კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-844-836(კს-15) 28 დეკემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა თ. ა-ას კერძო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის დადგენილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 6 ოქტომბერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველომ მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე თ. ა-ას მიმართ 2015 წლის 27 სექტემბერს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №18609 ოქმის განხილვის თაობაზე.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის (მარნეულის მუნიციპალიტეტში) 2015 წლის 28 ოქტომბრის დადგენილებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად თ. ა-ა ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციულ სახდელად შეეფარდა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.
მაგისტრატი მოსამართლის დადგენილება სააპელაციო სასამართლოში საჩივრით გაასაჩივრა თ. ა-ამ, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2015 წლის 28 ოქტომბრის დადგენილების გაუქმება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით თ. ა-ას საჩივარი დარჩა განუხილველი გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.
სააპელაციო სასამართლოს დადგენილება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ა-ამ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის დადგენილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ა-ას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კანონმდებელმა ახლებურად დაარეგულირა სასამართლოთა კომპეტენცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვასთან დაკავშირებით.
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მაგისტრატი მოსამართლეები განიხილავენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. ამავე მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლეები განიხილავენ ასევე სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
ამდენად, კანონმდებელმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხის განხილვა დაუქვემდებარა სასამართლოთა მიერ არა სამართალწარმოების, არამედ ადმინისტრაციული წარმოების წესით განხილვას და მიუთითა ამ კატეგორიის დავათა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განხილვაზე.
მოცემულ შემთხვევაში თ. ა-ას მიმართ მაგისტრატი მოსამართლის მიერ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სახდელის ფორმა - ჯარიმა გამოყენებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმად, ნადირობა იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით, რომლით ნადირობაც აკრძალულია (გარდა ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-14 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შესაძლებლობას განსაზღვრავს სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლი, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც არის გამოტანილი დადგენილება, დაზარალებულმა ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო დადგენილება.
ამდენად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სახდელის შეფარდების შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება გასაჩივრებას ექვემდებარება მხოლოდ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ტიპის დავებზე საბოლოოა და არ ექვემდებარება საკასაციო წესით გასაჩივრებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ა-ას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, რამდენადაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების საკითხის გადასინჯვა, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით განუხილველად დარჩა რა თ. ა-ას საჩივარი გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, სწორად განიმარტა, რომ მითითებული დადგენილება იყო საბოლოო და არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილ რეგულაციას არ ცვლის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის ზოგადი დანაწესი, რომლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვების შემთხვევაში საქმის წარმოება მთავრდება სასამართლო განჩინებით, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, მით უფრო, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეები სასამართლოში იხილება არა სამართალწარმოებით, არამედ ადმინისტრაციული წარმოებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რომლის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების ერთჯერადად სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინება არ ექვემდებარება კერძო საჩივრით საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებას, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო წარმოადგენს ბოლო ინსტანციის სასამართლოს, შესაბამისად, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გადასინჯვას. ამ ტიპის დავებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოს იურისდიქცია არ ვრცელდება მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული დადგენილებით განუხილველად დარჩა თ. ა-ას საჩივარი მარნეულის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2015 წლის 28 ოქტომბრის დადგენილების გაუქმების თაობაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს თ. ა-ას საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ა-ას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი, რამდენადაც არ არსებობს მისი განსახილველად დაშვების პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ა-ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი