცნობილი განმცხადებლისათვის და სასამართლოსათვის, მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებასა და მტკიცებულებაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, ზემოაღნიშნული ცნობის არქივიდან გამოთხოვა თ. ფ-ეს შეეძლო ასევე მისი სარჩელის განხილვის ეტაპზეც და აქვე განმარტავს, რომ აღნიშნული ცნობა, რომც ყოფილიყო ცნობილი საქმის განხილვის დროს არ განაპირობებდა მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დასტურდება თ. ფ-ეს 0,12 ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერებით არ დგინდებოდა თ. ფ-ის კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ოდენობა, ვინაიდან ჩანაწერი იყო გადაშლილი (იხ. ს.ფ. 102-113; ტ.3), 2015 წლის 18 მაისის #AA2015034886-04 საარქივო ცნობაშიც, რომლის საფუძველზეც კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) ითხოვს საქმის წარმოების განახლებას, მითითებულია, ანალოგიური, კერძოდ: ,,1997-2006 წლებში თ. ხ. ძე ფ-ე არის ოჯახის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ფ-ე თ. ხ. ძე - ოჯახის უფროსი; 2. ფ-ე დ. თ. ასული - შვილი; 3. ფ-ე ი. თ. ძე - შვილი.., კომლის მიწის ფართობის გრაფა შევსებული არ არის... მიწის ფართობის გრაფაში არსებული ჩანაწერი (რომელიც არ იკითხება) გადაშლილია თეთრი კორექტორით იკითხება მხოლოდ ლუპის საშუალებით შემდეგი სიტყვები ,,გონის ... გამგეობის სხდომის ოქმი #1“, ბეჭედდასმულია, გვერდზე მიწერილის შეცდომით იყო შეტანილი 2005 წელი მ. ბ-ე“ როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. სსკ-ის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის განახლება დასაშვებია,თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. კონკრეტულ შემთხვევაში კი, როგორც აღვნიშნეთ თ. ფ-ეს ცნობა არქივიდან შეეძლო გამოეთხოვა საქმის განხილვის დროსაც, თუმცა საქმეში იყო საკომლო წიგნის ჩანაწერი, რომლის შესაბამისადაც იყო შედგენილი 2015 წლის 18 მაისის #AA2015034886-04 საარქივო ცნობა.
მდენად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის წარმოების განახლების პროცედურის ფარგლებს სცილდება საქმეში დაცული და სასამართლოსათვის ცნობილი მტკიცებულებების ხელახალი განხილვა-შეფასება, კანონმდებლობის ნორმების გამოყენების სისწორის, საკასაციო პალატის მითითების შესრულების სისრულის გადამოწმება, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს საზედამხედველო წარმოებას, ამასთანავე საპროცესო კანონმდებლობა შეიცავს იმ გარემოებათა ამომწურავ ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას, ამ გარემოებათა წრის გაფართოება არ დაიშვება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს თ. ფ-ის კერძო საჩივარის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე: ლევან მურუსიძე
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი